Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადი თანახმაა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა უპირობოდ დაბრუნებაზე


ბოლო დღეების მზარდმა ზეწოლამ ერაყზე, ამ ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დასაბრუნებლად, ნაყოფი გამოიღო: ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიიღო წერილი,

რომელშიც ოფიციალური ბაღდადი თანხმობას აცხადებს უცხოელი ექსპერტების მიერ ერაყის სამხედრო ობიექტების შემოწმებაზე - პირველად 1998 წლის შემდეგ.

კოფი ანანმა წერილის მიღებისთანავე, ანუ თბილისის დროით ორშაბათს ღამით გააცნო საერთაშორისო თანამეგობრობას ოფიციალური ბაღდადის გადაწყვეტილება: [კოფი ანანის ხმა] ”შემიძლია დავადასტურო, რომ ერაყის ხელმძღვანელობისგან მივიღე წერილი, რომელშიც ის გვატყობინებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მისცეს განიარაღების ექსპერტებს ამ ქვეყანაში უპირობოდ დაბრუნებისა და მუშაობის გაგრძელების უფლება. ერაყი თანახმაა აგრეთვე, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ექსპერტების დაბრუნებისა და მუშაობის პრაქტიკულ დეტალებზე”.

წერილში გამოთქმულია აგრეთვე იმედი, რომ ბაღდადის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ერაყის წინააღმდეგ გაეროს უკვე 12-წლიანი სანქციების გაუქმებას. ამის შესახებ გაეროდან შეგვატყობინა ჩვენმა კორესპონდენტმა რობერტ მეკმეჰონმა, რომელიც იზიარებს მიმოხილველების, ფაქტობრივად, ერთსულოვან შეფასებას: კოფი ანანისადმი წერილი ბაღდადის პოლიტიკურ კურსში გარდატეხას ცხადჰყოფს. მართლაც, აქამდე ერაყი გადაჭრით უარყოფდა ბრალდებას, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდეს და, შესაბამისად, უარყოფდა გაეროს ექსპერტების მიერ ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების აუცილებლობას.

რამ გამოიწვია გარდატეხა ერაყის პოზიციაში? ამ შეკითხვაზე ერთგვარ, ირიბ პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ კოფი ანანის კომენტარი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხუთშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ერაყის ხელში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს. კოფი ანანი ფიქრობს, რომ [ანანის ხმა]: ”პრეზიდენტის მოხსენებამ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დამუხტა. როგორც ყველამ მოისმინეთ, გენერალურ ასამბლეაზე თითქმის ყველა მომხსენებელმა ერაყს მოუწოდა განიარაღების ექსპერტების დაბრუნებისაკენ”.

მაგრამ ბაღდადი სხვაგვარად ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას: როგორც სამშაბათს ვიცე-პრემიერმა თარეკ აზიზმა თქვა, განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებაზე დაყაბულებით ერაყმა ანგარიში გაუწია მხოლოდ თავის მოკავშირეებს. როგორც აზიზმა განაცხადა [აზიზის ხმა]”ეს არის მოთხოვნა, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი არაბი ძმებისაგან, მოკავშირეებისაგან სხვა ქვეყნებში, აგრეთვე მეგობრულად განწყობილი ქვეყნების ბლოკებიდან”. ხოლო ამ მოთხოვნის შესრულებით, ამბობს თარეკ აზიზი, აღარანაირი გამართლება არა აქვს ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო მუქარას.

თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომელიც ორშაბათს გამოთქვა ჩვენი რადიოს ექსპერტმა ერაყის საკითხებში, დევიდ ნიუტონმა: [დევიდ ნიუტონის ხმა] ”თუ პრეზიდენტ ბუშის გამოსვლას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მას არ მოუთხოვია მხოლოდ განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება. მისი თქმით, ბაღდადმა უნდა შესრულოს ყველა დანარჩენი რეზოლუციაც: მათ შორის რეზოლუციები ქუვეითელი ტყვეების, ქუვეითის ქონების დაბრუნების შესახებ. გარდა ამისა, ერაყმა უნდა შეწყვიტოს კონტრაბანდის მეშვეობით გაეროს სანქციების დარღვევა. ასე რომ, ერაყელებს ძალიან მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ.” მაგრამ ამ მოთხოვნებზე მოლაპარაკება მომავლის საქმე ჩანს. ახლა ჯერი ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნებაზეა: ამ საკითხში გაეროს მოქმედების შესათანხმებლად, კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს 15 წევრს გადასცა ოფიციალური ბაღდადის წერილი.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელის, შვედ დიპლომატ ჰანს ბლიქსის ვარაუდით, ექსპერტთა პირველი ჯგუფი ორ კვირაში ჩავა ერაყში.
XS
SM
MD
LG