Accessibility links

logo-print

ათი წლის სამხედრო ავიაცია - დღესასწაულიდან რეალურ გამარჯვებებამდე


ხუთშაბათს საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობამ რამდენიმე საათით დატოვა პანკისის ხეობა და ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიული

დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში საქართველოს სამხედრო - საჰაერო ძალებმა მეგობარი სახელმწიფოებისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიღეს, ამ სახეობის ძალები ჯერ კიდევ შორის არიან საბრძოლო სრულყოფისაგან. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, ხელ-ფეხს უხსნის რუსეთის სამხედრო ავიაციას, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე დიდი ხანია საწვრთნელ პოლიგონად გაიხადა.



ათწლიანი არსებობის განმავლობაში ქართულ სამხედრო ავიაციას წარუმატებლობა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე წარმატება. 1992-93 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს, საქართველომ СУ-25 ტიპის 6 ერთეული თვითმფრინავი, 10 საბრძოლო ვერტმფრენი და რამდენიმე გამოცდილი ეკიპაჟი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა სწორედ გუდაუთაში განლაგებული რუსეთის იმ საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშზეა, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევდნენ სეპარატისტებს. ქართველმა სამხედროებმა კი სოხუმის თავზე მხოლოდ ერთხელ შეძლეს რუსული გამანადგურებლის СУ -27 ჩამოგდება. მაგრამ ნადავლი, მართლაც, შთამბეჭდავი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ტიპის თვითმფრინავის პირველი საბრძოლო დანაკარგი, თანაც გამანადგურებელს გამოცდილი რუსი პილოტი შიპკო მართავდა.

კონფლიქტის დამთავრების შემდეგ საქართველოს სამხედრო ავიაციამ პარკის შევსება სამამულო წარმოების СУ –25-ებითა და UH1-H ტიპის ამერიკული სატრანსპორტო ვერტმფრენებით მოახერხა. თუმცა საქართველოს დღემდე არ ჰყავს არც ერთი გამანადგურებელი თვითმფრინავი; სამხედრო ხელმძღვანელობამ, ასევე, დროულად არ დაიჭირა თადარიგი საჰაერო თავდაცვის სისტემის აღსადგენად, რის გამოც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცე ლამის რუსული ავიაციის საწვრთნელ პოლიგონად იქცა. აქედან გამომდინარე, დღემდე რიტორიკულ შეკითხვად რჩება - ძალუძს თუ არა საქართველოს მოწინააღმდეგის ავიაციის განადგურება?

მაგრამ საკითხი აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის გენერალურ შტაბს უკვე მიღებული აქვს ბრძანება, ჩეჩენ მებრძოლთა რეიდების აღსაკვეთად განახორციელოს პრევენტული საავიაციო დარტყმები საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიულ დღესასწაულზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, ეპასუხა მისთვის ამ მტკივნეულ შეკითხვაზე. თუმცა თევზაძე დარწმუნებულია, რომ, თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, იგი

[დავით თევზაძის ხმა] "კაი ჩიტსაც დაიჭერს. "

მინისტრის განცხადება ოპტიმისტურია, მაგრამ არა დამაჯერებელი, რადგან 23 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის შემდეგ დავით თევზაძე მხოლოდ "შურდულის" იმედად იყო.

მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მინისტრის ასეთ მეტამორფოზას თავისი მიზეზები ჰქონდეს.
კერძოდ, პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში, ჯარის სხვადასხვა სახეობის ქვედანაყოფებთან ერთად, საქართველოს სამხედრო ავიაციაც ღებულობს მონაწილეობას. 17 სექტემბერს ამერიკისა და თურქეთის ნაჩუქარი სატრანსპორტო ვერტმფრენების, "იროკეზების", ეკიპაჟებმა წარმატებით შეასრულეს ტაქტიკური დესანტის გადასხმის ოპერაცია და საიმედოდ უზრუნველყვეს სოფელ ხალაწანში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერა.
სოფელ ფიჩხოვანში, ასევე, განლაგებულია საზენიტო დანადგარის СУ -23-ის დივიზიონი, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალების საჰაერო თავდაცვა უნდა უზრუნველყოს. თუმცა აღნიშნული საზენიტო დანადგარები მხოლოდ 1500 მეტრ სიმაღლეზე მფრინავი საფრენი ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენება, ქართველ მეზენიტეებს, რაკი დაბომბვის რეჟიმში მომუშავე ავიაცია სამიზნეს დაბალი სიმაღლიდან უტევს, იმედი აქვთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილ "დაუპატიჟებელ სტუმარს" ერთხელ მაინც კუდით ქვას ასროლინებენ.
XS
SM
MD
LG