Accessibility links

რუსეთი - კავკასიის რეგიონის სტაბილურობის აღიარებული საფრთხე და საქართველო. ედუარდ შევარდნაძემ ჯორჯ ბუშის მხარდამჭერი წერილი მიიღო


საქართველო დიდ თამაშებში ერთვება. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოსა და იემენში ტერორისტები იმყოფებიან და ადასტურებს,

რომ მუშაობს ამ ქვეყნებთან, რათა მოქმედება შეძლოს. ვაშინგტონმა სამი ქვეყნის - საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების - საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზება ისკისრა. იქვე გამოძახებულ იქნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე. და კიდევ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთი აგრესორად აღიარა, ედუარდ შევარდანძემ კი ჯორჯ ბუშის მხარდამჭერი წერილი მიიღო. მოკლედ, მოვლენები საქართველოს გარშემო უსწრაფესად და ძალზე საინტერესოდ ვითარდება.

საქართველოსა და იემენში ტერორისტების ყოფნაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვუფოვიცმა ისაუბრა და აღნიშნა: “ თუ დაზვერვისგან მივიღებთ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც მოქმედება შესაძლებელი იქნება და, თუ ამ ქვეყნების ხელისუფლებები მოქმედებისთვის მზად არ იქნებიან, მაშინ გადაწყვეტილება თავად უნდა მივიღოთ.” ეს განცხადება რუსმა პოლიტიკოსებმა თუ ჟურნალისტებმა საქართველოსა და ერაყის საკითხებში შეერთებული შტატებისა და რუსეთის შესაძლო გარიგების არგუმენტად აღიქვეს. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას კი საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ნათლად განმარტა, რა საშიშროებას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსეთი.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ბოლო ხანს გაჩენილი სირთულეები მაიძულებს, შევცვალო ჩემი გამოსვლის აქცენტები. ვგულისხმობ გახშირებულ აგრესიულ თავდასხმებს ჩემი ქვეყნის სუვერენობაზე რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან. საქართველოს ყოველდღიურად ადანაშაულებენ ტერორისტების მფარველობაში, მებრძოლების დახმარებასა და ჩეჩნეთის კონფლიქტის გაღვივებაში. ეს არის აშკარა ცდა, საქართველოს სახით რუსეთის საზოგადოებაში მტრის ხატი შეიქმნას. აქ კი მთელი სიცხადით უნდა განვაცხადო: ეს სრული უაზრობაა!”


ირაკლი მენაღარიშვილმა თქვა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის საქართველოს და ქმნის საშიშროებას კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. ეს იყო რუსეთის მიმართ ყველაზე მკაცრი განცხადება იმ განცხადებებს შორის, რაც საქართველოს წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნიდან გაუკეთებია. საგულისხმოა, რომ, რუსეთის პარალელურად, მენაღარიშვილმა გაეროც გააკრიტიკა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მიღებული რბილი და არაეფექტიანი რეზოლუციების გამო. მენაღარიშვილის ვიზიტს ნიუ-იორკში, რაც ამ გამოსვლით დაგვირგვინდა, დაემატა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ჩასვლა ვაშინგტონში, სადაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიგეგმა. ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული წერილი , რომლის შინაარსიც 20 სექტემბერს გახმოვანდა, მაგრამ რომელიც 12 სექტემბრით არის დათარიღებული. “ამერიკელი ხალხი მადლიერია ქართველი ხალხისა და თქვენი, იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ ტერორიზმისგან მსოფლიოს გათავისუფლების კამპანიაში. ჩვენ ერთად ვიღვაწებთ ისეთი მსოფლიოს შესაქმნელად, რომელიც დააფასებს მასში მცხოვრებ ადამიანებს და მისცემს მათ თავისუფალ და იმედით აღსავსე მომავალს,”- წერს ჯორჯ ბუში საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში. რუსი ჟურნალისტები კი აღნიშნავენ, რომ ჯორჯ ბუშს კონტაქტი პუტინთანაც დაუმყარებია, ოღონდ, სატელეფონო. ასეა თუ ისე, საქართველოს გარშემო მოვლენათა განვითარების დინამიკა, უდავოდ, ქმნის საფუძველს იმის სათქმელად, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ, კერძოდ, რა, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის წამყვანი ექსპერტის არჩილ გეგეშიძის აზრით, იმას, თუ ვინ ჩაერევა პანკისის პრობლემის მოწესრიგების საქმეში, ამერიკის შეერთებული შტატები თუ რუსეთი, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ეს ჩარევა ჩვენს რეგიონში ერთის ან მეორის გავლენას განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG