Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესი თითქმის მზადაა დაუშვას სამხედრო აქციები ერაყის წინააღმდეგ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, არ წააწყდება სიძნელეებს კონგრესში ერაყის წინააღმდეგ გალაშქრების თაობაზე.



ოთხშაბათს ბუში თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წამყვან წევრებს და განიხილა მათთან ერთად რეზოლუციის პროექტი, რომელიც მისცემს მას ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების ნებას.

ოთხშაბათსვე ამერიკის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი კონგრესის სამხედრო სამსახურის კომიტეტის წინაშე გამოვიდა და გააცნო მას ადმინისტრაციის არგუმენტები, თუ რატომ არის საჭირო ერაყის წინააღმდეგ სწრაფად მოქმედება.

ბუში მოითხოვს გაეროსგან ბაღდადის წინააღმდეგ ახალ რეზოლუციებს, ვინაიდან ერაყის დიქტატორი წარსულში განუწყვეტლივ უშლიდა ხელს გაეროს განიარაღების ინსპექტორების მუშაობას.

გაერო მზად იყო მიეღო მკაცრი რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა ერაყში განიარაღების ინსპეტორების უპირობო დაბრუნებას, მაგრამ ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიიღო ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსპექტორები შეიძლება დაბრუნდნენ ერაყში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

რუსეთმა და საფრანგეთმა – უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა ვეტოს უფლებით - უმალვე განაცხადეს შეერთებულმა შტატებმა და გაერომ უნდა დაიცადონ და ნახონ როგორ წარიმართება ინსპექცია; და რომ ახალი რეზოლუციის მიღება საჭირო არ არის, ვინაიდან სადამი უნდა დაემორჩილოს ადრეულ რეზოლუციებს.

ამერიკელები სხვა აზრისა არიან და განაგრძობენ გაეროს დარწმუნება,რომ საჭიროა ახალი რეზოლუცია, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ინსპექტორების უფლებებსა და პასუხიმგებლობას.

როგორც ზემოთ ვახსენეთ ბუშის ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებს ამერიკის კონგრესი. როცა თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი კონგრესში გამოვიდა, კონგრესმენები მას გაგებით შეხვდნენ. პროტესტები გაისმა მხოლოდ მაყურებელთა შორის. ორი ქალი გაიძახოდა, რომ შეერთებული შტატები უნდა დაკმაყოფილდეს ერაყის თანხმობით ინსპექტორთა მიღების თაობაზე.
[ქალების ხმა]

ქალებმა გაშალეს ტრანსპარანტი ამავე მესიჯით. მაისურებზეც იგივე ეწერათ. ისინი გაიყვანეს დარბაზიდან და ინციდენტი დამთავრდა.

რამსფელდმა ისარგებლა შემთხვევით. მან თქვა, რომ ეს იყო ამერიკაში სიტყვის თავისუფლების მშვენიერი მაგალითი, თავისუფლებისა, რომელიც არ დაესიზმრებათ ერაყის მოქალაქეებს.

რამსფელდმა თქვა, რომ შეერთებული შტატები არ ეწინააღმდეგება ინსპექციის იდეას. მაგრამ

[რამსფელდის ხმა] “არ შეიძლება, ჩვენი მიზანი ინსპექცია იყოს. ჩვენ განიარაღებას უნდა ვესწრაფოდეთ. საფრთხე სწორედ აქ იმალება. ინსპექციის მიზანია დაამტკიცოს, რომ ერაყი განიარაღებულია. ეს კი იმის დამტკიცებას ნიშნავს, რომ ერაყმა უარი თქვა იარაღის შექმნის პოლიტიკაზე, რომელსაც უკვე ათი წელია მიმართავს და რომელზეც, მეეჭვება, უარის თქმას აპირებდეს.”

რამსფელდის სიტყვით, სადამის იარაღის ქარხნების პოვნა ადვილი საქმე არ არის. ისინი ან მიწიქვეშ არის დამალული, ან მობილურია და ყველაზე გამჭრიახი ინსპექტორებიც ვერ იპოვიან იმას, რის დამალვასაც მოინდმებს ერაყის ლიდერი.

აქედან გამოდინარე, გაერომ შეიძლება ვერასოდეს ვერ მიიღოს "აბსოლუტურად დამაჯერებელ საბუთებმ”, რომ სადამი ცდილობს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ირაღის ქონას, სანამ ბაღდადი არ გამოიყენებს ამ იარაღს.

რამსფელდის თქმით, სიტუაცია მოგვაგონებს 1930-იანი წლების ევროპას, როცა აცალეს ჰიტლერს, სანამ შეიარღდებოდა და მეზობლებს თავს დაესხმოდა.
XS
SM
MD
LG