Accessibility links

logo-print

პარლამენტარები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას წინასწარმეტყველებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ შევარდნაძის ოპტიმიზმისგან განსხვავებით, ქართველი პარლამენტარები მომავალთან დაკავშირებით ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ და არ გამორიცხავენ რუსეთთან ისედაც გართულებული

ურთიერთობის კიდევ უფრო დამძიმებას. საინტერესოა ისიც, რომ, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, პარლამენტარები რუსეთთან ურთიერთობის განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ და, შესაბამისად, მდგომარეობის გამოსწორების განსხვავებულ ვარიანტებზე საუბრობენ. რა პროგნოზს აკეთებენ პარლამენტარები?

მოგეხსენებათ, ეს კვირა სასესიო არ გახლავთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტსა და რუსეთის დუმას შორის დროებითი ტაიმ-აუტი გამოცხადდა, თუმცა, ქართველი კანონმდებლების ვარაუდით, მათ კიდევ არაერთხელ მოუწევთ რეაგირება რუსეთის აგრესიულ განცხადებებსა და ქმედებებზე. მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ:
[გიგი წერეთლის ხმა] “ ჩემი პროგნოზით, ძალიან დიდი იყო აშშ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადეობისა, მაგრამ არა მგონია, ეს იყოს გადამწყვეტი რუსეთისთვის.”
ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყელამაძე ასევე ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არ მოგვარდება მანამ, სანამ დღის წესრიგიდან არ მოიხსნება ის პრობლემები, რაც ორი მეზობელი სახელმწიფოს დამოკიდებულებას არაცივილიზებულ ხასიათს აძლევს.
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] “საქართველო როდესაც აცხადებს, პანკისის საკითხი ჩვენი მოსაგვარებელია და ჩვენ უნდა მოვაგვაროთო, უნდა მოვაგვაროთ კიდეც. არ უნდა იყოს ამის მოგვარება მოჩვენებითი. მე მეჩვენება, რომ მოჩვენებითია. მე – აქ მაცხოვრებელ და აქ მოღვაწე პიროვნებას და, წარმოიდგინეთ, სხვა ქვეყნიდან როგორ ჩანს...ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და პანკისის პრობლემა მოგვარდეს.”
ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე პანკისის პრობლემას რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიული პოლიტიკის მხოლოდ საბაბად მიიჩნევს. მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი, მისი აზრით, ის არის, რომ რუსეთი თავის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროდან კარგავს საქართველოს, რაც მომავალში მთელ სამხრეთ კავკასიაზე გავლენის დაკარგვას ნიშნავს. ამავე დროს, იგი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის განცხადება ჩეჩნეთის მოუგვარებელი კონფლიქტიდან რუსეთის საზოგადოების ყურადღების სხვაგან გადატანასაც ისახავდა მიზნად. ასეა თუ ისე, ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთის ფედერაციაში, აუცილებლად მიაჩნია ეფექტური პოლიტიკის გატარება რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად.
[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] “ მე მგონია, ახლა, როგორც არასდროს, ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და, სხვათა შორის, რუსეთშიც. ყველაფრის მიუხედავად, მაინც არის პოტენციალი და რეზერვი, მოიძებნოს შესაძლებლობები ახალი მოდელების შესაქმნელად. ამის გარდა, მნიშვნელოვანია თავად ქვეყნის საშინაო პოლიტიკა. თუ ცალკეულმა პარტიებმა, ლიდერებმა ვითარება გამოიყენეს ხელისუფლებასთან ანგარიშსწორების იარაღად, ეს ცუდი იქნება.”
ასევე ფიქრობს ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, რომლის აზრითაც, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის თემა, მართლაც, შესაძლოა, აქტუალური იყოს საქართველოსთვის:
[გიგი წერეთლის ხმა] “მე მხედველობაში მაქვს თუნდაც სახელისუფლებო ცვლილებები და ა.შ. ეს არის ერთი თემა და საქართველოს სინამდვილეში გარკვეული და სერიოზული ცვლილებები მთავრობასა და ხელისუფლებაში კარგის მომტანი უნდა იყოს. მაგრამ როდესაც ეს რუსული ბერკეტების საშუალებით ხორციელდება, მე აქ უფრო მეტ საფრთხეს ვხედავ.”
ნიშნავს თუ არა ეს, რომ უახლოეს ხანში ხელისუფლების გადაყენების საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში, რაკი ეს თავისთავად გაიგივდება რუსეთის გეგმის აღსრულებასთან – ჯერჯერობით ნათელი არ არის. თუმცა, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკოსები კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევიან, მაინც სავარაუდოა, რომ შემოდგომაზე მორიგი სახელისუფლებო კრიზისის მომსწრენი გავხდეთ.
XS
SM
MD
LG