Accessibility links

logo-print

სად არიან პანკისის ხეობიდან განდევნილი ჩეჩენი მეომრები?


პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლება რუსეთს უმტკიცებს, რომ ჩეჩენმა მეომრებმა ხეობა დატოვეს და ამაში მოსკოვის დასარწმუნებლად

საქართველოში საერთაშორისო მონიტორების მიღების მზადყოფნასაც გამოთქვამს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 სექტემბრის თავის ცნობილ განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა თბილისის მტკიცება და გაკვირვებულმა იკითხა, თუ სად გაქრნენ ჩეჩენი ბოევიკები. იქვე პუტინმა საკუთარ კითხვას თავადვე გასცა პასუხი: ჩეჩენი ბოევიკები საქართველოს სხვა რეგიონებში განთავსდნენ და რუსეთში შემოსაჭრელად ემზადებიანო.

პანკისში მყოფი ჩეჩენი მეომრების მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებას, მართლაც, გაერიდა. მოსკოვმა ეს ფაქტი კვლავ საქართველოზე მორიგი იერიშის მისატანად გამოიყენა და, აფხაზ სეპარატისტთა მეშვეობით, ჩეჩენი ბოევიკების თავშესაფრის ადგილად კოდორის ხეობა გამოაცხადა.

18 სექტემბერს აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ ანქვაბმა საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსს განუცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენელთა დახმარებით, ასამდე ჩეჩენი ბოევიკი და არაბი დაქირავებული მებრძოლი პანკისიდან კოდორის ხეობაში იქნა გადაყვანილი. მისი თქმით, ეს აფხაზეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებია. ანქვაბი დაიმუქრა კიდეც: საჭიროების შემთხვევაში, კოდორში დაბანაკებულ ბოევიკებს ავიაციით დავბომბავთო.

18 სექტემბერს რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა ანატოლი კვაშნინმა, რომელმაც ოფიციალური თბილისი „თალიბანის“ მოძრაობის ხელმძღვანელობას შეადარა, განაცხადა: კოდორის ხეობაში 100-მდე ბოევიკმა მოიყარა თავი და მათი შეკრება კვლავ გრძელდება, ქართველ სამართალდამცავთა დახმარების წყალობითო.

ოფიციალური თბილისი ყველაფერს უარყოფს; კოდორში ჩეჩენი მეომრების ყოფნას გამორიცხავს რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის პრესმდივანი ნორა კვიციანიც.

[კვიციანის ხმა] „ვაცხადებ მთელი კოდორის ხეობის სახელით, ძალიან ვთხოვთ ასეთი ცრუ ინფორმაციის გულისთვის „გაეროს,“ სასწრაფოდ გამოაგზავნონ დამკვირვებლები. ყველა წერტილი, თუ არსებობს ხეობაში სადმე, ყველა შეუძლიათ შეამოწმონ. სრულიად ცრუ ინფორმაციაა, სრულიად ცრუ. არავითარი ჩეჩენი ჩვენს ხეობაში არ იმყოფება. სკოლაა, სწავლება მიდის, ბავშვებით სავსეა ხეობა, ვის რაში სჭირდება ეს ინფორმაცია... იმისათვის აკეთებენ, რომ დაიბომბოს ეს ხეობა.“[სტილი დაცულია]

გაეროს დამკვირვებლებმა რუს მშვიდობისმყოფლებთან ერთად უკვე რამდენჯერმე განახორციელეს კოდორის ხეობის მონიტორინგი და იქ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. აფხაზური მხარე დამკვირვებელთა ამ მისიის მიმართ უნდობლობას გამოთქვამს და მას არაეფექტურად მიიჩნევს.

სეპარატისტებსა და რუს სამხედროებს კოდორის ხეობის ჩეჩენ ბოევიკთა თავშესაფრად გამოცხადება, დაბომბვის საბაბთან ერთად, აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა კონცენტრაციის გაზრდის საბაბსაც აძლევს.
აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის ინფორმაციით, აფხაზებისა და ქართველების გამყოფ საზღვართან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების მობილიზება უკვე მიმდინარეობს. აფხაზეთში ჩეჩენი ბოევიკების შეჭრის ინსცენირებით კი სეპარატისტებსა და რუსეთის სამხედრო შენაერთებს არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფების დადევნების საშუალება ეძლევა. ნადარეიშვილის თქმით:

[ნადარეიშვილის ხმა] „ჩვენი ინფორმაციით, შემჩნეული არის ასეთი ჯგუფები, რომლის გამოდევნასაც დაიწყებენ რუსი სამხედროები და მისდევენ, თან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, ყველაფერი არის მიმართული, რომ მათ შემოტევა საქართველოზე, შემოიჭრნენ მის ტერიტორიაზე.“ [სტილი დაცულია]

ეს კი, კოდორის ხეობასთან ერთად, აფხაზეთის საზღვრისპირა სამეგრელოს რეგიონში საომარი მოქმედებების გაჩაღებას მოასწავებს, რაც დაძაბულობის კიდევ ერთ მძლავრ კერას შექმნის.

თამაზ ნადარეიშვილი თავს იკავებს კოდორის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისგან, თუმცა კი ამის გარეშეც ცხადია, რომ არაა გამორიცხული, ცენტრს მოწყვეტილ რეგიონში პანკისიდან გაქცეულმა ჩეჩენმა მეომრებმა შეაღწიონ, რაც საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს, რუსეთის აგრესიისაგან პანკისის ხეობის დაცვის შემდეგ, გაცილებით სტრატეგიული კოდორის ხეობის უსაფრთხოებაზეც დროულად იზრუნოს.
XS
SM
MD
LG