Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იქცა რუსლან გელაევი განხეთქილების ვაშლად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში 18 სექტემბერს კვლავ ამოტივტივდა ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ფაქტორი. რუსული მხარე კვლავ მოითხოვს გელაევის დაკავებასა და

რუსეთისთვის გადაცემას. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია, რომ გელაევი, დიდი ხანია, ჩეჩნეთში იმყოფება, მოსკოვისთვის დამაჯერებლად არ ჟღერს. იქცევა თუ არა რუსლან გელაევი განხეთქილების ვაშლად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?

ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ფიგურა ნელ-ნელა მითიური გმირის შეფერილობას იძენს. რეალურად, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ენახოს გელაევი. მეორე მხრივ, გელაევის დაპატიმრებისა და რუსეთის მხარისთვის გადაცემის ნოტებს თვლა არა აქვს.
ზოგადად, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ რუსლან გელაევს სხვა ჩეჩენი საველე მეთაურებისგან განსხვავებული ბედი ერგო წილად. ფაქტია, რომ იგი აღარ მონაწილეობს ჩეჩნეთში დაწყებულ მეორე ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რითაც თავად საველე მეთაურების გაღიზიანებას იწვევს. წელს, აპრილში, ერთ-ერთი ევროპელი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსლან გელაევზე, იჩქერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა განაცხადა: “ ნებისმიერ ომში, განსაკუთრებით ისეთ სისხლიანში, როგორიც ჩეჩნეთში მიმდინარე ომია, ხდება ცვლილებები, რომელიც ძნელი გასაგებია ამ მოვლენებისგან შორს მყოფი ადამიანისთვის. რუსლან გელაევი, დიდი ხანია, ჩეჩნეთში არ ყოფილა და ვერ გეტყვით, პანკისის ხეობას აფარებს თავს თუ სადმე სხვაგანაა. მე მისთვის არ მიმიცია ჩეჩნეთის ტერიტორიის დატოვების უფლება და მისგან ახსნა-განმარტებებს ველი.”
უფრო ადრე კი ირკვევა, რომ ჩეჩნეთში ფედერალების პოლიტიკის გამტარებელი აჰმედ კადიროვი ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს გელაევთან მისი რაზმის მიერ იარაღის დაყრის პირობების შესახებ. ეს მოლაპარაკება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გროზნოში მოკლეს საველე მეთაური ხიზირ ხაჩუკაევი. 1999 წელს იგი გროზნოს თავდაცვას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი შუამავლობით აწარმოებდა კადიროვი მოლაპარაკებას გელაევთან მისი რაზმის მიერ იარაღის დაყრის პირობების შესახებ.
საერთოდ კი, ისევ და ისევ რუსული წყაროების თანახმად, როცა, ადრე თუ გვიან, დღის წესრიგში დადგება ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი, რაკი საომარ მოქმედებებს ბოლო არ უჩანს, მოლაპარაკებისთვის საჭირო გახდება ჩეჩენ საველე მეთაურთა შორის ადამიანის შერჩევა. ფაქტია, კრემლი მოლაპარაკებების მაგიდას ასლან მასხადოვთან არ მიუჯდება. ყველაზე რეალური კანდიდატი, ვინც, შესაძლოა, კრემლისთვის მისაღები ფიგურა იყოს, სწორედ რუსლან გელაევია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არ მონაწილეობს ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებაში და რომელიც, ამის მიუხედავად, ანგარიშგასაწევ ძალად რჩება ჩეჩნეთის საზოგადოებაში. ანუ, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის პროკურატურის მოთხოვნები გელაევის დაპატიმრებისა და რუსეთის მხარისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და მეტი არაფერი. რუსეთს დღეს ისე სჭირდება გელაევი, – ოღონდ თავისუფლებაში მყოფი გელაევი, -როგორც არასდროს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუარესების მიზეზად ჩეჩნეთის ფაქტორის დასახელებას არასერიოზულ არგუმენტს უწოდებს პოლიტილოგი ივლიანე ხაინდრავა, რომლის აზრითაც, რუსეთის გაღიზიანების მიზეზი სულ სხვა სიბრტყეშია საძებნი:
[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ გაღიზიანება არის თბილისი-ბაქო-ჯეიჰანთან დაკავშირებით, რადგან ეს თუ რეალური ხდება, საქართველოს დასავლური ორიენტაცია დაეფუძნება კონკრეტულს და არა მხოლოდ განცხადებებს, სურვილებს, ანუ ციდან ჩამოვა დედამიწაზე, გახდება რეალური.”
პოლიტილოგ ივლიანე ხაინდრავასთან ინტერვიუს ხუთშაბათის პროგრამაში შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG