Accessibility links

რისთვის დადის ასლან აბაშიძე მოსკოვში და რატომ გახდა მკაცრი ედუარდ შევარდნაძე აჭარის ლიდერის მიმართ


მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობა თბილისისა და ბათუმის ურთიერთობასაც დაეტყო. ედუარდ შევარდნაძე თავიდან შეეცადა არ მოეხდინა რეაგირება ასლან აბაშიძის ეჭვებზე,

რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას დაუკავშირდა, რა თქმა უნდა, რუსეთის სასარგებლოდ; მოგვიანებით კი დუმილი დაარღვია და თქვა, რომ გაარკვევს, რისთვის დადის აჭარის ლიდერი მოსკოვში და რამდენად მიზანშეწონილია ის აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობდეს. ეს ყველაფერი ედუარდ შევარდნაძის 16 სექტემბრის ბრიფინგზე ითქვა. ამ დროს აბაშიძე უკვე ბათუმში იმყოფებოდა, მაგრამ მოსკოვში თავის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტისთვის ინფორმაცია მიწოდებული არ ჰქონდა. მაინც, რისთვის იყო ასლან აბაშიძე მოსკოვში? ამის გასარკვევად ბათუმს დავუკავშირდი. აი, რა მითხრა ასლან აბაშიძის პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ:


[თამაზ ბაკურიძის ხმა] “ის იყო მიწვეული ჭადრაკში საუკუნო მატჩზე. დაესწრო ამ მატჩის გახსნას და მის საზეიმო დახურვას.”

როგორც აჭარის მეთაურის პრესმდივანი განმარტავს, მოსკოვში ასლან აბაშიძე ჭადრაკის მსოფლიო მატჩის საპატიო სტუმრის სტატუსით ჩასულა, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით კი ოდნავ მოგვიანებით უსარგებლია. ის, რა თქმა უნდა, შეხვდა თავის რუს კოლეგას ვალერი ლოშჩინინს და სოხუმსა და თბილისს შორის ნდობის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებებზე ესაუბრა. თამაზ ბაკურიძის თქმით, აბაშიძე და ლოშჩინინი თანამოაზრეები არიან და მიიჩნევენ, რომ ნდობის აღდგენისთვის აფხაზეთს უნდა მოეხსნას ეკონომიკური სანქციები, აფხაზეთისთვის უნდა აღდგეს სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლა და ასე შემდეგ. რაც ყველაზე საინტერესოა, ყოფილა ერთსაათიანი თბილი შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან და მას ასლან აბაშიძისთვის უთქვამს:

[თამაზ ბაკურიძის ხმა] “თუ ორივე მხარე გულღიად გამოთქვამს პოლიტიურ ნებას, მაშინ ასლან აბაშიძე ბევრს გააკეთებს აფხაზეთში. იგი ავტორიტეტული პიროვნებაა და ჩვენ მას ვენდობით.”

თამაზ ბაკურიძის თქმით, ეს შეხვედრა 11 სექტემბრამდე, პუტინის ცნობილ გამოსვლამდე, მოხდა, ამდენად, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის ირგვლივ მჯელობა არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასლან აბაშიძემ საკუთარი შეხედულება რუს ჟურნალისტებს გაუზიარა და კიდევ ერთხელ ნათელყო, რატომ უყვართ ის რუსებს და რატომ ენდობიან მას. მოსკოვში ყოფნისას აჭარის ლიდერმა განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ანტირუსული კამპანიით იხანგრძლივებენ. ასლან აბაშიძე მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, პრეზიდენტისთვის მას ჯერაც არ მიუწოდებია ინფორმაცია მოსკოვში გამართული შეხვედრების შესახებ და არც ედუარდ შევარდნაძის 16 სექტემბრის განცხადებისთვის უპასუხია.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თუ აფხაზეთთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ აღწევს, მაშინ რა აზრი აქვს, რომ ის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იყოს.”


როგორც აბაშიძის პრესმდივანმა მითხრა, ედუარდ შევარდნაძის შეკითხვებს ასლან აბაშიძე ოფიციალური განცხადებით უპასუხებს და განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, პრეზიდენტს აფრთხობს მისი დადებითი როლი აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში და მისი შესაძლებლობები. ამ როლის და ამ შესაძლებლობების ნათელსაყოფად მოვიშველიებ რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, რომელიც ასლან აბაშიძემ მოსკოვში ყოფნისას გააკეთა და ამით აფხაზეთთან დაკავშირებულ მოლაპარკებებში თავისი, როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, როლი განმარტა: “ 10 თვე ძალიან ცოტა იყო შედეგების გამოსაკვეთად, თუმცა, რუსეთის ხელისუფლების დახმარებით, წინ წაწევა შესაძლებელი გახდა. რუსეთის პოზიცია ნათელია. ჯერი თბილისზე და სოხუმზეა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებების პროცესში ოფიციალური თბილისის როლი ნეგატიურია.”
XS
SM
MD
LG