Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის პროექტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუარესების ძირითადი მიზეზია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 სექტემბერს ნიუ-იორკში მყოფმა რუსეთის ორმა მინისტრმა – საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა - უკვე საერთაშორისო ჟღერადობა შესძინა

ანტიქართულ განცხადებებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისინი საქართველოს ტერიტორიაზევე გაანადგურებენ რუსეთის საზღვრამდე 10 კილომეტრში შემჩნეულ ჩეჩენ ბოევიკებს; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით კი, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის მიზანია რუსეთის განდევნა იმ რეგიონიდან, სადაც მას ისტორიულად ინტერესები აქვს, რაც კატეგორიულად არ აძლევს ხელს რუსეთს.

რუსეთი გაღიზიანებას აღარ მალავს: 19 სექტემბერს რუსეთის მედია, ბაქოში გამართული თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის საზეიმო ცერემონიალის შეფასებისას, ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ ნავთობსადენი, ეკონომიკური თვალსაზრისით, წამგებიანია და მხოლოდ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. ინტერნეტგამოცემა “სტრანას” მოჰყავს ციტატა პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლიდან, როცა მან მილსადენის მშენებლობის დაწყებას დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა. რუსული მხარის განცხადებით, ამაში ძირითადი წვლილი მიუძღვის ამერიკის ადმინისტრაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რაოდენობის გასაზრდელად.
“ნავთობსადენს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები დაიცავენ. ასე რომ, ამ მშენებლობით შევარდნაძე საქართველოში დიდი რაოდენობით უცხოელი სამხედროების მოზიდვას იმედოვნებს,” – ასეთი განცხადება გააკეთა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ზატულინმა, რომელმაც საქართველოს არშემდგარი სახელმწიფო უწოდა. 19 სექტემბერს რადიო “თავისუფლებას” კითხვაზე, რუსეთ-ამერიკის პარტნიორობის ფონზე, გაუგებრად ხომ არ გამოიყურება რუსეთის განცხადება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონსტანტინ ზატულინმა უპასუხა:
[კონსტანტინ ზატულინის ხმა] “ მინდა შევნიშნო, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ნამდვილად ვითარდება და ეს დადებითი ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკას და რუსეთს აღარ აქვთ დამოუკიდებელი ბიუჯეტი, დამოუკიდებელი გადასახადები, დამოუკიდებელი ეკონომიკური ინტერესები. რუსეთი და ამერიკა რომ ერთიანი სახელმწიფო იყოს, ისინი რომ გაერთიანებულიყვნენ, მაშინ, რუსეთსა და ბელორუსიისგან განსხვავებით, ყველა შემთხვევაში ერთნაირი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ექნებოდათ, აბსოლუტურად იდენტური. ამ შემთხვევაში კი ინტერესები იდენტური არ არის.”
მისივე აზრით, ჩეჩნეთის დაუსრულებელმა კონფლიქტმა რუსეთს ხელი შეუშალა დასავლეთის დარწმუნებაში, ახალი ნავთობსადენი კვლავ რუსეთის ტერიტორიის გავლით აშენებულიყო, რაც, კონსტანტინ ზატულინის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ნამდვილად გამართლებული იქნებოდა. შესაბამისად, მაშინ, როცა რუსეთს უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური დანაკარგები აქვს ჩეჩნეთში, სადაც წესრიგის დამყარების ძირითადი მოტივაცია კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების პერსპექტივა იყო, პროექტი კი სულ სხვა მიმართულებით ხორციელდება, რუსეთის კატეგორიულობა გასაკვირი არ უნდა იყოს.



სხვათა შორის, 19 სექტემბრის გაზეთ “ვაშინგტონ პოსტი” სარედაქციო სტატიაში, სათაურით “პარტნიორობის პაროდია,” წერს, რომ პუტინი ბუშს თავისებურ თამაშს სთავაზობს: თუ საქართველოს დასჯის უფლებას მომცემ, მხარს დავუჭერ ერაყის განიარაღების მოთხოვნასო. გაზეთის ცნობით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ ითამაშებენ პუტინის წესებით და თეთრი სახლი ამის შესახებ ამ კვირაშივე განუცხადებს პუტინის ორ მინისტრს, რომლებიც ამჟამად ამერიკაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG