Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები პანკისის ხეობაში


პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური

ოპერაციის დაწყება საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობის მძაფრმა საპროტესტო გამოსვლებმა უკარნახა. ამიტომ სპეცოპერაციის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაიმსახურებენ მასში მონაწილე სამხედო ძალები ნდობას საზოგადოების მხრიდან, რაც ასე აკლდათ ქართულ საჯარისო ქვედანაყოფებს აფხაზეთის კონფლიქტის დროს. სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის თვალსაზრისით, პანკისის ხეობაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გარკვეული ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა ნდობის ფაქტორი გაცილებით მაღალი იქნებოდა, ხელისუფლება უფრო მეტად რომ ზრუნავდეს ოპერაციის საინფორმაციო უზრუნველყოფაზე.


სამოქალაქო მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საბრძოლო ოპერაციის წარმოება ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული. შემუშავებული გეგმიდან მცირედი გადახვევა და უმნიშვნელო თვითნებობაც საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობა საკუთარი სამხედრო ძალის მიმართ უნდობლობით განეწყოს. ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, როცა საბრძოლო მოქმედება კონფლიქტის ზონაში ან სამხედროებისადმი არალოიალურად განწყობილი ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ პუნქტებში ტარდება.

ამიტომ თანამედროვე სამხედრო ოპერაციათა წარმოების აუცილებელ ელემენტად იქცა ჰუმანიტარული ასპექტები - მოსახლეობის დაცვა, სამედიცინო დახმარება, დაჭრილთა ევაკუირება და განსაცდელში ჩავარდნილი მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჯარისკაცებს ცალკე პროგრამით შეასწავლიან იმასაც, თუ ნაკლები წინააღმდეგობის გზით როგორ უნდა მოხდეს აღგზნებული ბრბოს შემოტევების მოგერიება.

1995 წლიდან, რაც საქართველო ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამას შეუერთდა, საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებმა არაერთ სამშვიდობო-ჰუმანიტარულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. შარშან და წელს კი საქართველომ თავადვე უმასპინძლა ამგვარ ვარჯიშებს. მიღებული გამოცდილების დემონსტრირება ქართველ სამხედროებს სულ მალე რეალურ ვითარებაში მოუხდათ. მიუხედავად უმკაცრესი კლიმატური პირობებისა, კოდორის ხეობაში შარშან განვითარებული მოვლენების დროს 400 კაციანმა სამხედრო ქვედანაყოფმა არა მხოლოდ უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა, არამედ, როცა ხეობაში სურსათის მწვავე დეფიციტი წარმოიშვა, მას საკუთარი რეზერვიდან ამარაგებდა. ეს სამხედრო კონტინგენტი სხვა მხრივაც არაფრით ჰგავდა 1993-94 წლების მიჯნაზე კოდორის ხეობაში მყოფ წინამორბედს, რომელიც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას და პირველსავე მარჯვე შემთხვევაში მზად იყო დეზერტირობისთვის. შარშანდელი კოდორის მოვლენების დროს პირველად მოხდა საზოგადოების რეალური შემობრუნება ჯარის პრობლემებისაკენ. იმხანად მთელი მოძრაობაც კი გაჩაღდა, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფისგან ხეობის გადარჩენას ისახავდა მიზნად. გაერთიანებულ ქართულ ბანაკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე კი დაახლოებით 70 ათასი დოლარი შეგროვდა.

დისციპლინითა და უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გაცილებით უკეთ გამოიყურებიან პანკისის ანტიკრიმინალურ ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფები. ოპერაციის პირველსავე დღეებში რამდენიმე ადგილობრივმა ქისტმა ჭაბუკმა შინაგან ჯარებში ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა, ხოლო უშიშროების მონისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, კრიმინალური ელემენტებისაგან სოფელ ხალაწანისა და წინუბანის გაწმენდის შემდეგ თავიანთ სახლებში დაბრუნების სურვილი უკვე გამოთქვა ამ სოფლებიდან გახიზნულმა რამდენიმე ოსურმა ოჯახმა. სოფელ ფიჩხოვანში, სადაც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს 1000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ცხოვრობს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამხედროებს შორის ასევე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სოფლის მკვიდრის გასპარ ქელეხსაშვილის თქმით, თუ სხვადასხვა ჯურის ბანდიტები სოფლელებს ხშირად პარავდნენ საქონელს, ჯარის ნაწილების განლაგების შემდეგ სოფელში წესრიგი დამყარდა.
[გასპარ ქელეხსაშვილის ხმა] "ეხლა კარგი მდგომარეობაა, რომა აღარაფერი აღარ იკარგება სულაც. კარგადა ვართ ეხლა, კარგადა ვცხოვრობთ დროებით. ეხლა, თუ კი კიდევ მოვა რამე, რა ვიცი, როგორ იქნება ეს ქვეყანა."[სტილი დაცულია]

ფიჩხოვანში დისლოცირებული სამხედრო ბანაკის ხელმძღვანელმა, გენერალმა კობა კობალაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ურთიერთნდობის განმტკიცება სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი პრიორიტეტია.

[კობა კობალაძის ხმა] "საკმაოდ კარგი. და ჩვენ, ძირითადად, ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. აქ განთავსებულია ჯარის სამედიცინო ბატალიონი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსასყიდლო სამედიცინო მომსახურებას. პლუს ამისა, ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია, საკმაოდ რთული, იმიტომ რომ აღნიშნული დაზარალებულები არ იყვნენ ტრანსპორტაბელურები, წარმატებული ოპერაციები ჩატარდა. პლუს ამას, თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, ადგილზე ხდება შესყიდვა ისეთი პროდუქტებისა, როგორიცაა ხორცი, ყველი და ბოსტნეული."[სტილი დაცულია]

თვის ბოლოს კახეთში რთველი დაიწყება. გენერალ კობა კობალაძის თქმით, სამხედროები საბრძოლო სწავლებისგან თავისუფალ დროს მოსახლეობას ჭირნახულის აღებაშიც დაეხმარებიან. მაგრამ ვინაიდან საბრძოლო მდგომარეობაში მყოფ სამხედრო ბანაკებში ალკოჰოლის მიღება მკაცრად აკრძალულია, ღვინისა და მოსავლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს მოთხოვნები კიდევ უფრო გაამკაცრა. ალკოჰოლური ნივთიერების ხმარებაში მხილებულ ჯარისკაცს ჰაუპტვახტში პატიმრობა ელოდება, ოფიცერს კი მკაცრი დისციპლინური სასჯელი.

მოკლედ, ასე გამოიყურება მოქმედებაში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფონზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის პანკისის ხეობა და მისი მიმდებარე ტერიტორია კვლავ ჩაკეტილ ზონას წარმოადგენს. სამხედრო ხელისუფლებას კვლავ დახარისხებული ჰყავს ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები "თავისიანებად" და "სხვისიანებად", ოპერაციის მართვის შტაბში დღემდე არ არის შექმნილი ერთობლივი პრესცენტრი, რის გამოც ჟურნალისტებთან ურთიერთობა ან სამხედრო პოლიციის, ან დაზვერვის თანამშრომლების კისერზე გადადის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG