Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის შემდეგ ქართველ პოლიტიკოსებს თავის მართლება უწევთ


რუსეთის ტელეარხები და განსაკუთრებით „ოერტე“ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული საინფორმაციო ომის მთავარი იარაღია. მისი წყალობით, ის ქართველი პოლიტიკოსებიც კი ვლადიმირ პუტინის

ულტიმატუმის მომხრენი გამოდიან, ვინც სამშობლოში მხურვალედ და განსაკუთრებული მონდომებით გმობდა რუსეთიდან წამოსულ აგრესიას. „ოერტეს“ ტელეარხით საკუთარი ინტერვიუს ხილვის შემდეგ ის პოლიტიკოსებიც კი თავს იმართლებენ, რომლებსაც თავიანთი პრორუსული ორიენტაცია არასდროს დაუმალავთ.

ექსპერტთა ვარაუდი, რომ საქართველოზე რუსეთის ზეწოლის მთავარ მიზანს პანკისის პრობლემის მოგვარება კი არა, ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს, სულ უფრო რეალური ხდება. რუსული საინფორმაციო მანქანა, დეზინფორმაციის ფაბრიკაციის მიზნით, არარეალურის რეალობად წარმოჩენას ცდილობს და ამით საქართველოში დაძაბულობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების ილუზიას ქმნის.

16 სექტემბერს ტელეარხმა „ოერტემ“ გაერთიანებული დემოკრატების ლიდერს ზურაბ ჟვანიას ის ათქმევინა, რაც შევარდნაძესთან დაპირისპირებულ ამ პოლიტიკოსს უნებლიეთაც კი არ წამოსცდებოდა ევროსაბჭოში რუსულ დელეგაციასთან გამართული კამათის შემდეგ. რუსული ტელეარხის მიერ ჟვანიას დამონტაჟებული განცხადების ბოლო ნაწილი ასე ჟღერს:

[ჟვანიას ხმა] „რუსეთი სამართლიანად გამოთქვამს პრეტენზიებს, რომ იქ საქართველოდან შეიარაღებული ჯგუფები არ უნდა შედიოდნენ. ხელისუფლება საქართველოში სუსტია, ხელისუფლება საქართველოში არ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით.“

ზურაბ ჟვანიამ ამ ფრაზების უარყოფა 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სცადა.

[ჟვანიას ხმა] „იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს არის ქართული ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, და, ბუნებრივია, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ვეცდებით, რომ შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია, დავდგეთ ერთად, რათა ერთად ვუპასუხოთ რუსეთის, აი, ამ მუქარას.“

ჟვანიამ ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოფიციალური საგარეო კურსის თანამოაზრეა და, საშინაო პოლიტიკაში უთანხმოების მიუხედავად, კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებასთან დაპირისპირებისგან თავს შეიკავებს.

ის, ვინც ამისგან თავს ვერ იკავებს, ჯუმბერ პატიაშვილი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციაა. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ პატიაშვილმა 10 სექტემბერს, პუტინის ულტიმატუმამდე ერთი დღით ადრე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პატიაშვილმა თავი იმართლა: პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის საკითხი პირველად მოსკოვში, რუსი ჟურნალისტების გარემოცვაში, არ დამიყენებია, ამ მოთხოვნით მოსკოვში გამგზავრებამდეც არაერთხელ გამოვსულვარო, და ამით შეეცადა შევარდნაძის მიერ მიკერებული მოღალატის იარლიყი ჩამოეცილებინა.

[პატიაშვილის ხმა] „რუსეთ -საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების გარეშე შეუძლებელია საქართველო გამოვიდეს იმ კრიტიკული სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. დღევანდელ დღეს კი, როცა ქვეყანა ასეთ საომარ მდგომარეობაშია, მაშინ რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი დაპირისპირება ხელისუფლებასთან. მე დღეს კიდევ ხმამაღლა ვაცხადებ, მისი ხელმძღვანელობით საქართველო ვერ გამოვა კრიზისიდან.“

პატიაშვილის აზრები და რუსეთის სურვილი „ერთობის“ მთავარმა იდეოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ შეაჯერა და განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პანკისის ხეობა კი არაა პრობლემა, არამედ პრობლემას შევარდნაძე წარმოადგენსო, და მანაც კიდევ ერთხელ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვა.

მოვლენების ამდაგვარი განვითარება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლის ახალი ფრონტი გაიხსნა, თანაც მოსკოვის არცთუ პასიური მონაწილეობით. რუსეთში აღარც კი მალავენ იმას, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საქართველოში ხელისუფლების ცვლის დასაჩქარებლად. თუ ისევ „ოერტეს“ დავესესხებით, მისი სოციოლოგების აზრით, რაც უფრო გახანგრძლივდება კრიზისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, მით უფრო დაიწევს შევარდნაძის პოპულარობის დონე.
XS
SM
MD
LG