Accessibility links

logo-print

სად გადის ზღვარი ეროვნულ და სოციალურ ინტერესებს შორის


ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბევრი საპროტესტო აქცია და მიტინგი გაიმართა სოციალური მოთხოვნით. ყველაზე ხშირად მოსახლეობა ხელისუფლებისგან ელექტროენერგიას ითხოვდა.

თუმცა სოციალური პროტესტი არასოდეს გადაზრდილა დესტაბილიზაციაში. 2001 წლის შემოდგომაზე, როდესაც ქვეყანაში რეალურად გაჩნდა საყოველთაო ამბოხის საფრთხე, ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ არა სოციალური მოთხოვნებით, არამედ – სიტყვის თავისუფლების და ეროვნული ღირსების დაცვის სურვილით.

მაგრამ თუ უახლოეს თვეებში პოლიტიკური სპექტრის ნაწილი შეეცდება, მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანოს, ამჯერად ამბოხის საფუძველი სწორედ სოციალური მოთხოვნები იქნება.



საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი პროცესია. ეს პროცესი ქვეყნის ცენტრში, დედაქალაქში დაიწყო და პერიფერიებზეც ნელ-ნელა და მეტ-ნაკლებად გავრცელდა. აჭარაშიც კი, რომელიც, დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემურ სივრცედ არის აღიარებული, ჩოლოქზე დალაგებულ ბეტონის ფილებს შორის სულ უფრო მეტად ჟონავს დემოკრატიული სულისკვეთება. ამის დასტური თუნდაც ისაა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის ბლოკი გაცილებით დემოკრატიულად გამოიყურებოდა, ვიდრე 1995 წელს. კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ბლოკი უმტკივნეულოდ დაიშალა და ტრადიციონალისტების დაახლოებას ზურაბ ჟვანიასთან ან სოციალისტების დაახლოებას ავთანდილ ჯორბენაძესთან ასლან აბაშიძის მხრიდან აშკარა პროტესტი არ მოჰყოლია.

ამიტომ ზოგადი მსჯელობისას ქართული პოლიტიკური სპექტრი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და წარმოვადგინოთ, როგორც დემოკრატიული; ხოლო პარტიები შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორ ჯგუფად, ორ ბანაკად – ეროვნულ-დემოკრატებად და სოციალ-დემოკრატებად. ზოგადი პოლიტიკური ლოგიკის თანახმად და შესაბამისად, ეროვნულ-დემოკრატები მემარჯვენეები არიან, სოციალ-დემოკრატები კი – მემარცხენეები.

11 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მუქარამ, რომ საქართველოში ჩეჩენი ტერორისტების ბაზები უნდა დაიბომბოს და განადგურდეს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არცთუ მკაფიო, მაგრამ ზღვარი ნამდვილად გაავლო. ეს პროცესი ყველაზე უკეთ პარლამენტში გამოჩნდა. ფრაქციებმა ერთხმად განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის აგრესიის საფრთხის წინაშე ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგებიან. მაგრამ აზრი გაიყო სწორედ “ქვეყნის ინტერესების” განმარტებისას. პირობითად, ეროვნულ-დემოკრატიული ბანაკის წევრმა პარტიებმა თანადგომა გამოუცხადეს ხელისუფლებას და მის კურსს; ხოლო, პირობითად, სოციალ-დემოკრატიული ბანაკის პარტიები მწვავედ დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, როგორც უუნაროს.

ეროვნულ-დემოკრატების პირობით ბანაკში ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ “გაერთიანებული დემოკრატები”, “ახალი მემარჯვენეები” და “ტრადიციონალისტები”; ხოლო სოციალ-დემოკრატების პირობით ბანაკში ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ ნაციონალური მოძრაობა, ასლან აბაშიძის მხარდამჭერი ფრაქციები და სოციალისტები. ამგვარი დაყოფა საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა და კენჭისყრის შედეგებმაც.

ძალთა გადალაგებას ორ პირობით ბანაკად პოლიტიკური პროცესი, კარგა ხანია, ამზადებს. ამიტომაც ხდება, რომ, ერთიანი პროცესის გააზრების გარეშეც კი, პრესაში ჩნდება მასალები ხან მიხეილ სააკაშვილის ფარულ თანამშრომლობაზე რუსულ ძალებთან, ხან ნაციონალური მოძრაობის შესაძლო გაერთიანებაზე აღორძინების კავშირთან. სინამდვილეში, თუ სააკაშვილს რამე ფორმალური ან ფაქტობრივი კავშირი აქვს პრორუსულ პარტიებთან ან რუსულ ინტერესებთან, ამ კავშირს შეიძლება განაპირობებდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის სტრატეგიული გეგმა: სოციალურ ტალღაზე ხელისუფლებასთან დაპირისპირება. იქ, სადაც პოლიტიკის წამყვანი მოტივი სოციალურია, ეროვნული ინტერესები ყოველთვის უკანა პლანზე ინაცვლებს.

ეროვნულ-დემოკრატების პირობით ბანაკთან დაკავშირებით, პროცესმა საპირისპირო ხასიათი შეიძინა: იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებული დემოკრატებიც, “ახლებიც” და ტრადიციონალისტებიც არსებულ ხელისუფლებას ემიჯნებიან, რუსეთის აგრესიის საფრთხემ ამ პარტიების წამყვან მოტივად ეროვნული მოტივი აქცია. ეროვნულმა არჩევანმა კი ჟვანია, ასათიანი და გამყრელიძე მეყსეულად მოაქცია პრეზიდენტის ორბიტაზე. როგორც მიხეილ სააკაშვილს მემარცხენე ორიენტაციამ იძულებით მიუჩინა ადგილი პრორუსულ ბანაკში, ასევე ეროვნულმა და მემარჯვენე ორიენტაციამ იძულებით მიუჩინა ადგილი ზურაბ ჟვანიას და დავით გამყრელიძეს ჯერ ერთმანეთის და შემდეგ - პრეზიდენტის გვერდით. თავად ედუარდ შევარდნაძე კი, ნებსით თუ უნებლიეთ, ეროვნულ-დემოკრატიული ბანაკის ლიდერად იქცა. ამიტომ, რაგინდ ბევრის დათმობა მოუხდეს პრეზიდენტს რუსეთისთვის, ვიდრე იგი პოსტს შეინარჩუნებს, იძულებული იქნება, დაიცვას საკუთარი ფუნქცია და, ესე იგი, ეროვნული ინტერესები. ხოლო სოციალური პრობლემები პრეზიდენტის საქმიანობის ყველაზე სუსტ რგოლად დარჩება და სახელისუფლო ჯაჭვის გასაწყვეტად სწორედ ამ რგოლის გამოყენება ენერგიულად გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG