Accessibility links

logo-print

მთავრობაში საბიუჯეტო ციებ-ცხელება დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას მთავრობაში ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინტენსიური განხილვა დაიწყეს.

რამდენიმე დღიანი დაძაბული განხილვები ოქტომბრის მოახლოებით არის განპირობებული. ეს ის ვადაა, როდესაც, კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი პარლამენტში უნდა წარადგინოს.

ფინანსთა სამინისტროში შემუშავებული 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საშემოსავლო ნაწილი მილიარდ 17 მილიონ 800 ათასი ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - მილიარდ 238 მილიონ 800 ათასი ლარით.
ამასთან, ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, პროექტის თანახმად, 791 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - მილიარდ 12 მილიონ 600 ათას ლარს.
2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,5 პროცენტს შეადგენს და 7 მილიარდ 960 მილიონი ლარით განისაზღვრება, ამასთან, ინფლაცია 5 პროცენტის დონეზეა ნავარაუდევი.
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროებიდან საგარეო დაფინანსებაზე 170 მილიონი ლარი მოდის, დანარჩენი კი შიდა წყაროებიდან დაიფარება.

შედარებისათვის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 928 მილიონ 600 ათასი ლარია, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - მილიარდ 148 მილიონ 200 ათასი ლარი. ამასთან, 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 730 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 950 მილიონი ლარით.

სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დადებით მოვლენად აფასებს იმას, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საკუთარი შემოსავლები 70 მილიონი ლარით აღემატება 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელს. თუმცა ეს მხოლოდ გეგმიური მაჩვენებლის პროექტია და მას შესრულება უნდა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, როგორც ჩანს, ქვეყნის თავდაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და ამ მიმართულებით დაფინანსების ზრდა 30 პროცენტის დონეზეა ნავარაუდევი. თუმცა ეს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილ თანხაზე მაინც გაცილებით ნაკლებია. სხვა ძალოვან სამინისტროებს კი 10 პროცენტიანი მატება ერგოთ.

რაც შეეხება პედაგოგებისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდას, რომელიც უკვე წლევანდელი წლის სექტემბრიდან უნდა განხორციელებულიყო, ხელისუფლებამ ამ დაპირების შესრულება მომავალი წლისთვის გადადო.

წინა წლების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად არარეალური საშემოსავლო პარამეტრების დაგეგმვა მიაჩნდათ. მთავრობა, ტრადიციულად, სასურველს რეალურად ასაღებდა და საბიუჯეტო მაჩვენებლებს ქაღალდზე ზრდიდა. საფინანსო უწყების წარმომადგენელთა რწმუნებით, ამგვარ გაუგებრობას წელს თავს დავაღწევთ და სახელმწიფო ბიუჯეტსაც რეალურად არსებულ საშემოსავლო ბაზაზე გავთვლით, თუმცა უკვე გასული კვირის განხილვებიდან იკვეთება გარკვეული შეუსაბამობა ამ დაპირებასთან. მაგალითად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მთავრობა მომავალ წელს 30 მილიონიან შემოსავალს ელის. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის რწმუნებით კი, ქვეყანა თავის საპრივატიზაციო პოტენციალს დღევანდელ ეტაპზე გადამეტებულად აფასებს - 2003 წლისათვის ამ ოდენობის შემოსავალს ამ სფეროდან არ უნდა ველოდეთ. იგივე შეიძლება ითქვას ეროვნული ბანკის მოგებაზეც: მომავალი წლისთვის, ცენტრალური ბანკის მოგების ხარჯზე, ბიუჯეტი ზედმეტი 24 მილიონის მიღებას ვარაუდობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ უწყების მოგება, მართლაც, შთამბეჭდავი იყო და ხშირად დაგეგმილ პარამეტრებსაც სცდებოდა, მაგრამ წელს მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე ჩამოყალიბებული ტენდენციის მიხედვით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები კლებას განიცდის – მნიშვნელოვანი მოგების დაგეგმვა არარეალური იქნება.

საბიუჯეტო განხილვები აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომავალ კვირასაც გაგრძელდება და ოქტომბრიდან კი უკვე პარლამენტის კედლებში გადაინაცვლებს.

გასული კვირის და, შესაძლოა, მთელი წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენა კი, უდავოდ, 18 სექტემბერს აზერბაიჯანში სანგაჩალის ნავთობტერმინალზე გამართული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი გახდა.

ბოლო პერიოდში საქართველოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ამ ცერემოანისაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა, თუმცა ”დიდი ნავთობსადენის” პროექტი ჩანასახშივე ატარებდა ამგვარ დატვირთვას. აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირება და მისი შემდგომი ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე იმთავითვე აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების სფეროში მოიაზრებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ შეთანხმებას ძირითადი საექსპორტო მილსადენის მარშრუტის არჩევის შესახებ აშშ-ს, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა 1999 წელს სტამბულის ეუთოს სამიტის მიმდინარეობისას მოაწერეს ხელი.

საუკუნის პროექტში აშშ-ს პატრონაჟი, დიდი ნავთობსადენის ეკონომიკური მიზანშეწონილობის თემაზე აგორებული დისკუსიების მიუხედავად, მთელი ამ ხნის განმავლობაში გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ.
სწორედ ამიტომ გასულ ოთხშაბათს აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე სანგაჩალის ნავთობტერმინალზე გამართულ საზეიმო ცერემოანიალს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების გარდა, აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი სპენსერ აბრაჰამსიც ესწრებოდა.

ნავთობსადენის საერთო სიგრძეა 1760 კილომეტრი, აქედან 1070 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, 442 კილომეტრი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და 248 - საქართველოს ტერიტორიაზე. მილსადენის საპროექტო ღირებულებაა 2,95 მილიარდი დოლარი. მისი მშენებლობა 2004 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

კვირის ბოლოს ნავთობსადენით აშშ-ს სერიოზული დაინტერესება დაადასტურა თბილისში ვიზიტად მყოფმა სახელწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა კასპიის ენერგეტიკული სტრატეგიის საკითხებში სტივენ მანმაც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. შტატების ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ნავთობსადენის უსაფრთხოების თემას და, სავარაუდოა, რომ ამ სფეროში სერიოზულ დახმარებასაც გაგვიწევს.

თავად აშშ-ს პრეზიდენტის მიმართვაში კი, რომელიც პროექტის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებს გამოუგზავნა ჯორჯ ბუშმა, აღნიშნულია, რომ ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, კასპიის აუზის ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობათა თანამშრომლობა და ნდობა შეიძლება ახალი პარტნიორების მოზიდვის წინაპირობა გახდეს, - აღნიშნავს პრეზიდენტი ბუში. თეთრი სახლის ეს მორიგი მხარდაჭერა, მითუმეტეს ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით ღირებული სწორედ საქართველოსათვის აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG