Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევართა მუდმივი დასაქმების პროგრამა დამამთავრებელ ფაზაში შედის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში ბევრს საუბრობენ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაზე, მაგრამ დღემდე ეს საუბრები თეორიული დისპუტებისა და კეთილი

სურვილების დონეზე რჩება. თუმცა წელს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, შემუშავდა სპეციალური პილოტპროგრამა, რომლის წარმატებული რეალიზაციის შემთხვევაში მცირე ბიზნესს სერიოზული მორალური სტიმული გაუჩნდება.

მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც ჩვენთან ხატოვნად სახელმწიფოს ეკონომიკის ხერხემალს უწოდებენ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება: მეწარმეებს არც საკრედიტო რესურსი ჰყოფნით განვითარებისათვის და არც გავლენიანი ლობისტები ახვევიათ გარს.

ამ მხრივ, სიტუაცია წლევანდელი წლიდან შეიძლება ოდნავ მაინც შეიცვალოს. დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, შემუშავებულ იქნა ” დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და, ამის ხარჯზე, უმუშევართა დასაქმებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პილოტპროგრამისათვის გათვალისწინებული ხარჯები უმნიშვნელოა და, საერთო ჯამში, მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, თავად მსგავს იდეას აქვს უფრო მეტად მორალური დატვირთვა და, თუ წელს პროექტი წარმატებით დასრულდა, მომავალი წლიდან ის უფრო მასშტაბური გახდება.
პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგება და გულისხმობს, ერთი მხრივ, უმუშევართა დასაქმებას, მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ბიზნესის გაფართოებაში ხელისშეწყობას და დამატებითი მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნას.

პროგრამა 23 ივლისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყო. თავდაპირველად ჩატარდა რეგისტრირებულ უმუშევართა ტესტირება. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის რეზო საყვარელიძის თქმით:

[რეზო საყვარელიძე] ”ეს იყო ფსიქოლოგიური ტესტირება, რომლის მიზანი იყო იმ უმუშევართა გამოვლენა, რომელთაც მეწარმის უნარ-ჩვევები აქვთ. ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 1200 უმუშევარმა, შემდგომ თავისი შესაძლებლობები გადააფასა 874-მა და აქედან მინიმალური ზღვარი გადალახა 256 უმუშევარმა. შემდგომ საკონსულტაციო ცენტრებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მათ გაიარეს მომზადება სამეწარმეო საქმიანობისათვის და ჩაუტარდათ ტესტირება. 156 ადამიანიდან დღეს გამოვლენილია 130 უმუშევარი, რომელთაც წარმატებით განვლეს მეორე ეტაპი და დღეს დაიწყეს მუშაობა ბიზნესიდეის შემუშავებაში.”

საბოლოოდ შერჩეულ უმუშევრებს კონსალტინგ ცენტრის ექსპერტები უწევენ მომსახურებას და ეხმარებიან ბიზნესიდეის ჩამოყალიბებაში. ამ პროცედურების შემდეგ კონსალტინგ ცენტრი რეკომენდაციას გაუწევს უმუშევრებს ”საქართველოს ბანკის” წინაშე, რომელმაც სპეციალურად ამ პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის ტენდერში გაიმარჯვა. ბანკი შერჩეულ ბიზნესგეგმებს დააფინანსებს 6000 ლარის ოდენობის თანხით. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის 40 პროცენტი გრანტია და უმუშევარი მას აღარ დააბრუნებს. კრედიტი გაიცემა 2 წლის ვადით; ამასთან, პირველი 3 თვე მსესხებლისთვის შეღავათიანია. იმის გამო, რომ უმუშევრებს არ გააჩნიათ კრედიტის საგირავნო უზრუნველყოფა, ხელშეკრულება გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ”ნაბათთან”, რომელიც კრედიტის დიდ ნაწილს დააზღვევს.

რაც შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეების ნაწილს, ამ შემთხვევაში კრედიტის ოდენობა 30 ათას ლარამდეა, ხოლო გრანტის წილი კრედიტში 30 პროცენტს შეადგენს. ფაქტობრივად, მეწარმე ამ შემთხვევაში უპროცენტო შეღავათიან კრედიტს იღებს. სამაგიეროდ, ვალდებულებას იღებენ დაასაქმონ რეგისტრირებულ უმუშევართა გარკვეული რაოდენობა.

აღნიშნული პროგრამის წყალობით, უკვე წელს ასზე მეტი უმუშევარი დასაქმდება და გაუჩნდება მუდმივი შემოსავლის წყარო. ეს პილოტპროგრამა, უდავოდ, სერიოზული მორალური მხარდაჭერა იქნება როგორც მცირე ბიზნესისათვის, ისე იმ უმუშევართათვის, რომელნიც დღეს ელემენტარული სოციალური დაცვის გარეშე არიან დარჩენილნი. მიუხედავად ამისა, პროექტის დამტკიცებას დიდი წინააღმდეგობები შეხვდა, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ისე ცალკეული ჩინოვნიკების მხრიდან. თუმცა პროგრამა მაინც დამტკიცდა და იგი ცოტა ხანში დამამთავრებელ ფაზაში შევა.
XS
SM
MD
LG