Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 სექტემბერს 90 წელი გავა კინოს ისტორიაში პირველი


21 სექტემბერს 90 წელი გავა კინოს ისტორიაში პირველი

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერიდან. ესაა ვასილ ამაშუკელის სურათი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” – ფილმი, რომლითაც იწყება ქართული კინოს ისტორია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 21 სექტემბერს 90 წელი მთელ ქართულ კინემატოგრაფს შეუსრულდა. ვასილ ამაშუკელის ამ ფილმს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე”.

ლუმიერების სინემატოგრაფის პრემიერა საქართველოში კინოს დაბადების პირველსავე წელს შედგა – 1896 წლის 16 ნოემბერს თბილისში კინოს პიონერების, ძმები ლუმიერების, ფილმები უჩვენეს. ქუთაისში, სადაც იმხანად ვასილ ამაშუკელი ცხოვრობდა, პირველი კინოსეანსი მოგვიანებით გაიმართა. ამაშუკელს “კინოატრაქციონები” ნაკლებად იტაცებდა – იგი უფრო ფერწერით დაინტერესდა და იმ სკოლაში დაიწყო სწავლა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ვასო ბალანჩივაძე ხელმძღვანელობდა. 1900 წელს მოსკოვში გაემგზავრა და ბოლშაკოვის სამხატვრო სასწავლებელში მოეწყო. მოგვიანებით გაიცნო ფირმა “გომონის” მოსკოვის განყოფილების მექანიკოსი, რომლის დახმარებით კინოგადაღების ტექნიკა შეისწავლა.

1907 წელს ვასილ ამაშუკელი თავის ძმას ეწვია ბაქოში, სადაც მამუკა ამაშუკელი იქაური ქართული თეატრის დასში ირიცხებოდა. თეატრთან მაშინ კინოდარბაზი გახსნეს. ვასილ ამაშუკელმა კინომექანიკოსად დაიწყო მუშაობა. როგორც ჩანს, ამ დროს მან უკვე კარგად იცოდა გადაღება, რადგან, როგორც თავად გვიამბობდა [ვასილ ამაშუკელის ხმა], “როცა დიდი ილია ჭავჭავაძე ვერაგულად მოკლეს, ვალერიან გუნიამ წერილი მომწერა, რომ ფირზე გადამეღო ილიას დასაფლავება. ეს იყო 1907 წელს. სამწუხაროდ, ფირი ვერ ვიშოვე.”

1908 წელს ვასილ ამაშუკელმა ბაქოში რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი სურათი გადაიღო. ძირითადად, ეს იყო ეგრეთ წოდებული “ეთნოგრაფიული ჩანახატები”, რომლის კეთებამ ამაშუკელი ისე დააოსტატა, რომ მთელ ქალაქში გაითქვა სახელი. მისი წარმატებების შესახებ სამშობლოშიც შეიტყვეს – 1910 წელს, პავლე მეფისაშვილის მოწვევით, ვასილ ამაშუკელი ქუთაისში ჩამოვიდა და ახლად აშენებულ კინოთეატრ “რადიუმში” აპარატურის დამონტაჟება დაიწყო. პარალელურად, როგორც კი ფირს იშოვიდა, მაშინვე გადაღებას შეუდგებოდა ხოლმე: ფირზე აღბეჭდა ხონის აბრეშუმის ფაბრიკა, ბაგრატის ტაძარი, ლადო მესხიშვილის იუბილე. 1912 წლის 31 აგვისტოს “სახალხო გაზეთში”, რომელიც თბილისში იბეჭდებოდა, ასეთი ინფორმაცია გაჩნდა: “ტფილისში ჩამოვიდა ვასილ ამაშუკელი, რომელმაც აკაკის მოგზაურობა სინემატოგრაფიულ ლენტზე გადაიღო. ბ-ნი ამაშუკელი ახლა უკვე საბოლოოდ ამზადებს ამ სურათს და ცოტა ხანში ქუთაისის “რადიუმის” სინემატოგრაფში აჩვენებენ. მერე ტფილისშიც ჩამოიტანენ საჩვენებლად”. მანამდე ამაშუკელმა აკაკი წერეთელი ინახულა და პირადად მიიღო თანხმობა პოეტისგან. როგორც მოგვიანებით თავად ამაშუკელი იგონებდა [ვასილ ამაშუკელის ხმა], “აკაკიმ სიყვარულით მიმიღო და თქვა: “კინოს გადაღება... საქართველოში კარგი საქმე დაგიწყიათო. აკაკის მთელი მოგზაურობა გადავიღე და მთებში ბეჭით ვათრიე აპარატი. რეჟისორიც მე გახლდით, ოპერატორიც და მუშაც.”

