Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო მხარს დაუჭერს საქართველოს რუსეთთან გამწვავებულ ურთიერთობებში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 23 სექტემბერს, სტრასბურგში დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, სადაც 25 სექტემბერს საქართველო-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობების საკითხსაც განიხილავენ.

სესიის დაწყებამდე, გასულ კვირადღეს, ევროსაბჭოს პოლიტიკურმა კომიტეტმა შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ოთხშაბათს უყრიან კენჭს. რამდენიმე ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის განცხადება, რომ საქართველოსა და კალინინგრადის საკითხთა ევროსაბჭოში განხილვისას რუსეთი წამოაყენებს ისეთ არგუმენტებს, რომ ორივე საკითხი მისი ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდება. შესაძლოა, რუსულ მხარეს განხილვის დღისთვის დღემდე უცნობი და სარწმუნო არგუმენტები აქვს შემონახული, თორემ აქამდე ყველა მისი არგუმენტი წარმოდგენილი იყო პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, რომელმაც რეზოლუციის პროექტის შემუშავებისას ისინი არ გაიზიარა. მე სტრასბურგში დავუკავშირდი საქართველოს დელეგაციის წევრს ზურაბ ჟვანიას და დავინტერესდი, რა კონტრარგუმენტებს შეაგებებენ საპარლამენტო ასამბლეის ქართველი დეპუტატები რუსების პრეტენზიებს.

რეზოლუციის პროექტი მაქსიმალურად ასახავს საქართველოს დღევანდელ წუხილს: პროექტში გამოხატულია აღშფოთება პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის განცხადების გამო, რომელიც არ თავსდება საერთაშორისო ურთიერთობათა ჩარჩოებში; რეზოლუციის პროექტი უადგილოდ და უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთის აპელირებას გაეროს წესდების 51-ე მუხლზე, რითაც რუსეთი ცდილობს სამართლებრივი მოტივაცია მოუძებნოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და აცხადებს, რომ რუსეთს ამის უფლება არა აქვს, – თქვა ზურაბ ჟვანიამ რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას. [ჟვანიას ხმა]: “რეზოლუციის პროექტში ჩაიდო კონკრეტული მუხლიც, სახელდობრ, სრული მიუღებლობა რუსეთის ქმედებისა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, როცა მან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას ერთი რეჟიმი დაუწესა, ხოლო დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს კი – მეორე. მოკლედ, რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დაუშვებელია საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და მის შიდა საქმეებში რაიმე სახით ჩარევა”.

რამდენად სასარგებლო და შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ევროპის საბჭოში, რომელიც, თვითონ ზურაბ ჟვანიას ერთ ადრინდელ გამოსვლას თუ გავიხსენებთ, არსებითად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კლუბია? მოასწავებს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლამის ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის ზრდას საქართველოსთვის? ზურაბ ჟვანია დანანებით აღნიშნავს, რომ ორი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში მიიჩნევდნენ პოსტსაბჭოთა ტრანსფორმირების უნიკალურ და ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად, დღეს კი [ჟვანიას ხმა] “კულუარებში, დერეფნებში ბევრი დეპუტატი სასოწარკვეთით, დიდი სინანულით ლაპარაკობს საქართველოს პრობლემებზე – უწინარესად, გულისხმობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მოქმედებას და ადგილობრივი თვითმმართველობის უკანასკნელ არჩევნებს”...

მიუხედავად ამისა, ზურაბ ჟვანიას აზრით, რამდენადაც ევროსაბჭო ევროპის ტრადიციული და ავტორიტეტული ფორუმია, [ჟვანიას ხმა] “აქ პოზიციის დაფიქსირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენ ხედავთ, თავად რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ მისი რეპუტაცია ევროსაბჭოში საგრძნობლად არ გაუარესდეს. ასე რომ, ეს რუსეთზე ზეწოლის, რუსეთისგან თავდაცვის ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი გახლავთ”.

ზურაბ ჟვანიას იმედი აქვს, რომ ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე განხილვისას, საქართველოს მხარს დაუჭერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციათა უმრავლესობა. მხარდაჭერის საფუძველი კვირას, 22 სექტემბერს, ჩაიყარა რეზოლუციის პროექტის შემუშავებისას.
XS
SM
MD
LG