Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი შევარდნაძე პარტნიორებს დსთ-ის მასშტაბითაც ეძებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტში მოხსენებით 26 სექტემბერს გამოვა. ანუ მან არ გაიზიარა პარლამენტართა ერთი ჯგუფის პოზიცია, ყოველწლიური გამოსვლის თარიღის გადადების შესახებ.

შეგახსენებთ, ახალ ფრაქციას მიზანშეწონილად მიაჩნდა, პრეზიდენტის გამოსვლა მას შემდეგ გამართულიყო, რაც იგი პრეზიდენტ პუტინს 7 ოქტომბერს დაგეგმილ დსთ-ის სამიტზე შეხვდებოდა. რა ფუნქციას იტვირთავს დსთ-ის სამიტი, რუსეთ-საქართველოს უაღრესად გართულებული ურთიერთობების ფონზე?

პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის განცხადებაზე დასავლეთის საკმაოდ მძაფრმა რეაქციამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისად ვერ შეცვალა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლების ტონი. კვირას, რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კვლავ განაცხადა, რომ არ ეთანხმება აშშ-ის პოზიციას, რომელიც რუსეთს “მოთმინების გამოჩენას” ურჩევს საქართველოს თავშეფარებული ჩეჩენი ბოევიკების მიმართ. “ჩვენ უარი არასდროს გვითქვამს მოლაპარაკებებზე, მაგრამ როდესაც საქართველოს ტერიტორიიდან გადმოდიან ბანდიტები რუსეთის მოქალაქეების დასახოცად და სახლების ასაფეთქებლად, აქ მოთმინებაზე საუბარი ზედმეტია. ასეთ შემთხვევაში – და მე ეს ოფიციალურად დავუდასტურე ამერიკულ მხარეს – ჩვენ დარტყმებს განვახორციელებთ, მათ შორის, პრევენტიულსაც,” – განაცხადა სერგეი ივანოვმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დიპლომატიური აქტიურობა არ შემცირდება, ოღონდ ოდნავ შეიცვლის მისამართს. ფაქტია, რომ 7 ოქტომბერს დაგეგმილ დსთ-ის სამიტზე ერთ-ერთ ძირითად საკითხად რუსეთ-საქართველოს გამძაფრებული ურთიერთობები იქცევა. ამ დღეებში ქართულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ წერილით მიმართა ბელორუსიის პრეზიდენტს ლუკაშენკოს, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ლუკაშენკო სამართლიან პოზიციას დაიკავებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი შენიშნავს, რომ მსგავსი წერილით, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთერთობების დაძაბვის “ ქრონიკებია” ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დსთ-ის წევრი სახელმწიფოს ყველა პრეზიდენტს გაუგზავნა. მისივე თქმით:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ რაც შეეხება სამიტს, წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სამიტის შესაძლებლობები გამოყენებული იყოს მაქსიმალურად, მაგრამ ამ დაძაბულ სიტუაციაში რუსეთის მხრიდან რაიმე კეთილ ნებაზე საუბარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ალბათ, ძნელია.”

თუმცა, ირაკლი მენაღარიშვილის ვარაუდით, პრეზიდენტ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე იგი დიდ იმედს ამყარებს, შესაძლოა, იმის ნიშნად მივიჩნიოთ, რომ პრეზიდენტების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის გაჩენილ კითხვათა ნაწილზე მაინც გასცემს პასუხს.
რაც შეეხება დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების შესაძლო რეაქციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გარანტირებული ექნება სუუამის წევრი სახელმწიფოების - აზერბაიჯანის, უკრაინის, უზბეკეთისა და მოლდოვას - მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს სომხეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამეულს შორის ერთადერთი პრორუსული სახელმწიფოა, რომელსაც, ამის მიუხედავად, ხელს არ აძლევს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გართულება. ასევე უცნობია შუა აზიის სამი სახელმწიფოსა და ბელორუსიის შესაძლო რეაქცია. მართალია, იმავე პრეზიდენტ ლუკაშენკოს ძალიან გაურთულდა ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, მაგრამ ეს ჯერ იმას არ ნიშნავს, რომ ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს. მოკლედ, დანამდვილებით მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: დსთ-ის სამიტი ვნებათაღელვით ნამდვილად გამორჩეული იქნება.
XS
SM
MD
LG