ვასილ ამაშუკელი, როგორც ეს კინოდოკუმენტალისტს შეშვენის, ნამდვილი პედანტი იყო. სიზუსტის სიყვარული და პუნქტუალურობა ფილმის სათაურშიც კი გამოავლინა – 1500 მეტრი სიგრძის გადაღებულ მასალას დაარქვა არა, უბრალოდ, “აკაკის მოგზაურობა”, არამედ ასე: “ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს”. მაგრამ პირველი ქართული ფილმის, უფრო სწორად, ჩვენამდე შემორჩენილი პირველი ქართული ფილმის მომხიბვლელობა და ორიგინალურობა სწორედ იმაშია, რომ ეს პედანტურობა, კადრის გათვლილი კომპოზიციები, სურათოვნება აბსოლუტურად ორგანულად უკავშირდება საუკუნის დასაწყისის კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელ თავისუფლებას, ახალი ხელოვნების გამომსახველობით საშუალებათა გამოყენების თვალსაზრისით. კინოს დაბადების პირველ ეტაპზე ხომ რეჟისორები, მათ შორის, დოკუმენტალისტებიც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქმნიდნენ სანახაობას, რის მისაღწევადაც მაქსიმალურად იყენებდნენ სინემატოგრაფის ტექნიკურ საშუალებებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კინოს პიონერებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა არის “ესთეტიკური ტაბუ”, რა ითვლება “სპეციფიკურად კინემატოგრაფიულად” და “სპეციფიკურად არაკინემატოგრაფიულად” – ისინი, მართლაც, ბავშვებს ჰგავდნენ, ხატვის დროს ადვილად რომ ანგრევენ მასშტაბებს და იმაზე არ ფიქრობენ – “როგორაა მიღებული”. ეს კი ქმნის პარადოქსს – ადრეული კინემატოგრაფი, რაღაცით უფრო მდიდარი აღმოჩნდა, ვიდრე მომწიფებული, თანამედროვე კინოხელოვნება... ანუ უფრო თავისუფალი.

როგორც პიროვნება, ვასილ ამაშუკელი ამ თავისუფლებით, იუმორის გრძნობით ყველას ხიბლავდა. საინტერესოა, რომ რუსი კინოდოკუმენტალისტებისგან განსხვავებით, რომლებიც იმხანად ეგრეთ წოდებული “მეფის ქრონიკის” გადაღებით უფრო იყვნენ გართულნი, ამაშუკელი სრულიად გულგრილი აღმოჩნდა თუნდაც მეფის ნაცვლის ოფიაციალური ცერემონიების მიმართ, რომლის გადაღება მას უთუოდ დაეხმარებოდა მატერიალური პრობლემების გადაწყვეტაში – ბოლოს და ბოლოს, იმის საშუალება მაინც ექნებოდა, რომ ფირი ეყიდა და თავისი გეგმები განეხორციელებინა. მაგრამ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტისთვის ხელოვნურად მოწყობილი დღესასწაულების ფირზე აღბეჭდვა სულაც არ იყო საინტერესო. აკაკის მოგზაურობამ იგი მხოლოდ იმიტომ არ გაიტაცა, რომ ხალხის საყვარელი პოეტის ცოცხალი სახის “შენახვის” შანსი მიეცა. ამაშუკელისთვის, როგორც დოკუმენტალისტისთვის და როგორც კინოს პიონერისთვის, საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ მოგზაურობის დაუგეგმაობა, იმპროვიზაციულობა. თავად აკაკი წერეთელი, მიუხედავად ასაკისა, ეკრანზე წარმოგვიდგება როგორც მოუსვენარი, მოძრავი პიროვნება – კადრში იგი არსადაა სტატიკური. მასთან ერთად მოძრაობს ვასილ ამაშუკელის მძიმე კინოაპარატი. მოძრაობს ხალხიც. რეჟისორი კი ცდილობს გამოხატოს არა მარტო პოეტის სახე, არამედ გლეხების დამოკიდებულება საყვარელი პოეტის მიმართ. ვასილ ამაშუკელი, როგორც მხატვარი პირველი პროფესიით, არაჩვეულებრივად ახერხებს, ერთი მხრივ, არ “დაკარგოს” პოეტის ფიგურა, კადრი ისე ააწყოს, რომ მაყურებლის ყურადღება წერეთლის სახეზე გადაიტანოს, მეორე მხრივ კი, გამოხატოს ამ, მართლაც რომ, სახალხო დღესასწაულის ატმოსფერო -–ცოცხალი პოეტის ხილვით გახარებულ ადამიანთა სახეები. თავად აკაკი კამერას ხან გრძნობს, ხან ავიწყდება მისი არსებობა. იქ, სადაც კამერასთან მისი კონტაქტი მჟღავნდება, პოეტი ძალიან არტისტულია, ცოტა ექსცენტრულიც. ეკრანზე იგი იმ აკაკის ჰგავს, ასევე არტისტულად, ორიგინალურად რომ კითხულობდა თავის ლექსებს. [აკაკი წერეთლის ხმა – კითხულობს ლექსს]

კინოს ისტორიაში ბევრი საინტერესო დამთხვევა მომხდარა. არაერთ კინორეჟისორს გამოუხატავს ისტორიის წინათგრძნობა, ფირზე შეუნახავს ის მოვლენები, რომელსაც ქვეყნის, ხალხის, ასე ვთქვათ, “კულტურული სახე” შეუქმნია. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ქართული კინოს ისტორიის ათვლა ვასილ ამაშუკელის “აკაკის მოგზაურობით” დაიწყო... დაიწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით, რომელიც პოეტის მოგზაურობას მიეძღვნა. მომავალში მთელი ქართული კინემატოგრაფი ხომ სწორედ პოეტურისა და დოკუმენტურის გამთლიანების პრინციპზე აიგება. ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებში კინემატოგრაფისტები შეეცდებიან გადალახონ ”ზედმიწევნით პროზაულიც"”და '‘ზედმიწევნით პოეტურიც". კინემატოგრაფისტები შეეცდებიან დაეყრდნონ ქართული ეროვნული მხატვრული ფორმის ტრადიციებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კულტურის ისტორიულ სწრაფვას “ადამიანური ფორმებისკენ”, მეტისმეტი პომპეზურობის, მეტისმეტი დეკორატიულობის, მეტისმეტი მონუმენტურობის, სიჭრელის, საერთოდ, “მეტისმეტის” უარყოფას.

“აკაკის მოგზაურობის” პრემიერა 1912 წლის 21 სექტემბერს შედგა ქუთაისის კინოთეატრ “რადიუმში”. ყოველდღიურად
4-4 სეანსი ხალხით გადაჭედილ დარბაზში იმართებოდა. მაყურებელი ამ სეანსებს “ილუზიონად” არ აღიქვამდა, იმავე ევროპული პუბლიკისგან განსვავებით, რომელიც კინოში უფრო ტრიუკების სანახავად მიდიოდა. ეს მაყურებელი კინოს ბილეთს ყიდულობდა, რათა ფირზე აღბეჭდილი სინამდვილე ეხილა. საქართველოში კინო დაიბადა როგორც ინფორმაციის მიწოდების ხელოვნება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG