Accessibility links

რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები საქართველოს მისამართით პუტინის მუქარების თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დაპირისპირება მოსკოვსა და თბილისს შორის გრძელდება, რასაც შეშფოთებით ადევნებენ თვალს სომხეთი და აზერბაიჯანი. სომხეთმა , რუსეთის უახლოემა მოკავშირემ რეგიონში,

კიდევაც თავისი შუამავლობა შესთავაზა რუსეთსა და საქართველოს.

თვით მოსკოვშიც კი ზოგიერთ ანალიტიკოსს ეეჭვება, რომ პუტინის მუქარა საქართველოს მისამართით რუსეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვით არის განპირობებული.

მოსკოვის ეთნო-პოლიტიკური და რეგიონული პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის ემილ პაინის აზრით, პუტინის გამოსვლებს შეიძლება რამდენიმე ფარული მიზანი ჰქონდეს და ერთ-ერთი მათგანი საკუთარი პოპულარობის ზრდაა. პაინის თქმით, პუტინმა, როცა პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის მარტში, პირობა დადო, რომ სწრაფად და წარმატებით დაამთავრებდა ჩეჩნეთის მეორე ომს.

პაინი იხსენებს, რომ რუსეთმა ოთხჯერ თუ ხუთჯერ ოფიციალურად განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები ჩეჩნეთში დამთავრდა, მაგრამ ბრძოლები მაინც გრძელდება და მსხვერპლი (მათ შორის რუს ჯარისკაცებს შორის) იზრდება. პაინის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს განტევების ვაცი სჭირდება. და საქართველოს სახით მან ის იპოვა კიდეც.
[პაინის ხმა] “ყველაზე ადვილია იმის თქმა, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის და ჩვვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ვინაიდან ჩეჩნებს ქვეყნის გარეთ აქვთ ბაზები, რომელთაც ჩვვენ ვერ ვაკონტროლებთ…. თუმცა, ყველასთვის ნათელია, რომ გაცილებით, გაცილებით უფრო მეტი ჩეჩენი მებრძოლი იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე და არა საქართველოში”.

მაგრამ რა მოტივებითაც უნდა იყოს გამოწვეული მოსკოვის ულტიმატუმი, ის სომხეთმაც კი, რეგიონში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირემ, შეშფოთებით აღიქვა.

ალექსანდრ არზუმანიანმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილი მმართველი პარტიის – “სრულიად სომხეთის ეროვნული მოძრაობის” თავმჯდომარემ, თქვა, რომ რაგინდ სამართლიანი უნდა იყოს მოსკოვის პრეტენზიები საქართველოს მიმართ, ის ვერ გაამართლებს პუტინის პოზიციას, რასაც შესაძლოა, სავალალო შელეგები მოჰყვეს მთელი რეგიონისთვის.

[არზუმანიანის ხმა] “რუსეთმა უნდა სცადოს, თავისი პრობლემების საქართველოსთან, სუვერენულ სახელმწიფოსთან, კონსულტაციების გზით გადაჭრას. ცხადია, რუსეთს აშფოთებს, რომ მის საზღვრებს არღვევენ ჩეჩენი მებრძოლები, მაგრამ ფაქტია, საქართველოს აქვს უფლება, თვითონ მოაგვაროს პრობლემები საკუთარ ტერიტორიაზე”

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა პუტინის მუქარაში საშიშროებას რეგიონისთვის, არზუმანიანმა თქვა: “ცხადია, დღეს ეს საქართველოა, ხვალ რომელიმე სხვა ქვეყანა იქნეობაო”.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის წაყენებულ ულტიმატუმს საკუთარ თავზე იზომებს. აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ელხან ნურიევმა, სამხრეთი კავკასიის კრიზისების მენეჯმენტის შემსწავლელი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ჩვენს რადოისთან საუბარში თქვა, რომ თუ პუტინი მიაღწევს საქართველოში თავის მიზანს და საგარეო პოლიტიკაშის მას გეზს შეაცვლევინებს, ამას დიდი გავლენა ექნება აზერბაიჯანზე.

სომხეთზე გავლენის გაძლიერბა კი კრემლს არ სჭირდება, რაგანაც ერევანი ისედაცე რუსეთზეა ორიენტირებულიო, თქვა ნურიევმა.

ნურიევის თქმით საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გავლენა უკვე შეიჩნევა. მაგალითად მან მოიყვანა, ამა წლის იანვარში დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვით რუსეთი ათი წლის განმავლობაში ისარგებლებს აზერბაიჯანის ყაბალას სამხედრო სარადარო სადგურით.

ყოველივე ზემოთნათქვამმა არ შეფერხა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ინაგურაცია, რომელიც აშკარად შეასუსტებს სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის გავლენას, რომლის ერთ-ერთი ინტსრუმენტი ენერგომატარებლების მიწოდებაა.
XS
SM
MD
LG