Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სამხედრო სცენარი ახალ რეალობაში. ედუარდ შევარდნაძე მიესალმა ვაშინგტონის მზადყოფნას, ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში


რუსეთი სერიოზულად ჩააფიქრა საქართველოშო ჯორჯ ბუშის მიერ გამოგზავნილმა ბოლო წერილმა. მისმა შინაარსმა დაარწმუნა, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ოპერაციის იდეას სერიოზული

წინააღმდეგობა ეღობება. ეს წინააღმდეგობა რუსეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. შესაბამისად, რუსეთის გენშტაბი კვლავინდებურად მზადაა აწარმოოს ანტიტერორისტული ოპერაცია მეზობელი საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული წყაროები ისევ ავრცელებენ გენშტაბის მოქმედების გეგმას, საქართველოში კი ეს ყველაფერი პანიკას არ იწვევს. სერიოზული შეშფოთება არც კოდორის მიმართულებით აფხაზთა შეიარაღებული შენაერთების გააქტიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოუწვევია. სოფელ ჩხალთის გამგებელმა ნორა კვიციანმა მითხრა, რომ ადანგის უღელტეხილის თავზე ვერტმფრენების გამოჩენას კოდორის ხეობაში პანიკა არ შეუქმნია.” ხეობაში ვითარება სტაბილურიაო, “ – განმარტა მან. თუმცა კოდორი რუსული სცენარის ერთ-ერთ საკვანძო ნაწილად რჩება.

რუსეთის ღია პრეტენზიები, უწინდებურად, პანკისის ხეობას უკავშირდება. თუმცა არ არის გამორიცხული, აქცენტებმა კოდორის ხეობის მიმართულებით გადაინაცვლოს. მით უფრო, რომ უკვე გამოჩნდა კოდორის ხეობაში ვითარების შესაძლო დაძაბვის ნიშნები. ხეობის, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად, ნაწილს ალყას არტყამენ აფხაზთა შეიარაღებული ფორმირებები. აღნიშნულის გარდა, ადანგის უღელტეხილის თავზე უცნობი ვერტმფრენები შეამჩნიეს. კოდორის მიმართულებით აფხაზთა შეიარაღებული ძალების გააქტიურების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ გაავრცელა. ეს ინფორმაცია ჩემთან საუბრისას სოფელ ჩხალთის გამგებელმა ნორა კვიციანმაც დაადასტურა.

[ნორა კვიციანის ხმა] “მარუხის მხარეზე გვაქვს საგუშაგო. იქიდან შეიმჩნევა მაგათი მოძრაობა. ორჯერ შემოფრინდა იქიდან ვერტმფრენი. დანარჩენს რაც შეეხება, ჩევნს ტერიტორიაზე სიმშვიდეა, სტაბილურობაა და ველოდებით დამკვირვებლებს. “

მეთვალყურეებს კოდორის ხეობაში 25 სექტემბერს ელიან. ნორა კვიციანის ნათქვამს თუ გავიმეორებთ, იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. აფხაზთა გააქტიურებას ადგილობრივი მოსახლეობა მშვიდად შეხვდა. აფხაზთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა კი კოდორის ხეობაში პანკისიდან გამოდევნილი ბოევიკების გამოჩენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აფხაზთა მხარე იღებს ზომებს, რათა არ დაუშვას ბოევიკების შესვლა აფხაზეთის სიღრმეში. სხვათა შორის, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები ედუარდ შევარდნაძის სახელზე ჯორჯ ბუშის მიერ გამოგზავნილ წერილსაც გამოეხმაურნენ. ვაშინგტონის მზადყოფნას აქტიურად ჩაერიოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მათ შეაგებეს სურვილი : “შეერთებულმა შტატებმა არ დაუშვას აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი მოგვარება.” აშკარაა, ჯორჯ ბუშის წერილის შინაარსი სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებს სერიოზულად ჩააფიქრებდა და რადგან რუსეთის მზადყოფნას - პანკისის ხეობაში ჩაატაროს ანტიტერორისტული ოპერაცია - მოკავშირე არ გამოუჩნდა და იგორ და სერგეი ივანოვების ვიზიტი შეერთებულ შტატებში, ამ მხრივ, სრულიად უნაყოფო გამოდგა, დიდი შანსია აფხაზურ-რუსული ინტერესები კვლავ კოდორის ხეობის მიმართულებით გადაიკვანძოს.

შეგახსენებთ, პუტინის 11 სექტემბრის გამოსვლამდეც და მანამდეც სისტემატურად გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაში პანკისი ერთგვარი პირველი ეტაპი იქნებოდა და იქიდან აქცენტები კოდორის ხეობის მიმართულებით გადაინაცვლებდა. ასეთი პროგნოზები ვრცელდებოდა რუსული საინფორმაციო საშუალებებით და მათ იზიარებდნენ ქართველი ანალიტიკოსებიც. განმარტებას არ საჭიროებს, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის კოდორის ხეობას. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ამ ხეობისკენ გააქტიურება უფრო აძლევს ხელს, ვიდრე პანკისისკენ, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია და, ავად თუ კარგად, წინ მიიწევს. კოდორის ხეობის პრობლემა გაცილებით მძიმეა, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთს ფარულად, ანუ სეპარატისტთა ხელით, მოქმედება შეუძლია.

ორშაბათს ედუარდ შევარდნაძე მიესალმა ოფიციალური ვაშინგტონის მზადყოფნას, ჩაერთოს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში. ამავე დღეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედების სცენარს ავრცელებდნენ. კოდორი ასეთი სცენარის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. თუმცა იქ ჯერჯერობით სიმშვიდეა.
XS
SM
MD
LG