Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახლოვდა არაფატის აღსასრული?


გასულ შაბათ-კვირას პალესტინის თვითმმართველობის ღაზის სექტორის მოსახლეობა, რომელსაც ისრაელის არმიამ კომენდანტის საათი დაუწესა, არ დაემორჩილა მას და ქუჩაში გავიდა.

დიდ ქალაქებში, ნაბლუსში, რამალაში, თვით ღაზაში დემონსტრაციებში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი. ისრაელის არმიამ ტყვია დაუშინა ხალხს. შედეგად ოთხი პალესტინელი მოკლეს და ათობით დაჭრეს. ისრაელის არმიამ ამ დროს განაგრძო პალესტინელთა თვითთმართველობის ლიდერის არაფატის რეზიდენციის ბლოკადა. გაანადგურეს არაფატის უშუალო ადგილსამყოფელის მიმდებარე საკონფერენციო შენობის ერთი მხარე
რამალაში არაფატის შტაბბინის კვლავ ალყაში მოქცევა ისრაელის რეაქცია იყო გასულ კვირაში მომხდარ ორ ტერაქტზე. თვითმკვლელმა პირებმა ბომბები ააფეთქეს თელ ავივსა და უმ ელ ფახემში, დაიღუპა 7 ადამიანი. არაფატის რეზიდენციის ბლოკადა და შენობების ნგრევა დიდხანს გაგრძელდა, მხოლოდ კვირა საღამოს ვაშინგტონის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გადაწყვიტა ისრაელმა, შეეწყვიტა ეს აქცია. თუმცა ბლოკადა გრძელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავრობაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, როგორ იმოქმედონ რამალაში გამომწყდეული არაფატის მიმართ. გარემოს დაცვის მინისტრი, მემარჯვენე პოლიტიკოსი, ცახი ჰანეგბი არაფატის დეპორტაციაზე ლაპარაკობს. ისრაელის რადიოთი გამოსვლისას მან გამოაცხადა, რომ ადრე თუ გვიან არაფატს გაასახლებენ. ამ მოსაზრებას არ იზიარებს და კატეგორიული წინააღმდეგია არაფატის დეპორაციისა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისიტრი შიმონ პერესი, რომელიც ამგვარ ნაბიჯს არაფატის კიდევ უფრო გაძლიერების საწინდრად თვლის. რამალაშივე მოხერხდა ორშაბათს ისრაელის და პალესტნელთა წარმომადგენლების შეხვედრა. ამ მოლაპარაკებაში პალესტნელთა მხრიდან თვითმმართველობის მაღალი რანგის ოფიციალური პირი საებ ერექათი მონაწილეობდა. ისრაელის მხარეს არმიის ოფიცრები წარმოადგენდნენ. როგორც არაფატის მრჩეველმა ჰანი ალ ჰასანმა განაცხადა, ისრაელმა მოითხოვა არაფატთან ერთად შენობაში მყოფი ყველა პალესტინელის სახელობითი სია. ხოლო მათ შორის მყოფი 19 პირის გადაცემა. პალესტინის მხარემ კიდევ ერთხელ უარყო ასეთი მოთხოვნა. არაფატის პასუხი ამ მოთხოვნაზე მტკიცეა, ის ამგვარ ქმედებას პოლიტიკურ თვითმკვლელობად მიიჩნევს.
ორშაბათს დილიდან გავრცელდა ცნობა, რომ ევროპის კავშირის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში მიგელ მორატინოსი არაფატთან და ისრაელის პრემიერთან არიელ შარონთან აპირებდა შეხვედრას. ისრაელის მასმედიის თანახმად, შარონმა გამოაცხადა, რომ ის უკრძალავს არაფატს მორატინოსთან შეხვედრას.
ბეთლემში ორშაბათსაც გრძელდებოდა დემონსტრაცია, რომლის მონაწილე ათასობით ადამიანი კვლავ არაფატის მხარდასაჭერად გავიდა ქუჩაში და პროტესტი გამოუცხადა ავტონომიის მეთაურის შტაბბინის ბლოკადას. ჩანს, ჯერჯერობით პალესტინელები არაფატის მხარს უჭერენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG