Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა მოსაზრებები პრეზიდენტ პუტინის განცხადების გარშემო


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი სავსებით გასაგებია ის აჟიოტაჟი, რომელიც წინა კვირაში პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია რუსეთის პოლიტიკურ წრეებში.

პოლიტიკოსები არა მხოლოდ აანალიზებენ პრეზიდენტის პოზიციას, არამედ ვარაუდებსაც გამოთქვამენ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის ვიაჩესლავ იგრუნოვის თქმით, “რასაკვირველია, საქართველოსთან ურთიერთობის გართულება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ არავინ ელოდა რუსეთის პრეზიდენტის ესოდენ მკაცრ და მძაფრ განცხადებებს”.
13 სექტემბრის გაზეთ “ვრემია მნ-ის” წერილში დეპუტატი ამბობს, რომ, “პრეზიდენტთან დაახლოებულ პოლიტიკოსთა ვიწრო წრის გარდა, არავინ იცის, თუ როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები”.

თუმცა, როგორც წერილშია ნათქვამი, პრეზიდენტის განცხადებას მოქმედებაც მოჰყვება, რასაც, ავტორის თქმით, “თუნდაც ბელორუსიული სცენარით მოვლენების განვითარება ცხადყოფს: პუტინის განცხადების შემდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაზე უფრო მკაცრი განცხადებები გაკეთდა, სადღეისოდ კი რუსეთ-ბელორუსიის დაახლოების პროცესის დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად მცირდება”.

ვიაჩესლავ იგრუნოვი კიდევ ერთ გარემოებას აღნიშნავს. მისი აზრით, “ერაყი და საქართველო უდიდეს სახელმწიფოთა დაპირისპირების საგნად იქცევიან. თუ აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთის და საქართველოს თაობაზე, რუსეთი კი თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხეზე საუბრობს, ერაყთან დაკაშირებით პირიქით ხდება. ამერიკა ამბობს, რომ ერაყი მის ინტერესებს ემუქრება, რუსეთი კი შეერთებული შტატების ნაჩქარევი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოდის”.

დეპუტატის თქმით, “ერაყის გარშემო დაძაბულობის ზრდა, რაც რუსეთისათვის რეალური დანაკარგის მომტანია, საქართველოში მდგომარეობის დაძაბვის ერთგვარ პროვოცირებას ახდენს.
საქართველო, გარკვეული აზრით, ერაყთან დაკავშირებული დაპირისპირების მსხვერპლია”.

“არც ერთი პოლიტიკოსი არ იტყვის, რომ ამ ფაქტებს შორის უშუალო კავშირი არსებობს, მაგრამ რეგიონის პოლიტიკური კონტექსტი ისეთია, რომ შეიძლება ამგვარი კავშირი ივარაუდო”, წერს იგრუნოვი.

სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ალეკსეი არბატოვის აზრითაც, შეერთებული შტატების დამოკიდებულებამ ერაყის მიმართ გარკვეული გავლენა იქონია პრეზიდენტ პუტინის განცხადებაზე. 13 სექტემბრის “გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში არბატოვი მიიჩნევს, რომ ეს ხაზი პუტინს მანამდეც უნდა გაეტარებინა.

“თუ ჩვენ პანკისთან პრეტენზიები გვაქვს, სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით, მაშინ ეს უფრო ადრეც უნდა გაგვეცხადებინა ღიად”, ამბობს იგი.

არბატოვის აზრით, “პრეზიდენტი პუტინი გულწრფელად ლაპარაკობდა პანკისის პრობლემაზე”, თუმცა, როგორც დეპუტატი შენიშნავს, ამ მხრივ, სხვა თვალსაზრისებიც არსებობს. თავად არბატოვს მიაჩნია, რომ “პანკისის ხეობა არ წარმოადგენს დესტაბილიზაციის ერთადერთ ფაქტორს”. მისი თქმით, “დაღესტნის, ინგუშეთის, სტავროპოლის მხრიდან საზღვარი ღიაა ბოევიკებისთვის, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს ეს”.

“თუ ხვალ პანკისის ხეობაში რუსეთის ჯარები განლაგდებიან, ჩეჩნეთის ომი არ დამთავრდება”, ამბობს იგი და იმედოვნებს, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ხელს შეუწყობს პანკისის პრობლემის მოგვარებას.

ალეკსეი არბატოვმა “გაზეტას” განუცხადა:


“ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო აფხაზეთის საკითხს დასვამს და რუსეთისგან ხელშეწყობას დაელოდება, რათა თანდათანობით გადაიჭრას საქართველოსათვის უმწვავესი ეს პრობლემა. ანალოგია რომ გამოგვეყენებინა, დაახლოებით იგივე იქნებოდა, რუსეთისთვის მთელი შორეული აღმოსავლეთი
და იმიერბაიკალეთი რომ წაერთმიათ. საჭიროა, საქართველოსგან ვითხოვდეთ ჩეჩენ ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას, საზღვრების დაკეტვას, ბოროტმოქმედთა გადმოცემას, მაგრამ საჭიროა იმის დანახვაც, რომ რუსეთისადმი საქართველოს დამოკიდებულება 99%-ით აფხაზეთში სიტუაციით განისაზღვრება”.
XS
SM
MD
LG