Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 სექტემბერს იწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა


დავით პაიჭაძე, თბილისი 18 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს ცერემონიას, რომელიც იმართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად.

მშენებლობა იწყება სანგაჩალის ნავთობტერმინალზე, ბაქოდან 40 კილომეტრის დაშორებით. პრინციპული გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობი საქართველოზეც გაივლიდა, ჯერ კიდევ 1995 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული. 4 წლის შემდეგ, 1999 წლის 18 ნოემბერს, სტამბოლში გამართულ ეუთოს სამიტზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა უკვე შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 18 სექტემბერს სამივე პრეზიდენტი დაესწრება ცერემონიას, რომელიც ახალ, უფრო კონკრეტული შინაარსით დატვირთულ ეტაპს მოასწავებს ნავთობსადენის, როგორც იდეისა და პროექტის, განხორცილებაში. შეგახსენებთ მომავალი მშენებლობის რამდენიმე მონაცემს, რომელთაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის.

ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1760 კილომეტრია, აქედან საქართველოზე მისი უმცირესი მონაკვეთი – 248 კილომეტრი. მთელი პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიარდი დოლარია, ხოლო მშენებლობის ღირებულება – დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი. საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისას, წინასწარი გამოთვლით, 600 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება.

ბაქოში 18 სექტემბერს, მართალია, მშენებლობის დაწყების ცერემონია იმართება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც ინტენსიურ მშენებლობას 19 სექტემბერსვე შეუდგებიან. თურქეთში მშენებლობა უკვე დაწყებულია, ბაქოში ახლა იწყება, ხოლო საქართველოში ეს პროცესი დაიწყება 2003 წლის გაზაფხულზე. წელიწადნახევრის შემდეგ, 2004 წლის მიწურულს, მილსადენი დაიწყებს შევსებას და 2005 წლის გაზაფხულზე ნავთობი, ასე ვთქვათ, წამოვა.

ბაქოდან მომავალი ნავთობის ძირითადი ოპერატორი “ბრიტიშ პეტროლეუმია”, შესაბამისად, მანვე გამოაცხადა სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი, რომელშიც ერთმა ფრანგულმა კომპანიამ გაიმარჯვა. რაც შეეხება მშენებლობის უსაფრთხოებას, არსებობს მისი საერთაშორისო ნორმატივები, რომელთაც საქართველო ვერ აკმაყოფილებს. ამიტომაც საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობისას უსაფრთხოებაზე იზრუნებენ ბრიტანული და ნორვეგიული კომპანიები, ამასთან, ბრიტანული – დაბლობ ადგილებში, ხოლო ნორვეგიული კომპანია – მთიან ადგილებში მშენებლობისას. ეკონომიკური ექსპერტის, პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, “ყველაფერი უზუსტესად არის გაწერილი. მაგალითად, ექსტრაორდინალური მოქმედებების გეგმა 600 გვერდს შეადგენს”.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე ლაპარაკის დროს ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მისი განხორციელება ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის საქართველოში. საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის ითვალისწინებენ იმ სახელმწიფოს ინტერესს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ესა თუ ის პროექტი, რაც გამოიხატება სპეციალური კონტრაქტის, მასპინძელ ქვეყანასთან შეთანხმების დადებით. ასეთი შეთანხმება დაიდო საქართველოსთანაც და, მისი ძალით [ალ. თვალჭრელიძის ხმა]: “დასაქმებულთა 80% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ამასთან, უშუალოდ ნავთობსადენის მშენებლობაში დასაქმებულთა რიცხვი 2500 იქნება. მაგრამ ამას ემატება არაპირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა ლოგისტიკის, კვების, მომსახურების, ტვირთის გადაზიდვის და სხვა სფეროებში”.

მუშახელის მოზიდვისას, უწინარესად, ორი კრიტერიუმი იმუშავებს: მუშახელის კვალიფიკაცია და საცხოვრებელი ადგილი. სათანადო კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ იმ სოფლებში, სადაც მილსადენი გაივლის.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს ეწინააღმდეგებიან ეკოლოგიური მოსაზრებების გამოც: მილსადენმა რამდენიმე ათეული მდინარე უნდა გადაკვეთოს, რაც იწვევს სერიოზულ შეშფოთებას: ასეთმა მასშტაბურმა მშენებლობამ შეიძლება საგრძნობი ეკოლოგიური რყევები და დაძაბულობა გამოიწვიოს რეგიონში. თუმცა ალექსანდრე თვალჭრელიძე ირწმუნება, რომ ჩატარებულია ზუსტი საინჟინრო გათვლები და, პრაქტიკულად, მოხსნილია ეკოლოგიური რისკი. [თვალჭრელიძის ხმა]: “ერთადერთი ხიფათი მილსადენის აფეთქებაა, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ”.

საქართველოზე სამომავლოდ გამავალი მეორე მნიშვნელოვანი მაგისტრალის - შაჰდენიზი-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ეკონომიკური ეფექტი (საქართველოში მოსაწოდებელი გაზის ოდენობა, გაზის ღირებულება, ტრანზიტის გადასახადი და ა.შ.) წინასწარ არის დადგენილი და გაანგარიშებული რამდენიმე ათეული წლის პერსპექტივის გათვალისწინებით. რაც შეეხება ბაქოდან ჯეიჰანამდე მომდინარე ნავთობს, აქ შედარებით მარტივი გათვლა არსებობს: საქართველო მიიღებს ყოველწლიურ ტრანზიტის გადასახადს 63 მილიონი დოლარის ოდენობით.

მილსადენის იდეა ქართულ საზოგადოებას იმთავითვე მიაწოდეს მისი პოლიტიკური შემადგენელით, რომლის მნიშვნელობა ბოლო წლებში გაიზარდა; მიღებული აზრით, ტრანსრეგიონალური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს რეგიონის სუბიექტების შეკავშირებას და სტაბილურობას მთელ რეგიონში. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წამყვანი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, რომ, რეგიონალური დატვირთვის გარდა, ასეთ პროექტებს თითოეული ქვეყნისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვთ [გეგეშიძის ხმა]: “საკუთრივ საქართველოსთვის ამ ტიპის პროექტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან აქ ჩადებულია დასავლეთის ეკონომიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. შესაბამისად, ამ ინტერესს დაცვა სჭირდება, რაზედაც, ჩვენთან ერთად, დასავლეთიც იზრუნებს; ანუ ამგვარი პროექტები ჩვენი უსაფრთხოების დამატებითი და მნიშვნელოვანი გარანტია გახლავთ”.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ბოლოდროინდელი გამწვავებაც შეიძლება გააზრებულ იქნეს სწორედ ხსენებული მშენებლობის მოახლოების კონტექსტში. ალექსანდრე თვალჭრელიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ორი ქვეყნის, კონფლიქტის ზღვარს მიახლოებული, ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა განპირობებული რუსეთის სწრაფვით, ჩაშალოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი განმსაზღვრელია აზერბაიჯანის და საქართველოს პროდასავლური ორიენტაციისა, რაც ამ ქვეყნებში ასუსტებს რუსეთის გავლენას. [გეგეშიძის ხმა]: “რუსეთი, სურს რა ამგვარი ორიენტაციის შეფერხება ან შეცვლა, იბრძვის ენერგოკომპონენტების ნაწილშიც: რუსეთს, რასაკვირველია, არ უნდა ასეთი პროექტების განხორციელება და სხვადასხვა - ეკონომიკური, პოლიტიკური თუ პროექტებთან საერთოდ დაუკავშირებელი -არგუმენტებით ცდილობს შექმნას ატმოსფერო, რომელშიც პროექტების ეკონომიკური მნიშვნელობის დისკრედიტაციას მოახდენდა ან დააფრთხობდა ინვესტორებს, რათა მათ საერთოდ უარი ეთქვათ პროექტში მონაწილეობაზე”. არჩილ გეგეშიძის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება 11 სექტემბერს ესადაგებოდა როგორც შარშანდელი 11 სექტემბრის წლისთავს, ისე ნავთობსადენის პროექტის რეალიზების ახალ ფაზას.

რაც უნდა იყოს, 18 სექტემბერს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, საფუძველი ეყრება იმ მილსადენის მშენებლობას, რომელსაც, აგერ უკვე მერვე წელია, იხსენიებენ საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ სამომავლო პირობად.
XS
SM
MD
LG