Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინფორმაციის ელექტრონულმა საშუალებებმა, ერთგვარად, გამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს პრესკონფერენციის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ინფორმაციის ელექტრონულმა საშუალებებმა, ერთგვარად, გამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს პრესკონფერენციის შესახებ, რომელიც რუსეთის გენშტაბის პირველმა მოადგილემ,

გენერალ-პოლკოვნიკმა იური ბალუევსკიმ გამართა 16 სექტემბერს.
რუსეთის პოლიტოლოგები და ექსპერტები კი განაგრძობენ პრეზიდენტ პუტინის ცნობილი განცხადების კომენტირებას.


16 სექტემბრის ინტერნეტგამოცემა “ლენტას” ცნობით, “რუსეთის სამხედროებმა პრეზიდენტ პუტინს შესთავაზეს სქემა, რომელმაც საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების გარღვევის ცდები უნდა აღკვეთოს”.

16 სექტემბერს გაზეთ “იზვესტიას” მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის გენშტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ბალუევსკიმ განმარტა, რომ “სამხედროების წინადადებები ყალიბდებოდა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე არსებული ვითარების მიხედვით”.

“ლენტა” წერს, რომ რუსეთის სამხედროთა მონაცემებით, პანკისის ხეობის ტერიტორიაზე შეიძლება რამდენიმე ასეული ბოევიკი იყოს. გენერლის განცხადებით, “თუ ბოევიკები რუსეთში გადავლენ, ფედერალები მათ არა მარტო საზღვრისკენ უკუაგდებენ, არამედ საქართველოს ტერიტორიაზეც გააგრძელებენ მათ დევნას”. ამასთან, როგორც ბალუევსკი ამბობს, “ბანდების ლიკვიდაციისას მათ შეიძლება ცეცხლიც დაუშინონ და სპეცდანიშნულების რაზმებიც გამოიყენონ”.

16 სექტემბრის გაზეთ “იზვესტიას” ელექტრონული გამოცემა კი იტყობინება, რომ, გენერალ-პოლკოვნიკ ბალუევსკის განცხადებით, “რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს არა აქვს შემუშავებული ჯარების შეყვანის გეგმები პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების ყოფნასთან დაკავშირებით”.

“ასეთი ვარიანტები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან რუსეთიც და საქართველოც გაეროს წევრები არიან და გაეროს უშიშროების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის 1373-ე რეზოლუციას იცავენ”, აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა.

ამასობაში კი რუსეთის პოლიტოლოგები განაგრძობენ პრეზიდენტ პუტინის ცნობილი განცხადების კომენტირებას. 16 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტაში” ეფექტური პოლიტიკის ფონდის პრეზიდენტი გლებ პავლოვსკი აცხადებს, რომ “რუსეთი ვერ დაასრულებს ომს ჩეჩნეთში მანამ, სანამ მოქმედებს ტრანსკავკასიური ტერორისტული მაგისტრალი, რომლის ცენტრიც პანკისშია”. მისი აზრით, “რუსეთს პანკისის ხეობა სრულიად არ სჭირდება და პანკისის ხეობაში შეჭრაზე საერთოდ არ მიდის საუბარი”.

“რუსეთი მხოლოდ ტერორისტების ბაზებისთვის დარტყმების მიყენებაზე საუბრობს”, ამბობს პავლოვსკი.

საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამს ჯგუფ “მერკატორის” წარმომადგენელი დმიტრი ორეშკინი, რომლის თქმით,

“თუ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი საზღვრების გადაკეტვა და ვჩივით, რომ ბოევიკები თავისუფლად გადადიან მეზობელ სახელმწიფოში და უკანაც ბრუნდებიან, მაშინ ისინი კიდევ უფრო ადვილად გაექცევიან ჩვენს ჯარებს, თუკი შევაბიჯებთ საქართველოში, სადაც საზღვრები, საერთოდ, დაუცველია. ასე რომ, არა მგონია, ჩვენი ხელმძღვანელობა ძალისმიერი აქციის ჩატარებას აპირებდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ”.

ორეშკინი იმედოვნებს, რომ რუსეთი, უბრალოდ, ხელების გადაგრეხვის მორიგ სეანსს უტარებს შევარდნაძეს, რომელიც, ექსპეტრის თქმით, ჩეჩენი ბანდიტების მხარდაჭერით ცდილობს რუსეთს შეეწინააღმდეგოს.

იგი ამბობს,რომ, “სამწუხაროდ, პოლიტიკაში ყველაფერს რესურსების არსებობა და მათი გაბედულად გამოყენება განსაზღვრავს”.

“რუსეთს მეტი რესურსი აქვს, რუსეთმა იოლად გადაუგრიხა ხელები შევარდნაძეს და ახლა იგი იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს, რასაც, საკუთრივ, მოსკოვი მისგან ელის კიდეც”, მიიჩნევს დმიტრი ორეშკინი.

სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორის ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, შეერთებულმა შტატებმა სანქცია მისცა რუსეთს პანკისში ე.წ. “ანტიტერორისტული ოპერაციის” ჩატარების თაობაზე.

“ეს არის სანქცია კოლოსალური სისულელის ჩასადენად და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთი ამით არ ისარგებლებს”, მიიჩნევს ცენტრის დირექტორი.

ექსპერტის იმედი უკავშირდება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში კიშინიოვში უნდა გაიმართოს.

“რაკი შეხვედრა უკვე დანიშნულია, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მოსკოვი რაიმე სერიოზულ სამხედრო მოქმედებებს მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვეულებრივ, ასე არ ხდება”, აცხადებს ანდრეი პიონტკოვსკი “ნეზავისიმაია გაზეტას” ფურცლებზე.
XS
SM
MD
LG