Accessibility links

logo-print

ერაყის თანხმობა დაუშვას შეიარაღების ინსპექტორები, ართულებს შეერთებული შტატების გეგმებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გეგმას, გაუსწორდეს ერაყის დიქტატორს სადამ ჰუსეინს, ხელს უშლის ბაღდადის მოულოდნელი თანხმობა შეუშვას ქვეყანაში გაეროს

განიარაღების ინსპექტორები.

ბაღდადის ამ ნაბიჯის შემდეგ შესუსტდა.საერთაშორისო მხადაჭერა, რომელიც ბუშმა გასულ კვირაში გაეროში გამოსვლით მოიპოვა, ეს გამოსვლა ერაყის წინააღმდეგ გაეროს ახალ ინიციატივას ეხებოდა.

ბუში არ ნებდება და თვლის რომ პრობლემა მხოლოდ ინსპექტორების გაგზავნით ვერ გადაიჭრება. მისი აზრით, სადამს მსოფლიო შეცდომაში შეჰყავს და გაეროს უშიშროების საბჭო მის ანკესზე არ უნდა წამოეგოს.

სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა პრესკონფერენციაზე საჯაროდ იკამათეს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა გაერომ ახალი რეზოლუცია ერაყში ინსპექტორების დაბრუნებამდე და რას უნდა მოელოდეს ბაღდადი, თუ ის ამ რეზოლუციას არ დაემორჩილება. ვაშინგტონი აშკარად სამხედრო აქციებს გულისხმობს.

ივანოვს მიაჩნია, რომ არავითარი ახალი რეზოლუცია არ არის საჭირო და ინსპექტორებმა, უბრალოდ, უნდა იმოქმედონ იმ პროცედურების შესაბამისად, რომლებსაც 1990-იან წლებში მისდევდნენ. შეგახსენებთ, ინპექტორებმა 1998 წელს ერაყი იმ მოტივით დატოვეს, რომ ბაღდადი მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს არ ასრულებდა.
პაუელმა კი თქვა, რომ შეერთებული შტატები, რომლის მიზანია ერაყის რეჟიმის შეცვლა, არ ენდობა ბაღდადს, რადგან კარგად ახსოვს, როგორ არ ასრულებდა ის წარსულში გაეროს რეზოლუციებს და ინსპექტორებს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა.

[პაუელის ხმა] “არ შეგვიძლია, პრობლემა მოგვარებულად ჩავთვალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრისგან გვერდნახევრიანი წერილი მივიღეთ. ასეთი თამაშის მოწმენი უწინაც არაერთხელ ვყოფილვართ.”

ამასობაში ერაყი გაიძახის, რომ ვაშინგტონს ხელიდან გამოაცალა ომის დაწყების ლეგიტიმური საბაბი. ანალიტიკოსები იზიარებენ აზრს, რომ წერილმა ბუშს შესაძლოა, გეგმები აურ-დაურიოს. კატოს ინსტიტუტის ექსპერტის ტედ გალენ კარპენტერის თქმით, თუ ინსპექტორები ვერ იპოვიან დამამტკიცებელ საბუთებს, რომ ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობს, ბუშის ადმინისტრაციას ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებისთვის დამჯერებელი არგუმენტი აღარ ექნება.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი რაიმონდ ტენტერი, აღიარებს, რომ თუ ვერ მოხერხდა ახალი რეზოლუციის მიღება, თეთრი სახლი ხელფეხშებოჭილი აღმოჩნდება. ამასთან, ტენტერი თვლის, რომ ეს ჯერ არ მომხდარა და სანამ ვაშინგტონი ბაღდადს სამხედრო აქციებით ემუქრება, რუსეთი და საფრანგეთი, (ორივეს აქვს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება) საბოლოო ჯამში შეარბილებენ თავიანთ პოზიციას ახალი რეზოლუციის მიმართ, რათა სადამის შემდგომ ერაყზე გავლენა არ დაკარგონ.

[ტენტერის ხმა] “არა მგონია, რუსეთი საქმის არსს ღრმად სწვდებოდეს. ქართველებისა და ჩეჩნების გაყიდვით, ვფიქრობ, რუსების გულის მოგებას შეძლებთ. და თუ ამას მიაღწევთ, ფრანგებიცა და ჩინელებიც თქვენს მხარეზე გეყოლებათ. კითხვა კი ასე ჟღერს: რა საფასურის გადასახდელად არის მზად ადმინისტრაცია რუსების მხარდაჭერის მოსაპოვებლად?”

ამასობაში ბუშის ადმინისტრაცია შეახსენებს ყველას, რომ სადამის წარსულის გათვალისწინებით, მისი ნდობა არ შეიძლება. ბუშის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა სამშაბათს: “ისტორია გვიჩვენებს, რომ სადამ ჰუსეინის სიტყვას ფასი არა აქვსო.”

ვაშინგტონის ბრუკლინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ბილ ფრენცელი ფიქრობს, რომ სადამი, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია წარსულში, ამა თუ იმ გზით ხელს შეუშლის ინსპექტორების მუშაობას და დაკარგავს იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც წერილის წყალობით მოიპოვა. ამის შედეგად კი ბუშის პოზიცია გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG