Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარსულის გააზრება დასავლეთსა და ყოფილ კომუნისტურ სამყაროში. სერბია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის ჩარჩოებში “ათასწლეულთა

მიჯნაზე” გადაცემათა სერიაში დასავლეთისა და ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიერ წარსულის გააზრების შესახებ, დღეს სერბიაზე გესაუბრებით.

სერბიის ადგილობრივი ტელევიზია გადასცემს რეპორტაჟებს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესიდან. გადაცემები საერთაშორისო გრანტებით ფინანსდება. სპონსორებს იმედი აქვთ, რომ სერბებს ეს მილოშევიჩის 13 წლის მმართველობაში მომხდარი მოვლენების გააზრებაში დაეხმარება.

მილოშევიჩს, როგორც ცნობილია გენოციდსა და კაცობრობის წინააღმდეგ ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაიაზრონ, რა როლი ითამაშეს სერბებმა ხორვატიის, ბოსნიისა და კოსოვოს ომებში, რეპორტაჟების შედეგად სერბებმა თავი კიდევ უფრო მეტად მსხვერპლად იგრძნეს.

სონია ბისერკო იუგოსლავიის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს სერბებს საკუთარი წარსულის გააზრებაში, მაგრამ, ამბობს ის, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, სანამ სერბები აღიარებენ, რომ მილოშევიჩის მმართველობსი პერიოდში ჩაიდინეს სიმხეცე.

“ეს იქნება ძალიან ნელი და ძალიან ძნელი პროცესი. გერმანიაში 20 წელი გავიდა, სანამ ხალხმა და ახალმა თაობამ დაიწყო წარსულის შესახებ წერა და ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ უნიკალურ მდგომარეობაში ვართ, ვინაიდან ეს ომი ძალიან კარგად არის დოკუმენტირებული”.

ამ ორიოდე თვის წინათ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, სერბიის მოსახლეობის ნახევარს არ სჯერა, რომ 1995 წლის ხოცვა-ჟლეტას სრებრენიცაში საერთოდ ჰქონდა ადგილი. ცნობებით, იქ 7 ათასი მუსლიმანი – მოზრდილი და ახალგაზრდა კაცი – იქნა მოკლული.

იმავე გამოკითხვიდან ირკვევა, რომ სერბების ნახევარს არ შეუძლია დაასახელოს თუნდაც ერთი ომის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სერბთა ჯარმა ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში. სამაგიეროდ, შეუძლიათ დაასახელონ მინიმუმ სამი, რომლებიც სერბი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი.

მილოშევიჩის სასამართლო პროცესმა სერბებს აზრი დიდად არ შეაცვლევინა. პირიქით. სერბები თითქმის არ უსმენენ მოწმეებს. და ყოველთვის თვლიან, რომ კამათში მილოშევიჩი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ბისერკოს თქმით, სერბებს შორის ვრცელდება გრძნობა, რომ მილოშევიჩი დაამარცხებს თავის ოპონენტებს, მას გაამართლებენ,ის დაბრუნდება სერბიაში და დაიკავებს ახალ პოზიციას ხელისუფლებაში. და თუმაცა ეს სცენარი ყოვლად წარმოუდგენელია, მილოშევიჩის დაბრუნების იმედები ასახავს, რამდენად გავრცელებულია სერბიის დღევანდელ საზოგადოებაში ნაციონალიზმი და აზრი, რომ სერბია ყოველთვის მსხვერპლია.

ბისერკო თვლის, რომ მილოშევიჩის მემკვიდრეობა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას.

[ბისერკოს ხმა] “რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი აღიზარდნენ ამ ნაციონალისტურ მოდელზე. იზოლირებული იყვნენ, ჰქონდათ ძალიან სუსტი კონტაქტები მეზობლებთან და ძალიან იშვიათი მსოფლიოსთან… მათ წარმოდგენა არა აქვთ მთელ ამ სიტუაციაზე, და სამწუხაროდ, სწორედ მათ დააწვებათ მათი მშობლებისა და მთელი იმ თაობის ტვირთი, ვინც იღებდა აქტიურ მონაწილეობას ომის გეგმების შედგენაში.”

ბისერკო ამბობს, რომ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ გაიაზროს წარსული და შეძლოს წინსვლა, მთავრობამ უნდა აიღოს თავის თავზე ინიციატივა, გამოიკვლიოს გასული ათწელეულის მოვლენები და შეიტანოს ის განათლების სისტემაში. სერბიის სკოლის სახელმძღვანელოებში ქვეყნის ახლო წარსული საერთოდ არ არის ასახული. ახლახან გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოში მილოშევიჩი ერთხელაც არ არის ნახსენები.

ჰაიკე კარგე არის გერმანიის საერთაშორისო სახელმძღვანელოთა შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორი. ის უძღვება პროექტს, რომელიც ეხმარება იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებს ისტორიის ახალი სახელმძღვანელოების შედგენაში. მისი ჯგუფი მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებთან, ადგილობრივი სახელმძღვანელოების ავტორებთან და განათლების სამინისტროების ოფიციალურ წარმომადგენლებთან და იხილავს მათთან ერთად სახელმძღვანელოთა შედგენის ახალ მეთოდებს.

კარგეს სიტყვით, ერთ-ერთმა ავტორმა უთხრა მას, რომ მილოშევიჩი იმიტომ არ შეიტანეს სასწავლო გეგმებში, რომ მისი მმართველობის პერიოდი მეტისმეტად რთულია 17 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.

კარგეს თქმით, 1990-იანი წლების ომებში მილოშევიჩის როლის თაობაზე დისკუსიებისთვის თავის არიდება ნიშნავს, რომ დარჩება ძალაში მოვლენების მიკერძოებული ინტერპრეტიაცია და ის კიდევ უფრო მტკიცედ გაიდგამს ფესვებს სერბებს შორის.

ყველა არ არის ესოდენ პესიმისტურად განწყობილი. სონია ლიხტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდის” თავმჯდრმარე. ამ ორგანიზაციის მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული კულტურის, გახსნილობისა და შემწყნარებლობის განვითარება. ლიხტი უფრო იმედისმომცემად უყურებს სერბების უნარს, გაუსწორონ თვალი თავიანთ უახლოეს წარსულს. მისი თქმით, სიტუაცია დღითი დღე იცვლება და სულ უფრო მეტი მოქალაქე ინტესერსდება სერბიის როლით ბალკანეთის 1990-იანი წლების ომებში.

[ლიხტის ხმა] “ძნელია აბსოლუტური სიმართლის ცოდნა, მაგრამ, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ხალხმა გაიგოს რა ხდებოდა ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში და შეძსლოს ამათან გამკლავება. ბევრი ამბობს, რომ არ იცის, რა ხდებოდა. მათ ეს ზუსტად ამ მოვლენების მიმდინარელბის დროსა არ იცოდნენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ უარყოფენ ამ მოვლენებს. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იზრდება იმათი რიცხვი, ვისაც სურს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ რა მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.”

ლიხტი აბობს, რომ სერბიის მედიას აშკარად სურს სიმართლის გამომჟღავნება, და რომ მილოშევიჩს უწინ შეეძლო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაში საკუთარი ვერსიის გავრცელება. მდგომარეობა შეიცვალა, როცა დამოუკიდებელი მედია გარძლიერადა.

[ლიხტის ხმა] “წარსულისამდი ინტერესი ძალიან დიდია. როგორც ბეჭდვით, ისე ელექტრონეულ მედიაში, ქვეყნდება ათასობით სტატია, დანაშაულის გრძნობის, ეთნიკური წმენდების, ომის, გენოციდის შესახებ და იმაზე თუ როგორ უმკლავდება მართლმსაჯულების სისტემა ამ პრობლემებს, ბოროტმოქმედებას, ისტორიის რევიზიას და რასაკვრველიამედიას ხშირად მოყავს ჰააგის ტრიბუნალის ანალიზი”

ლიხტის თქმით, ინტერესის ზრდა ახალი ფენომენი არ არის. ყოველთვის გაისმოდა მოწოდებები მოვლენების ობიექტურად გაშუქების თაობაზე მას შემდეგ რაც 1990-იანი წლების დასაწყისში ომები დაიწყო. მაგრამ ლიხტის აზრტთ, კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო, რათა დაიწყოს ბალკანეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გამოჯანსაღება.

როგორც ვხედავთ, სერბიაში წარსულის გააზრების თაობაზე ორი, ერთმანეთის გამორიცხავი აზრი არსებობს. ერთნი ამტკიცებენ, რომ სერბები ბრმად ამართლებენ ბოლო ათი წლის განმავლობაში მათი ლიდერების მიერ ჩადენილ საქმეებს, მეორეებს კი ობიექტიური სიმართლე აინტერესებთ.
XS
SM
MD
LG