Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე ომს ერაყის წინააღმდეგ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 11 წლის წინ, სპარესთის ყურის ომში საერთაშორისო ძალებმა უკანასკნელად გაილაშქრაეს ერაყის წინააღმდეგ. მაშინ ნავთობზე ფასების მკვეთრმა ზრდამ შეერთებული შტატების ეკონომიკის რეცესია გამოიწვია,

რამაც, საბოლოო ჯამში, თითქმის მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა.

ამ კვირაში ერაყი შეეცადა აეცილებინა თავიდან ახალი ომის საშიშროება იმით, რომ ქვეყანაში გაეროს განიარაღების ინსპექტორების შეშვებაზე დათანხმდა. ამით მან ძალა გამოაცალა შეერთებული შტატების მცდელობებს მიეღო მკაცრი ზომები ერაყის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივის ჩარჩოებში.

მსოფლიოს საფინანსო ბაზრებმა უმალვე შვებით ამოისუნთქეს: ნავთობის ფასები დავარდა, აქციები გაიზარდა. გაიზარდა, აგრეთვე დოლარის რეიტინიგი ევროს მიმართ.

მაგრამ სამხედრო მოქმედებები ჯერჯერობით არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, მით უმეტეს რომ ვაშინგტონი და ლონდონი სკეპტიკურად არიან განწყობილი ბაღდადის წინადადების მიმართ.

ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ თუმცა დღევანდელი სიტუაცია წააგავს 12 წლის წინათ შექმნილ ვითარებას, როცა ერაყი ქუვეითში შეიჭრა. არის განსხვავებაც, რის გამოც მოსალოდნელი სურათი შეიძლება ბუნდოვანი იყოს.

ერთი მხრით, შეერთებული შტატები ნაკლებად არის დამოკიდებული ნავთობზე, ვიდრე ათეული წლის წინათ. მეორე, ამერიკამ შეიძლება დაითანხმოს სხვა ნავთობმწარმოებლები – მათ შორის რუსეთი და საუდის არაბეთი – აანაზღაურონ ერაყის ნავთობის მკვეთრი შემცირება. და კიდევ, მსოფლიოს ნავთობის რეზერვები ამჟამად გაცილებით უფრო მდიდარია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფასები მეტისმეტად მკვეთრად არ გაიზრდება.

არის აგრეთვე მოსაზრება, რომ ნავთობზე მაღალი ფასები გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს. ამ აზრისაა, მაგალითად, თავდაცვის ეკონომიკის ექპერტი პროფესორი რონ სმითი ლონდონის ბირკბეგის კოლეჯიდან.

ნავთობის ექპორტიორი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, აგრეთვე იხეირებს ნავთობზე ფასების ზრდით. ზოგიერთი ექპერტი ვარაუდობს, რომ ომმა შეიძლება შეერთებული შტატების ეკონომიკის გამოცოცხლებაც კი გამოიწვიოს თავდაცვის ინდუსტრიის გააქტიურების წყალობით.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეკონომიკაზე სამხედრო კამპანიას მაინც და მაინც უარყოფითი გავლენა არ ექნება. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა ეკონომიკის დარგში, ლორენს ლინდსიმ ამ კვირაში გამოთქვა მოსაზრება, რომ გამორჩენამ ხანმოკლე ომიდან, რომელიც სადამ ჰუსეინის ჩამოგდებით დამთავრდება, შეიძლება გადააჭარბოს ხარჯებს. მისი სიტყვით, ამ ხარჯებმა შეიძლება 200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა პოლ ო’ნილმა უარი თქვა პოტენციური სამხედრო კამპანიის ხარჯების ზუსტ შეფასებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს შეერთებული შტატების შესაძლებლობების ფარგლებშია. ხოლო შეერთებლი შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ალან გრინსპენმა თქვა, რომ თუ ომი დიდხანს არ გაგრძელდება, ეკონომიკური ტვირთი არ იქნება დიდი.

მაგრამ არიან პესიმისტებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი რანგის წარმომდგენელმა გერდ ჰაუსლერმა თქვა, რომ ერაყთან კონფლიქტმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს გლობალური ეკონომიკის გამოჯანსაღების მცდელობებს.

გამოჩენილმა ამერიკელმა ეკონომისტმა პოლ კრუგმანმაც თქვა, რომ ომი კი არ გამოაცოცხლებს შეერთებული შტატების ეკონომიკას, არამედ პირიქით, მოწამლავს მას. ამ კვირაში მან თქვა, რომ 1970-იანი წლების ყოველ ნავთობის კრიზისს მოსდევდა რეცესია და ადვილი შესაძლებელია ამჯერადაც იგივე მოხდეს.

იხსენებენ აგრეთვე შემდეგს: სპარსეთის ყურის ომში ამერიკის მოკავშირეები საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობდნენ სამხედრო კამპანიის დაფინანსებაში. დღეს, როგორც ჩანს, ხარჯების უდიდესი წილის გაწევა ამერიკას თვითონ მოუხდება.

ათი წლის წინათ ფედერალურ რეზერვებს შეეძლო ნავთობის ფასების ზრდის დაფარვა საპროცენტო განაკვეთის შემცირებით. დღეს ეს განაკვეთი მხოლოდ 1,75 პროცენტს შეადგენს და მისი შემდგომი შემცირება ძნელია.

რაც შეეხება ევროპას, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ამ კვირაში ზალცბურგში განაცხადა, რომ მათი ეკონომიკა ვერ გაუძლებს ნავთობის ფასების ზრდისა და მომხმარებელთა აქტიურობის შესუსტების კომბინაციას.

ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები, როგორც ცენტრალურ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება ორმაგად დაზარალდნენ – ერთი მხრივ, გაიზრდება ნავთობის ფასები, მეორე მხრივ, შემცირდება დასავლეთი ევროპის – მათი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მოთხოვნა მათ მიერ ექსპორტირებულ საქონელზე.

ბედის ირონია იმაშია, რომ ეკონომიკური ტრანსფორმაციის პერიოდში ექპორტის საქმეში მიღწეული წარმატება, ამ ქვეყნების სუსტ წერტილად გადაიქცევა.
XS
SM
MD
LG