Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის დსთ-ს


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი სათაურით “დსთ-ის ნანგრევებზე” და ქვესათაურით “მოსკოვის კონფლიქტებს საქართველოსა და ბელორუსიასთან შეუძლიათ საბოლოოდ დაამსხვრიონ თანამეგობრობის მყიფე სტრუქტურა”,

19 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” აქვეყნებს ტატიანა რუბლიოვას წერილს, სადაც საინტერსოდ არის გაშუქებული აღნიშნული პრობლემის არსი.

თავდაპირველად ავტორი სვამს კითხვას,”რა აერთიანებს ორ მოვლენას - ალეკსანდრ ლუკაშენკოს გუშინდელ მძაფრ გამონათქვამებსა და საქართველოსთან მიმდინარე კონფლიქტს, რომელიც მუქარებისა და შეურაცხყოფის სიბრტყეში გადავიდა?”

აერთიანებს ის, - უპასუხებს კითხვას ტატიანა რუბლიოვა, - რომ, “ჯერ ერთი, ორივე მოვლენა რუსეთის მიერ არის პროვოცირებული და, მეორე, ორივე სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი უპირისპირდება, დსთ-ის წევრია. შედეგად კი, რუსეთის მიერ წარმოქმნილი კონფლიქტები შეიძლება მთელი თანამეგობრობის დაშლის კატალიზატორი გახდეს”.

გაზეთი წერს:

“ამჟამად რუსეთი ორ ყოფილ პარტნიორსა და მოკავშირესთან ცივი ომის მდგომარეობაშია. ამას სრულიად ნათლად მოწმობს სახელმწიფოს მეთაურთა შორის გამართული დიალოგის ტონი და აშკარა ლანძღვა, რომელსაც პოლიტიკოსები დროდადრო მიმართავენ მოვლენების კომენტირებისას. აგვისტოს მიწურულს ალეკსანდრ ლუკაშენკო იმდენად აღარ უფიქრდებოდა თავის სიტყვებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სტალინს შეადარა, გუშინ კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ანატოლი კვაშნინმა თავს უფლება მისცა, პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინა საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, განაცხადა რა, რომ “ის ავღანეთის მოლა ომარისგან არაფრით განსხვავდება”. გენერალმა ასეთნაირად ახსნა ის, თუ რატომ მიიღო რუსეთმა დამატებითი ზომები საქართველოსთან საზღვრის გასამაგრებლად:

“ჩვენ იქ დამატებითი საჯარისო ქვედანაყოფები იმისთვის შევიყვანეთ, რომ შეიარაღებული გარღვევის შემთხვევაში დახმარება გავუწიოთ სასაზღვრო ჯარებს”, უთხრა ანატოლი კვაშნინმა ჟურნალისტებს. იგორ ივანოვმა კი ნიუ-იორკის ფორუმზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთისთვის ნებადართულად მიიჩნევს ტერორისტების დევნას საქართველოს ტერიტორიაზე.

იმავდროულად, ვითარდება უპრეცედენტო სკანდალი ბელორუსიის პრეზიდენტ ალეკსანდრ ლუკაშენკოსთან, რომელიც ლამის ლანძღვა-გინებაზე გადადის ვლადიმირ პუტინის მორიგი, ასე ვთქვათ, “ინტეგრაციული” წინადადების შემდეგ. რას იზამ, ასეთია ამ წინადადებების არსი”.

შემდეგ ავტორი წერს:

“ორივე სახელმწიფო, რომლებთანაც რუსეთს ძალიან სერიოზული კონფლიქტი აქვს, დსთ-ის ქვეყანაა. თუ ანალოგიას გავავლებთ დსთ-სა და სააქციო საზოგადოებას შორის, მაშინ კონფლიქტი რუსეთსა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო სუსტ პარტნიორებს შორის მინორიტარული აქციონერების ბანალურ ცემა-ტყეპას დაემსგავსება. როგორ იქცევიან ცემა-ტყეპის დამსწრე დანარჩენი მინორიტარული აქციონერები? ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ აქციებისგან და სააქციო საზოგადოებიდან გამოვიდნენ, რათა ზარალი არ განიცადონ.
ბიზნესსა და პოლიტიკაში თანამშრომლობის მექანიზმები ერთნაირია. სახელმწიფო, რომელიც ცდილობს გავლენიანი იყოს, არ სცემს მასზე უფრო სუსტ მეზობლებს, - პირიქით, ამ სახელმწიფოთა სტაბილურობაზე ზრუნავს”.

“ნეზავისიმაია გაზეტას” წერილის მიხედვით, “საქართველოსა და ბელორუსიაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები მთელი სიცხადით მოწმობს, რომ დსთ-ში მომწიფდა უაღრესად სერიოზული კრიზისი, რომელსაც შეუძლია სრულ კრახამდე მიიყვანოს ისედაც მყიფე სტრუქტურა”.

ავტორი არ გამორიცხავს, რომ დსთ-ის მომავალ სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, თანამეგობრობის სრული დაშლის ფაქტიც დაფიქსირდეს.
XS
SM
MD
LG