Accessibility links

logo-print

ქართველი მწყემსები რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 16 სექტემბერს, მოულოდნელად გაირკვა, რომ 22 და 23 აგვისტოს ორი ქართველი მწყემსი, ილია მოზაიძე და დავით გიგოიძე, რუს მესაზღვრეებს შეუპყრიათ და რამდენიმე დღის მანძილზე

პატიმრობაში ჰყავდათ. საბოლოოდ, ორივე მწყემსი 5 სექტემბერს გაათავისუფლეს და საქართველოში დააბრუნეს. თბილისს მათ მხოლოდ ათი დღის შემდეგ მიაშურეს და არჩიეს, თავიანთი ამბავი პირდაპირ საზოგადოებისთვის ეცნობებინათ.

22 აგვისტოს ილია მოზაიძე მთათუშეთში ცხვარს აძოვებდა. დღის 2 საათზე მას თავს დაესხნენ რუსი მესაზღვრეები, შეიპყრეს და გაიტაცეს, როგორც განუცხადეს, საზღვრის დარღვევის გამო. სასაზღვრო პუნქტში მიყვანისას კი წაუყენეს პრეტენზია, რომ ქართველი მეცხვარეები თავიანთ ბინაში ერთი კვირის მანძილზე აცხოვრებდნენ ჩეჩენ მებრძოლებს, ხოლო შემდეგ უზრუნველყვეს მათი საზღვარზე ფარულად გადაყვანა ცხენებით და იარაღის გადაზიდვა. ილია მოზაიძე სარდაფში ჩააგდეს და, როგორც თვითონ ამბობს, 10 დღე ამყოფეს იქ. 23 აგვისტოს 6 რუსმა მესაზღვრემ თითქმის იმავე ადგილას შეიპყრო მოზაიძის საძებრად მისული მწყემსი დავით გიგოიძე და მალე ისიც დაკარგული მოზაიძის გვერდით აღმოჩნდა. ორივე მწყემსი აცხადებს, რომ ჩეჩენი მებრძოლები საერთოდ არ უნახავთ და რუსები მათი აყვანისას საქართველოს ტეროტორიაზე 400-500 მეტრით იყვნენ შემოჭრილნი. სადაც ცხვარს აძოვებენ, იქვე სასაზღვრო-საგუშაგო პუნქტია და განთავსებულნი არიან ეუთოს დამკვირვებლები. ილია მოზაიძემ განაცხადა, რომ 10 დღის მანძილზე უაღრესად მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ [მოზაიძის ხმა]: “არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევდნენ, არ გვეუბნებოდნენ, რა უფლებები გვქონდა, ზედიზედ ორი დღე იქაური ოფიცრები დაკითხვებს გვიწყობდნენ, ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როცა ვერავითარი პასუხი ჩვენგან ვერ მიიღეს, დაიწყეს შემოთავაზება. თქვენ, ალბათ, იცით, რომ მანამდე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა ჩვენი ერთი მეცხვარე, თელიძე. არ ვიცი, ჩეჩენ ბოევიკებზე მან საიდან რა ინფორმაცია გადაუტანა, მაგრამ რუსები გვეუბნებოდნენ: თუ თქვენც გაიმეორებთ იმას, რაც თელიძემ გააკეთა, გექნებათ საცხოვრებელი პირობები მოსკოვში, გარანტირებული უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, არც ერთს არ წარმოუდგენია თავისი ვინაობა”.

დავით გიგოიძემ დასძინა, რომ რუსებმა მათი დახვრეტის იმიტაციაც გაითამაშეს: კედელთან მიაყენეს, თვალები აუხვიეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ავტომატებს აჩხაკუნებდნენ. მაგრამ მწყემსებს არავითარი ინფორმაციის მიცემა არ შეეძლოთ. 10-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ რუსმა მესაზღვრეებმა ილია მოზაიძესა და დავით გიგოიძეს თანამშრომლობა შესთავაზეს და ინფორმაციის გადასაცემად შეხვედრის დროდ სექტემბრის მიწურული დათქვეს. მწყემსები დათანხმდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ სხვაგვარად მათ არავინ გაათავისუფლებდა. 5 სექტემბერს ისინი ვლადიკავკაზში ჩაიყვანეს, ხოლო იქიდან საქართველოში გამოამგზავრეს. ამასთან, საზღვარზე წარსადგენ დოკუმენტაციაში ჩაუწერეს, რომ, კანონის თანახმად, მოზაიძე და გიგოიძე 48 საათის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული.

ფაქტის დასადასტურებლად მე დავუკავშირდი რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალურ სამსახურს, რომლის წარმომადგენელმაც, სერგეი ივანჩენკომ, უარყო ქართველი მწყემსების დაკავება. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სამმართველოს პრესსამსახურის უფროსმა სერგეი ლივანცოვმა კი აი, რა განმიცხადა [ლივანცოვის ხმა]: “ჩვენ დავაკავეთ რამდენიმე მწყემსი და დაახლოებით ერთი კვირის წინ, ადრე დაკავებულ სამ ქართველ მესაზღვრესთან ერთად, გადავეცით საქართველოს. ოღონდ ახლა არ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, ეს ის მწყემსები არიან თუ არა, რომელთა შესახებ ჩვენ ვლაპარაკობთ.”

სხვა ყველაფერში მოსკოვსა და სტავროპოლში განთავსებული უწყებების პრესსამსახურთა ხელმძღვანელები თანხმდებიან: რუს მესაზღვრეებს არ დაუფიქსირებიათ ჩეჩენ ბოევიკთა მიერ ბოლო ერთი თვის მანძილზე საზღვრის დარღვევა და სასაზღვრო ძალებს არა აქვთ უფლება, ითანამშრომლონ საქართველოს მოსახლეობასთან ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუმცა ქართველი მწყემსები, ილია მოზაიძე და დავით გიგოიძე, ამბობენ: რუს მესაზღვრეებს შეიძლება მართლა ჰგონიათ, რომ თავიანთ ინფორმატორებად გვაქციესო.
XS
SM
MD
LG