Accessibility links

logo-print

პროგრამის ბოლოს, როგორც დაგპირდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით საქართველოსა და რუსეთს


პროგრამის ბოლოს, როგორც დაგპირდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოების თემას და მის შესახებ დასავლეთის წამყვან საინფორმაციო

საშუალებებში გამოთქმულ მოსაზრებებს გაგაცნობთ.
მიმოხილვას დავიწყებთ ბრიტანეთში გამომავალი ყოველკვირეული ”ეკონომისტით”, რომლის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ კომენტარში სათაურით ”პუტინის ახირება”, ვკითხულობთ:

”ადამიანებს, ვინც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოხსენებებს უწერს, უთუოდ ჰგონიათ, რომ კარგადა აქვს შესწავლილი ამერიკის საგარეო პოლიტიკა. ისინი, როგორც ჩანს, ცდილობენ, მიბაძონ, უფრო ზუსტად კარიკატურული სახით გადაიღონ ამერიკის ყოველი ახალი იდეა. ეჭვს არ იწვევს, რომ მათი ხელი ერია მკაცრი ტონის მიმართვაში, რომელიც ბატონმა პუტინმა გაეროს გაუგზავნა და რომელშიც ასახულია მეზობელ საქართველოში ინტერვენციის აუცილებლობა, თუ ამ ქვეყნის მთავრობა არ გაწმენდს თავის ტერიტორიას ჩეჩენი ტერორისტების ჯგუფისაგან. ისევე როგორც ამერიკა ერაყში, რუსეთიც მოითხოვს სამხედრო ოპერაციის განხორციელების უფლებას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც საერთაშორისო სამართლის დამრღვევად მიიჩნევს. ისევე როგორც ამერიკა ავღანეთში, რუსეთიც იმით ამართლებს თავის მოქმედებას, რომ ”არ შემდგარი” სახელმწიფოებიდან, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს უშიშროებას”.

წამყვანი: მაგრამ ბრიტანელი კომენტატორი ასეთი პარალელების გავლებას სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევს:

დიქტორი: ”თუ რუსები შეშფოთებული არიან სამხრეთის საზღვრებთან უშიშროების საკითხით, სჯობს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ძირის გამოთხრის მაგივრად, ის პირიქით, განამტკიცონ. საქართველო არც საფრთხის შემქმნელი ქვეყანაა და ჯერჯერობით, არც ”არ შემდგარი სახელმწიფო”. ქართველებს უცხოელები არ სჭირდებათ თავიანთ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლის ორგანიზატორებად. მიბაძვით, შესაძლოა, მავანს თავი მოჰქონდეს, მაგრამ სხვებმა პარალელები არ უნდა დავინახოთ იქ, სადაც პარალელები არ არსებობს”, შენიშნავს ”ეკონომისტი”.

წამყვანი: გერმანიის ”ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი” 19 სექტემბრის ნომერში მოზრდილ წერილს უძღვნის პანკისის ხეობის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებს. ”პუტინის ბლეფი და შევარდნაძის ინტრიგები” – ასე ეწოდება მარკუს ვენერის ამ სტატიას, რომლის ირონიული ტონი პირველსავე წინადადებაშია გამოხატული:

დიქტორი: ”რუსეთის მომავალი, მისი ბედნიერება და უბედურება საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ერთ ხეობაზე ყოფილა დამოკიდებული. ასეთი შთაბეჭდილება რჩება კაცს ამ უკანასკნელ დღეებში. პრეზიდენტი პუტინი სამხედრო დარტყმებით იმუქრება, მის გენერალურ შტაბს მძიმე შეიარაღების და საგანგებო დანიშნულების ჯარის შეყვანა სურს რეგიონში... დამნაშავეებისა და ექსტრემისტებისგან ხეობის გაწმენდას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამხრეთში რუსეთის უსაფრთხოება ნამდვილად არ არის დამოკიდებული მხოლოდ ამაზე. რუსეთის პრობლემა ჩეჩნეთია და არა პანკისი. მეორე სამხედრო კამპანიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგაც მშვიდობაზე ლაპარაკი ნაადრევია.”

წამყვანი: ავტორი შენიშნავს, რომ რუსეთის სამხედროებმა ვერ მოახერხეს ჩრდილოეთი რაინლანდ-პფალცის ოდენა რესპუბლიკის დამორჩილება სამი წლის განმავლობაში. ამიმომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო იდეალური განტევების ვაცია. ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ არა პანკისის ხეობაო – იმეორებს გამოუცდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი თავისი გენერლების აზრს. გაზეთის აზრით, სწორედ რუსი სამხედროები არიან დაინტერესებული ჩეჩნეთის ომის რაც შეიძლება გაჭიანურებაში.

დიქტორი: ”რუსეთის მუქარა, რომ მძიმე შეიარაღებით და საგანგებო ჯარებით შეიჭრება პანკისის ხეობაში, ბლეფია. მძიმე შეიარაღების გამოყენება მთიან ლანდშაფტში შეუძლებელია, ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის გამოსადეგარი ჯარები რუსეთს არა ჰყავს. წელიწადის დროც მოუხერხებელია: ზამთარი ახლოვდება.

წამყვანი: სტატიის ავტორის თქმით, პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე მხრივ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მეზობელი ქვეყნის არასტაბილურობის შესანარჩუნებლად.

დიქტორი: ”საქართველოს სეპარატისტულ რეგინში, აფხაზეთში, რომელიც მხოლოდ მოსკოვის დახმარებით ახერხებს არსებობას, მოსახლეობა ამჟამად რუსეთის პასპორტებს იღებს. მაშინ, როცა კალინინგრადის ოლქში შეუძლებელია მოსახლეობისთვის სამგზავრო პასპორტების მიცემა, აფხაზეთში ორი კვირის განმავლობაში იღებენ რუსეთის პასპორტს. იგივე ხდება სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში. თუკი საქართველო ოდესმე დააპირებს ამ რეგიონებში საკუთარი ხელისუფლების აღდგენას, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, ”საკუთარ” მოქალაქეებს დაეხმაროს”.

ერაყი

წამყვანი: უცხოეთის ჟურნალ-გაზეთები ასევე განაგრძობენ მსჯელობას ერაყის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის საკითხზე. ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიების რიცხვმა კიდევ უფრო იმატა მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს ბაღდადმა მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს განიარაღების ექსპერტები უპირობოდ შეუშვას ბაღდადში. ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის “ფაინენშლ ტაიმსის” მიმომხილველი ფილიპ სტივენსი აღნიშნავს:

დიქტორი: “თუ შეერთებულმა შტატებმა მართლაც წამოიწყო ომი ერაყში მოქმედი რეჟიმის დასამხობად, ეს ევროპის სერიოზული სტრატეგიული მარცხი იქნება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარდა, არც ერთ ევროპელ ლიდერს არ სჯერა, რომ ერაყზე თავდასხმა გამართლებული ან უხიფათო იქნება. და მაინც, თუ შეერთებულმა შტატებმა ბაღდადზე გაილაშქრა, ყველა ეს ლიდერი მორჩილად დაეწყობა ერთ რიგად. ევროპელი ლიდერები ხმის ამოუღებლად დაყაბულდებიან სამხედრო ოპერაციას, რადგან სხვაგვარად მოქცევა შეეშინდებათ. ცხადია, მათ აშფოთებთ ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომის გავლენა როგორც ევროპის, ისე შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე; მაგრამ მათში კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოჰყვეს ურჩობას მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოს მიმართ.”

წამყვანი: ერაყის საკითხს ეხება “ნიუ იორკ ტაიმსის” მიმომხილველი ნიკოლას კრისტოფიც. მისი თქმით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია სავსებით სწორად იქცევა, სკეპტიკურად ეკიდება რა ერაყის განზრახვას, ბაღდადში დააბრუნოს გაეროს განიარაღების ექსპერტები. თუმცა, კრისტოფის აზრით, ვაშინგტონი აჭარბებს, როცა ამთავითვე გადაჭრით გამორიცხავს ნებისმიერი ინსპექციების შედეგიანობას. ომის საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთ შანსად “ნიუ იორკ ტაიმსის” მიმომხილველს სწორედ ინსპექციების განახლება ესახება:

დიქტორი: “გაეროს უწინდელი ინსპექციების მისამართით არაერთი სამართლიანი შენიშვნა გამოთქმულა. მაგრამ იმ ინსპექციების შედეგად მოსპობილ იქნა ერაყის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის მეტი რაოდენობა, ვიდრე ეს სპარსეთის ყურის ომის დროს მოხდა. ჭეშმარიტად მკაცრი და აგრესიული ინსპექციების შედეგად კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება; სწორედ მათი მეშვეობით შეიძლება მოხერხდეს უომრად ერაყის ნეიტრალიზება.”
XS
SM
MD
LG