Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას თბილისში მუსიკალური სეზონიც გაიხსნა.


გასულ კვირას თბილისში მუსიკალური სეზონიც გაიხსნა.

თანაც, ერთდროულად ორ დარბაზში – მუსიკალური კულტურის ცენტრში, სადაც დაიწყო ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, რომელიც საესტრადო მუსიკის მოყვარულებს მანანა თოდაძის სოლო-კონცერტზე ეპატიჟებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონი ერთდროულად გაიხსნა ორი სრულიად განსხვავებული მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც, ვერ გეტყვით, “საბაზრო ეკონომიკამ” თუ ქართველი შოუ-ბიზნესმენების პირადმა ამბიციებმა, სხვადასხვა დარბაზში გაანაწილა; “ისთერ პრომოუშენის” ჯაზ-ფესტივალს თუ არ ჩავთვლით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი დიდი ხანია გახდა “ადვილად მოსანელებელი” მუსიკის კერა. დარბაზში, სადაც ოდესღაც რიხტერი უკრავდა და რომელსაც პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ქალღმერთი, მუზა ამშვენებს, დღეს მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე მუშაობს. გასულ სეზონში ფილარმონიის სცენაზე ტრადიციულად ხუმრობდნენ თეატრისა და კინოს მსახიობები (მღეროდნენ და ცეკვავდნენ), სპექტაკლებს მართავდნენ ექიმები და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელებიც კი. აქ იდგმებოდა უფრო სერიოზული წარმოდგენებიც... მაგალითად, პოლიტიკურ პარტიათა ყრილობები. მოკლედ, იყო ყველაფერი, გარდა სერიოზული მუსიკისა. სეზონის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისთვისაც გამონახა დრო – ქონების მართვის სამინისტრომ შექმნა სპეციალური საბჭო, რომელიც ამიერიდან არა მარტო ფილარმონიის შემოსავლებს, არამედ დედაქალაქის მთავარი და ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის რეპერტუარსაც გააკონტროლებს. საბჭოში, რომელსაც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი გურამ გაბიძაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან მუსიკოსებიც – თამაზ ყურაშვილი და გოგი ჭიჭინაძე. ამ უკანასკნელმა, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორია, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საბჭოს შექმნას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან წინააღმდეგობები არ მოჰყოლია. გოგი ჭიჭინაძის თქმით, საქართველოში ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ფეოდალურ პრინციპებზე აგებული სისტემა აბსოლუტურად უნაყოფოა ყველგან - მათ შორის, კულტურაშიც. ამიტომ დროა, დედაქალაქში მოქმედ ყველა კულტურულ დაწესებულებას მართავდეს არა მარტო ადმინისტრაცია, არამედ თავად საზოგადოებაც, მსმენელი, მაყურებელი. [გოგი ჭიჭინაძის ხმა]: “მე, საერთოდ, მომხრე ვარ, რომ იყოს ასეთი სამეთვალყურეო დარბაზი ყველგან, ყველა დარბაზში, ყველა თეატრში და მათ შორის იქ, სადაც მე ვმუშაობ, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში.”

ნიშნავს თუ არა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის მოწვევა ფილარმონიის სამეთვალყურეო საბჭოში, რომ ამიერიდან საკონცერტო დარბაზი რეპერტუარის მრავალფეროვნებაზეც იფიქრებს და სერიოზული მუსიკის მოყვარულებს გაუღებს კარს? ამ კითხვაზე გოგი ჭიჭინაძეს ჯერ არ შეუძლია პასუხის გაცემა. იგი ასახელებს მხოლოდ მიზეზს, რის გამოც ფილარმონია ყურადღებას აღარ უთმობს კლასიკას:
[გოგი ჭიჭინაძის ხმა] “საერთოდ, ითვლებოდა და ითვლება, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა არის დარბაზი ტექნიკური თვალსაზრისით, კლასიკური მუსიკის საღამო წამგებიან მდგომარეობაში იქნებოდა... აკუსტიკურად, ყველანაირად... მე ვუდირიჟორებდი ორკესტრს ყველანაირ დარბაზში თბილისში.”

ეს უკვე იმ ადამიანის სიტყვებია, რომელიც უსახლკარო სახელმწიფო ორკესტრში მოღვაწეობს. თუმცა ვახტანგ მაჭავარიანისგან განსხვავებით, რომელიც ამ კოლექტივის ხელმძღვანელია, გოგი ჭიჭინაძე არ თვლის, რომ დარბაზის პრობლემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორკესტრის მუშაობაზე. მისი თქმით:
[გოგი ჭიჭინაძის ხმა] “საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დარბაზი არა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვმართავთ კონცერტებს, გვაქვს სარეპეტიციო დარბაზი ოპერაში და ვმართავთ კონცერტებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია.

რაც შეეხება კონსერვატორიის დარბაზებს, ამ დღეებში აქ გრანდიოზული რემონტი ჩატარდა. გოგი ჭიჭინაძის თქმით, შენობას დააშენეს 600 კვადრატული მეტრი ფართი, რომელიც კონსერვატორიის საოპერო სტუდიას გადაეცემა - სწორედ იმ სტუდიას, რომელმაც ზაფხულში მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტა” წარმოადგინა (სადირიჟორო პულტთან გოგი ჭიჭინაძე იდგა) და ამ სპექტაკლის აღდგენას ოქტომბერში ისევ აპირებს. უფრო მეტიც, საოპერო სტუდიაში უკვე იწყებენ მუშაობას “დონ პასკუალეზე”. სპეციალისტები ამბობენ, რომ კონსერვატორიაში დღეს ვოკალის ფაკულტეტზე რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა სწავლობს და სწორედ ვოკალის ფაკულტეტზე იყო წელს ყველაზე სერიოზული კონკურსი მისაღებ გამოცდებზე. სხვა საქმეა, რომ პირველი დიდი საერთაშორისო წარმატების შემდეგ ქართველი მომღერლები მაშინვე საზღვარგარეთ მუშაობაზე თანხმდებიან, მერე კი თბილისშიც იშვიათად ჩამოდიან... მაგრამ მაინც ჩამოდიან. მუსიკალური ფესტივალის - “შემოდგომის თბილისის” დასკვნით საღამოზე, რომელიც ათ ოქტომბერსაა დაგეგმილი, საქართველოში პირველად შესრულდება სცენები ვერდის ოპერიდან “მაკბეტი”. ბარიტონის პარტიას ლადო ათანელი იმღერებს, სოპრანოსას – ირმა ბერძენიშვილი. 3 ოქტომბერს, “შემოდგომის თბილისის” პროგრამით, ალექსანდრე კორსანტიას კონცერტია დაგეგმილი. იგი ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.

თუმცა “შემოდგომის თბილისი” მხოლოდ საქართველოდან გადახვეწილ მუსიკოსებს არ უმასპინძლებს. თბილისის სიმფონიური ორკესტრის გარდა, რომლის ხელმძღვანელი დღეს ვახტანგ კახიძეა, ფესტივალზე იმღერებს საქართველოს სახელმწიფო კაპელა, აგრეთვე მუსიკალური კულტურის ცენტრის ბიჭუნათა გუნდი. 29 სექტემბერს გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელზედაც ორფის “კარმინა ბურანა” შესრულდება, 7 ოქტომბერს კი, ოპერის თეატრის სოლისტებთან ერთად, მოცარტის “რეკვიემს” ააჟღერებს. “შემოდგომის თბილისის” კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოდიან უცხოელი მუსიკოსებიც – იური ბაშმეტი, გარი ჰოფმანი, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ელენა რევიჩი, ნატალია გუტმანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებული ფესტივალი წელს განსაკუთრებით წარმომადგენლობითი იქნება... რაც ბევრს უკვირს კიდეც: ფესტივალი ხომ ჯანსუღ კახიძემ დააარსა და აქამდე ითვლებოდა, რომ უცხოელი მუსიკოსები თბილისში პირადად ჯანსუღ კახიძესთან ჩამოდიოდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ იცოდნენ - ფესტივალის კონცერტებზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრს კახიძე უდირიჟორებდა. თბილისელი მუსიკის მოყვარულების ერთ ნაწილს ეგონა, რომ ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ “შემოდგომის თბილისის” ჩატარება, საერთოდ, შეუძლებელი გახდებოდა. მაგრამ ფესტივალი ტარდება, თანაც როდის - “ქვემეხების ქუხილის მოლოდინში”. დაახლოებით ისე, როგორც ათი წლის წინ, როცა სამოქალაქო ომი საქართველოში ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ ჯანსუღ კახიძემ მაინც მოახერხა მუსიკალური ფესტივალის ჩატარება.

დიახ, “შემოდგომის თბილისი” – ათი წლის გახდა. ამიტომაც გასაგებია, რომ ფესტივალის გადადებას ქართველი მუსიკოსები არაფრით არ მოინდომებდნენ. რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს სხვა მდგომარეობაა, ვიდრე ათი წლის წინ, როცა თბილისს კულტურული ცხოვრების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. მაგრამ დღეს, ისევე როგორც ათი წლის წინ, აფხაზეთის ომის შემდეგ, თავად საქართველოსთვისაა აუცილებელი გადალახოს, ასე ვთქვათ, “კულტურული არასრულფასოვნების” კომპლექსი, რომელიც ათი წლის მანძილზე კიდევ უფრო გამძაფრდა... გამძაფრდა იმიტომ, რომ ამ ათი წლის მანძილზე საქართველოდან გაემგზავრნენ საუკეთესო არტისტები, იმიტომ, რომ კარგი შემსრულებლები საგასტროლოდ იშვიათად ჩამოდიოდნენ, გამძაფრდა იმიტომ, რომ დედაქალაქის საუკეთესო საკონცერტო დარბაზები დაიკავეს საეჭვო გემოვნების მუსიკოსებმა (თავიანთი “შოუებით”) და საეჭვო გემოვნების პოლიტიკოსებმა (თავიანთი თავყრილობებით). ფესტივალს, რომლის სტუმრები გამოჩენილი რუსი მუსიკოსებიც არიან, ისევე როგორც სანკტ-პეტერბურგის კულტურის დღეებს, რომელიც მუსიკალური ფესტივალის პარალელურად ტარდება გრიბოედოვის თეატრში, სახელისუფლო მედია ბუნებრივად უკავშირებს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას. მაგრამ, რუსული მედიის მსგავსად, გვიამბობს რა თბილისში მოწყობილი ფესტივალების შესახებ, ქართული პრესაც უფრო იმ კავშირს გვახსენებს, რომელიც რუს და ქართველ ხელოვნების მოღვაწეებს აქვთ ერთმანეთთან და ამით, თითქოს, თავს იზღვევს: “არავინ იცის, როგორ განვითარდება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა, რას მოილაპარაკებენ პოლიტიკოსები... დაე, რეზერვის სახით გვქონდეს არგუმენტი ქართველი და რუსი არტისტების საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ.” ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კულტურის ფესტივალები – პოლიტიკისთვის ტარდება და არა ხელოვნებისთვის, და არა ხელოვნების მოყვარულთათვის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელოვნების ქალღმერთს, ასე ამაყად რომ დგას თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ, მოსახლეობის ზომბირებისთვის იყენებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG