Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყით ძველი და ახალი დაინტერესების მიზეზები


ერაყის იზოლაცია და დაპირისპირება ნავთობის მომხმარებელ

დასავლეთსა და იმ ძალებთან, რომელთაც სურთ ამ წიაღისეულის მეშვეობით სარგებელი ნახონ, 1991-ში კუვეიტის გამო სპარსეთის ყურის მეორე ომით არ დაწყებულა. მსოფლიოს სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად, ერაყმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ამ სახელმწიფოს ხელისუფლებას, სხვა დამოუკიდებელი ქვეყნებივით, დღემდე აქვს პრეტენზია მიწებზე, რომლებიც, წესით, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს. მეტისმეტად შორს წაგვიყვანდა იმის დამადასტურებელი მაგალითების ჩამოთვლა, რომ არაერთი იმპერიის შექმნამდე არსებული ტერიტორიული ერთეულებისთვის სახელმწიფო სტატუსის დაბრუნება, უსამართლოდ თუ არა, მრავალი ფაქტორის გაუთვალისწინებლად მოხდა. ძალიან შორიდან დაწყება არ ღირს. არ ღირს, მაგალითად, იმის გახსენება, რომ ერაყი ძველი მესოპოტამიაა, რომ სასანიდების დინასტიის პერიოდში ის სპარსეთის იმპერიის ბირთვი იყო. ერაყის დღევანდელი მოსახლეობა უფრო არაბთა მიერ ამ რეგიონის დაპყრობის შედეგად წარმოქმნილი ეთნოსის მემკვიდრეა. 17-ე საუკუნეში ეს ტერიტორია ოსმალეთის ხელში მოხვდა და 1918 წლამდე მას მიეკუთვნებოდა. იმპერიის დაშლის შემდგომ ბრიტანეთმა მიიღო ერთა ლიგის მანდატი მესოპოტამიაზე. ეს უკანასკნელი 1924 წლის შემდგომ ერაყის სახელით არსებობს. აქვე უნდა ითქვას, რომ ერაყის პრეტენზია კუვეიტზე სწორედ ამ ისტორიული გაუგებრობის შედეგია. იმპერიის დაშლამდე კუვეიტი ერაყის სამხრეთი პროვინციის - ბასრას ნაწილი იყო და ამიტომ, ერაყის ხელისუფალთა აზრით, იგი ერაყის ნაწილიც არის. თვითონ კუვეიტმა მხოლოდ 1961 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ბაღდადმა მაშინვე გამოაცხადა პრეტენზია ამ ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოზე და მის ხელში ჩაგდებას შეეცადა, მაგრამ ვერ მიართვეს: ბრიტანელებისა და არაბთა ლიგის ჯარმა ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა. არაბულივე სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებამ ერაყი თავიდანვე გარიყა არაბული ლიგიდან. განსაკუთრებით დიდი უთანხმოება ჰქონდა მას ეგვიპტესთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1967 წელს ისრაელის წინააღმდეგ ექვსდღიან ომში იგი იორდანიის მხარეს იღებდა მონაწილეობას.
ერაყი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. იზოლაცია ბოლო ათწლეულის მანძილზე მას საშუალებას არ აძლევს მთლიანად მოიხმაროს ეს სიმდიდრე. 80-იანი წლების ბოლოსკენ, როცა ნავთობზე ფასი დაეცა, ერაყის სახელმწიფოს მეთაურმა სადამ ჰუსეინმა კიდევ ერთხელ აილესა კბილები მეზობელ კუვეიტზე. მაგრამ ნავთობის გარდა, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სადამისთვის, ერაყის მმართველს კუვეიტთან სხვა ანგარიშებიც ჰქონდა. ირანთან ომის დროს, 1980-1988 წლებში, - ეს ომი სპარსეთის ყურის პირველი ომის სახელით შევიდა ისტორიაში, - კუვეიტმა ნეიტრალიტეტი დაიჭირა და არ დაუთმო ერაყს ყურეში მდებარე ორი, სტრატეგიულად მნივშნელოვანი, კუნძული - ვარბა და ბუბიჯანი. ამას გარდა, მან უარი უთხრა ჰუსეინს გაექვითა ვალი, 10 მილიარდი დოლარის ოდენობით. ერაყი, იმ დროისთვის ირანთან ომით საკმაოდ დასუსტებული, კუვეიტის რუმეილას საბადოს მითვისებით მოღონიერებას ლამობდა. 1990 წლის აგვისტოში ერაყმა კუვეიტი დაიკავა. მაგრამ კუვეიტს, ამ ერთი ბეწო, მაგრამ მდიდარ სახელმწიფოს, დამცველები გამოუჩნდნენ. პირველ რიგში, ეს იყო შეერთებული შტატები, რომლისთვისაც იაფი ნავთობის წყაროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ერაყის წინააღმდეგ გალაშქრება შეერთებულ შტატებს იმიტომაც სურდა, რომ, ერთგვარად, დაეცვა ისრაელი, თავისი უპირველესი მოკავშირე ამ რეგიონში, რაკი ერაყის გაძლიერება აქ ისრაელის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ისრაელი ხომ დღესაც შეიძლება ბაღდადის რაკეტების სამიზნე გახდეს, ერაყთან კიდევ ერთი ომის დაწყების შემთხვევაში. ერაყთან მაშინდელი დაპირისპირების მეორად და მხოლოდ თეორიულ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ვაშინგტონის მორალური თუ ჰუმანიტარული მოტივები - ერაყის დიქტატორის ჩამოგდება თუ თავისუფალი ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენა. ჰუსეინის ჩამოგდება მოგვიანებით გახდა აქტუალური. თავის დროზე მხოლოდ მისი დასუსტება და რეგიონში ამგვარი უუნარო დიქტატორის მმართველობა უფრო აძლევდა ხელს შეერთებულ შტატებს. უკიდურეს შემთხვევაში, სადამის ოპოზიციის მეშვეობით გადაყენებაზე იყო ლაპარაკი. მით უმეტეს, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ კუვეიტი თავისუფალ ქვეყნად მიაჩნდეს ვინმეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, თავისი ფეოდალური მმართველობით, ის ძალიან შორს არის დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოებისგან. ამ ძალაუფლების დაკარგვის შიშიც თუ აიძულებდა კუვეიტის ამირას, არ დაჰყოლოდა ერაყის მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ ერაყში 1972 წელს მოხდა, საერთოდ, მრეწველობის და, კერძოდ, ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაცია და ეს ქვეყანა საზოგადოებრივი მოწყობის სოციალისტურ პლატფორმაზე დადგა; სოციალისტური წყობა კი, მისი ათასი უარყოფითი მახასიათებლის მიუხედავად, პარადოქსია, მაგრამ ფეოდალურზე პროგრესული წყობაა.
სპარსეთის ყურის ომი, “უდაბნოს ქარიშხლის” სახელწოდებით ცნობილი სამხედრო აქცია, დიდი უპირატესობით მოიგო სხვადასხვა სახელმწიფოს ჯარებისგან შედგენილმა, გაეროს უფლებით მოქმედმა არმიამ, რომელსაც აშშ-ი ხელმძღვანელობდა. ერაყის ტერიტორიაზე შესვლა და ბაღდადის აღება, ასევე, ჰუსეინის ჩამოგდება და იქ ხელისუფლების შეცვლა, ამ არმიისთვის ძნელი არ იქნებოდა, მაგრამ ხმამაღალი იყო საერთაშორისო პროტესტი. გაეროს მანდატი ამ არმიას კუვეიტის განთავისუფლებას ავალებდა და არა ჰუსეინის ჩამოგდებას.
სადამ ჰუსეინი გადარჩა და მას მერე, არაერთი კრიზისის მიუხედავად, იგი ერაყის ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს. ჰუსეინი ერთობ კირკიტი კაკალი გამოდგა და მისი თავიდან მოშორება მეტისმეტად გაძნელდა. ამ ომის შემდგომმა წლებმა აშკარა გახადა, რომ სადამ ჰუსეინთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. იმდენად დიდია ინტერესთა და პოზიციათა შორის განსხვავება, რომ ერთი კონცეფციის შემუშავება ვერ ხერხდება. კომპრომისი არც ერთ მხარეს არ სურს. იმედი გაეროა ხოლმე, რომლის უშიშროების საბჭოში 5 ქვეყანაა, თითოეული - ვეტოს უფლებით. ვეტოს უფლებამ კი ახლახან მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალზე სახიფათო გარიგების შესახებ ვარაუდების გავრცელება გამოიწვია. არადა, სწორედ ამ ვეტოს უფლებით აღჭურვილ სახელმწიფოებს ხელეწიფებათ მიიღონ მსოფლიო მასშტაბის გადაწყვეტილებები.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG