Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადასცემს თუ არა საქართველო რუსეთს დაკავებულ 13 ჩეჩენ მებრძოლს


რუსმა სამხედროებმა საქართველოს ხელისუფლებას და, უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტ შევარდნაძეს უკვე ტერორისტების მფარველი უწოდეს და თალიბანის სულიერ მოძღვარსაც კი შეადარეს.

ამ შედარების დასასაბუთებლად კი რუსი სახელმწიფო მოხელეები და საინფორმაციო საშუალებები საქართველოს ხელისუფლებას 13 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიციის გაჭიანურებას აბრალებენ. ამ ფრონტზე, როგორც იქნა, საქართველომაც გაილაშქრა და ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს კონტრბრალდებები წაუყენა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყების წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მათ შორის ერთ-ერთი რუსეთ საქართველოს საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიციის საკითხს უკავშირდება.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ ცნობით, სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ, ტერორიზმთან ბრძოლის დეკლარირების გარდა, საქართველომ პირველი რეალური ნაბიჯებიც უნდა გადადგას და რუსეთს 13 ჩეჩენი ბოევიკი გადასცეს: „იქ დასამტკიცებელი არაფერია, ყველაფერი ისედაც ცხადია: დაკავებული იაპონელი იაპონიას გადასცენ, ეს 13-ი კი - ჩვენ.“

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვარზე შემოჭრილი 13 ჩეჩენი მეომრის დაკავების შემდეგ, მოსკოვმა მათი დაუყოვნებლივ ექსტრადიცია მოითხოვა და დანაშაულებათა დამამტკიცებელი 700 გვერდიანი დოკუმენტაცია გადასცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

მანამდე საქართველოს არაერთი დამნაშავე გადაუცია რუსეთისთვის, მათ შორის, ტერორიზმში ბრალდებულებიც. ამჯერადაც თბილისი მზად არის ყველა ნორმის დაცვის შემდეგ რუსეთის სურვილი კვლავ აღასრულოს. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის თემურ კვირკველიას განცხადებით, ექსტრადიციის ვადები კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. მიუხედავად ამისა:

[კვირკველიას ხმა] „ეს მოხდება უმოკლეს დროში, ეს დამთავრდება რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ ორივე მხარე - რუსეთის მხარეც და საქართველოს მხარეც - დაინტერესებულია, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტივნენ და გადაწყვიტონ ეს პრობლემა. ვინაიდან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ამ პიროვნებათა დაკავების ვადებია კანონმდებლობით განსაზღვრული და არ შეიძლება 6 თვე ან 1 წელი ვამყოფოთ აქ პატიმრობაში ადამიანები.“

თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხრეა ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიციისა, რუსეთის პრეზიდენტი მაინც უკმაყოფილოა. მან რუსეთის გენერალურ პროკურორს, ვლადიმირ უსტინოვს, 18 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაავალა13 ჩეჩენი ბოევიკის პრობლემის გადაწყვეტა. უსტინოვმა თავი იმართლა, ქართველებმა ვერ ამიხსნეს ექსტრადიციას რატომ აჭიანურებენო, და რუსეთის საინფორმაციო საააგენტო „ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ახლა ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოში რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები მუშაობენ. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ 13 ჩეჩენის რუსეთში ჩადენილ დანაშაულებათა ამსახველი მასალის გაცნობას უახლოეს მომავალში დაასრულებენ.

თუმცა შეიძლება მოსკოვი მისი ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგაც არ დაკმაყოფილდეს, რისი ვარაუდის საფუძველს ისევ სერგეი ივანოვის განცხადება იძლევა. იგი კითხულობს, თუ „სად არის გოჩიაევი, რუსეთში საცხოვრებელი სახლების ამფეთქებელი, სად არის გელაევი?“. მხოლოდ ამ ტერორისტების გადაცემის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველო სიტყვიდან საქმეზე გადავიდაო, - დასძენს სერგეი ივანოვი.

ამ მძლავრი პროპაგანდისტული შემოტევის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ რუსეთის პრესას მხოლოდ ის შეახსენა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებენ, რუსული მასმედია ფართოდ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი იგორ გიორგაძის მოსაზრებებს. მის დაკავებასა და ექსტრადიციას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისგან თბილისი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვს. ამის გამო მოსკოვში საქართველოს საელჩომ ოფიციალური პროტესტი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG