Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ეხმარება ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოში


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 3997 ჩეჩენი ლტოლვილი,

რომელთაგანაც 3800 უშუალოდ პანკისის ხეობის სოფლებში ცხოვრობს. გასათვალისწინებელია, რომ ეს ციფრი არ აღრიცხავს11 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილთა იმ კატეგორიას, რომელმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ლტოლვილის სტატუსი ჯერჯერობით ვერ მოიპოვა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ოთარ ყეინაშვილი ზუსტ რიცხვს, ცხადია, ვერ ასახელებს, მაგრამ მტკიცედ სჯერა, რომ არარეგისტრირებულ ჩეჩენ ლტოლვილთა რიცხვი საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი არ იქნება.

საინტერესოა, რომ ყეინაშვილის მიერ დასახელებულ რიცხვს ერთ ნულს უმატებს იჩქერიის რესპუბლიკის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე
1000-ზე მეტი არარეგისტრირებული ჩეჩენი ლტოლვილის ყოფნას ვარაუდობს.

ყეინაშვილი უარყოფს და წარმოუდგენლად მიიჩნევს ალდამოვის სენსაციურ განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, ჩეჩნეთის ომის დაწყების დღიდან, ლტოლვილებისთვის საქართველოს ტერიტორია სატრანზიტო ქვეყნად დაახლოებით 63 ათას შემთხვევაში იქცა (ანუ, ერთად აღებული, თითქოს სწორედ ამდენჯერ დაფიქსირდა ამა თუ იმ ლტოლვილის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გადასერვის ფაქტი). სამაგიეროდ, ალდამოვს მტკიცედ სჯერა თავისი სიტყვების და ამაყობს იმითაც, რომ ამ ხალხისგან ძალიან ბევრს პირადადაც დახმარებია.

საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილთა აღრიცხვა მათემატიკური სიზუსტით რომ არ გამოირჩევა, ამაზე დავა, ალბათ, ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი შეკითხვა იბადება იმის გარშემო, თუ ვინ და რით ეხმარება დღესდღეობით ჩეჩენ ლტოლვილებს. პანკისის ხეობიდან შიგადაშიგ ჟონავს ინფორმაცია: ჩეჩნები ისე კარგად მარაგდებიან, რომ პანკისის ხეობის სოფლებში საკვები თუ საყოფაცხოვრებო ჭარბი პროდუქტით ვაჭრობაც კი გააჩაღესო.

ხიზრი ალდამოვი არ გამორიცხავს, რომ ვიღაც ფქვილს, მართლაც, ყიდის იმისათვის, რომ, ვთქვათ, ერბო, შაქარი ანდა სულაც – მედიკამენტები შეიძინოს, მაგრამ ის, რომ ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული – ამის თქმა საცოდაობაც კია. იჩქერიის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ლტოლვილებს ამჟამად მხოლოდ გულისხმიერი ჩეჩენი და ქართველი ბიზნესმენები ეხმარებიან, თუმცა იგი გულისხმიერთა ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს.

“დამერწმუნეთ, მათ ყოფაში შესაშური არაფერია, რადგანაც ბევრ მათგანს, მართლაც, ძალიან უჭირს, ზოგს შაქარი არ აქვს და ზოგს კიდევ – საპონი... ახლა ნერვიულობა შეშის მარაგზეც დაიწყეს - ზამთარი მოდის, ბავშვები გაგვეყინებიანო...” – ლტოლვილთა გასაჭირს ემოციურად გადმოგვცემს ხიზრი ალდამოვი და იქვე დასძენს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში მათ აღარაფრით ეხმარებიან.

ამ ინფორმაციას (სატელეფონო საუბრისას) მკაცრი ტონით, სასტიკად აპროტესტებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისი და აცხადებს, რომ ის პანკისის ხეობაში ჰუმანიტარული მისიის გახორციელებას დღემდე ეწევა.

სამაგიეროდ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არ უარყოფს, რომ ჩეჩენ ლტოლვილთა დახმარების საშუალება მათ არცკი მისცემიათ, რადგანაც წითელი ჯვრის გარშემო ატეხილი ცნობილი სკანდალის შემდეგ დონორებმა ყველანაირი პროგრამის დაფინანსება (2003 წლამდე) შეაჩერეს. საზოგადოების პრეზიდენტი ნანა ყეინიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს, სხვა პროგრამებთან ერთად, მათი დახმარების დაფინანსებაც მოხერხდება.

თუმცა იქნებ ამგვარი დახმარება საჭირო აღარც კი გახდეს, რადგანაც ჩეჩენი ლტოლვილები, რომლებიც თავს ქართველი ხალხის უბედურების მიზეზად მიიჩნევენ, დიდი მადლობის გადახდას და საქართველოს დატოვებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს იკითხება წერილში, რომელსაც, ალდამოვის თქმით, ათასობით ლტოლვილი აწერს ხელს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG