Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას ითხოვენ


საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 2002 წ.
საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 2002 წ.

დასავლურ სამყაროში ინტეგრირება მხოლოდ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებით, დასავლეთის დახმარებების ზრდითა თუ საქართველოში ამერიკელი სამხედროების ყოფნა-არყოფნით არ განისაზღვრება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად დემოკრატიული იქნება თავად საქართველოს კანონმდებლობა და ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს იგივე უფლებები და თავისუფლებები, რომლითაც დემოკრატიული ქვეყნების მოსახლეობა სარგებლობს. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა, ძალიან ხშირად, იმდენადვე შორს დგას დასავლური სტანდარტებისგან, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარება თუ ქართული არმიის სიძლიერე ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების სტანდარტს. სწორედ ამ ჩამორჩენის დაძლევას ისახავს მიზნად ის სარჩელები, რომელთა განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლომ 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გადადო.

სარჩელების ავტორები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” – მიიჩნევენ, რომ კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოსგან კანონის ანტიკონსტიტუციური მუხლების გაუქმებას ითხოვენ. სასამართლო ერთ-ერთი მოსარჩელის, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, გამოუცხადებლობის გამო გადაიდო, თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის თინათინ ხიდაშელის თქმით, პროცესი უკვე მეორედ გადაიდო, თანაც, პირველი გადადების მოტივი სასამართლომ არც კი აცნობა მოსარჩელეებს.

ახალგაზრდა იურისტების აზრით, კანონი არა მხოლოდ შეკრების თავისუფლებას ზღუდავს, არამედ ადამიანის რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას ეწინააღმდეგება. კერძოდ, იგი ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ უფლებებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება. მოსარჩელეები კანონის ათამდე მუხლის გაუქმებას ითხოვენ, თუმცა მთავარი მაინც რამდენიმე მოთხოვნაა: [თინათინ ხიდაშელის ხმა] “პირველი: კონსტიტუციაში არსად წერია, რომ ეს უფლება არის მხოლოდ მოქალაქეებისთვის, მაშინ, როცა კანონი ამბობს, რომ შეკრების, მანიფესტაციის, მიტინგის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოქალაქეებს ჰქონიათ. მეორე: თურმე ჩვენ წინასწარ უნდა შევათანხმოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ის მიზანი, ლოზუნგები და ასე შემდეგ, რაზეც ვაპირებთ მიტინგზე საუბარს – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას. მესამე: კონსტიტუციაში არ არის ნათქვამი, რომ რაიმე ნებართვა სჭირდება მიტინგის ჩატარებას ვინმეს მხრიდან სახელმწიფოში, იგი მოითხოვს მხოლოდ, რომ წინასწარი გაფრთხილება გაიგზავნოს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიტინგი ტარდება ტრანსპორტისა და ადამიანების სამოძრაო ადგილას, მაშინ, როცა კანონი გარკვევით გვეუბნება, რომ ასეთი გაფრთხილების გაგზავნა ყველა შემთხვევაშია საჭირო. თანაც, გაფრთხილების გაგზავნის შემდეგ აუცილებელია, რომ ჩვენ ველოდოთ პასუხს შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის თაობაზე, დაგვრთავენ ნებას თუ არა.” [სტილი დაცულია]

კანონის ანტიკონსტიტუციურ მოთხოვნებს კიდევ უფრო აღრმავებენ ადგილობრივი მმართველობები, რომლებიც ზოგჯერ აბსურდულ გადაწყვეტილებებსაც კი იღებენ: [თინათინ ხიდაშელის ხმა] “თბილისის მერიის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად აბსურდული იმ მხრივ, რომ მასში ნახევარი თბილისი, მეტიც, თბილისის სამი მეოთხედი ჩამოთვლილია, როგორც აკრძალული ზონა მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარებისთვის.” [სტილი დაცულია]

თბილისის მერიას არც ქუთაისელები ჩამორჩნენ, ოღონდ მოტივაციის ნაწილში ქუთათურები გაცილებით ორიგინალურები გამოდგნენ: [თინათინ ხიდაშელის ხმა] “ქუთაისის მერი სამოტივაციო ნაწილში ამბობს, რომ, სამწუხაროდ, მიუხედავად კანონის მიღებისა, ქუთაისში კვლავაც შეიმჩნევა მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარება დავით აღმაშენებლის მოედანზე და, როგორც წესი, ამ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე გამოთქმული მოსაზრებები და იდეები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი დიდი მეფის და წმინდანის შეხედულებებთან და იდეებთან, რითიც ილახება მისი პატივი და ღირსება. და, ამის გამო, შემდეგ უკვე აკრძალა ქუთაისის მერმა ასეთი მიტინგებისა და შეკრებების ჩატარება ბევრ ადგილზე და ჩამონათვალი, დაახლოებით, ასეთია: დავით აღმაშენებლის ქუჩა, გამზირი, მოედანი, თამარ მეფის ქუჩა, გამზირი, მოედანი, მაგრამ შეიძლება ავტოქარხნის ტერიტორიაზე, ანუ, იქ არაფერი იბღალება, ამიტომ…”[სტილი დაცულია]

ანტიკონსტიტუციური და აბსურდულია კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც შეკრების მიზნის, ფორმის, ჩატარების ადგილისა და სვლაგეზის, დაწყებისა და დამთავრების დროისა და მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობის წინასწარ დადგენას ითხოვს. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც ვერავინ განსაზღვრავს, კონკრეტულად რამდენი ადამიანი შეიკრიბება მიტინგზე და მისი რომელი მონაწილე რა განცხადებით გააკვირვებს შეკრებილებს.
XS
SM
MD
LG