Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები რუსეთის თავდაცვის მინისტრის ერთი განცხადების გამო


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირაში რუსეთის ორიოდე გაზეთი სავსებით ადეკვატურად გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ცნობილ და სკანდალურ განცხადებას ნატოს,

საქართველოსა და სექსუალური რეფორმების ურთიერთკავშირის თაობაზე. “ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, ძნელი წარმოსადგენია, რომ საღ გონებაზე მყოფი რომელიმე დასავლელი თუ პროდასავლელი პოლიტიკოსი მსგავსი განცხადების წარმოთქმის უფლებას მისცემდა თავს. “ნოვიე იზვესტიამ” კი რუსეთის სალდაფონობის საუკეთესო ტრადიციებს შეადარა მინისტრის განცხადება.


20 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ თბილისის მისამართით ნიუ-იორკში გამოთქმული მუქარების ახალმა სერიამ ბევრი ჩააგდო შოკში. გაზეთის თქმით, ამ ფონზე თითქმის უწყინრად გაისმის თბილისის მისამართით გამოთქმული უკვე ჩვეული მუქარები, რომ თუ ბოევიკები საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შეჭრასა და სახლებისა და დაწესებულებების აფეთქებას შეეცდებიან, ამას არავინ დაელოდება: როგორც ივანოვმა თქვა, ამ ვითარებაში ისინი პრევენტიულად იმოქმედებენ და თავიანთ უსაფრთხოებასა და რუსეთის მოქალაქეთა სიცოცხლეს დაიცავენ.

თუმცა “ნეზავისიმაია გაზეტასთვის” გაუგებარია, როგორ შეიძლება ამის პრაქტიკულად და წმინდა სამხედრო მეთოდებით განხორციელება აუცილებელი ეფექტურობის დაცვით. წერილში განხილულია რუსეთის შეიარაღებული ჯარების ერთობ შეზღუდული შესაძლებლობები და ნათქვამია, რომ ასეთ პირობებში ჩეჩნების ბანდიტური ჯგუფებისთვის “გამანადგურებელი” დარტყმის მისაყენებლად პანკისის ხეობაში სულ რაღაც რამდენიმე ბომბდამშენის გაგზავნაა შესაძლებელი.

გაზეთის აზრით, რასაკვირველია, ეს ვერანაირად ვერ დაარწმუნებს მსოფლიო თანამეგობრობას კრემლის სამხედრო ძლერებასა და მის უნარში, თუნდაც რეგიონალური ხასიათის კონფლიქტები გადაჭრას.

“ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, მოსკოვში ვერაფრით ვერ აითვისეს, რომ სუვერენული სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული მსგავსი ულტიმატუმები გულმოდგინე დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიკურ მომზადებას მოითხოვს.

20 სექტემბრის “ნოვიე იზვესტია” აღნიშნავს, რომ ოფიციალურმა რუსეთმა, თავდაცვის მინისტრის ძალისხმევით, კიდევ ერთხელ ამოსვარა ტალახში ოფიციალური თბილისი. გაზეთმა ივანოვის ცნობილი გამონათქვამი რუსეთის სალდაფონობის საუკეთესო ტრადიციებს შეადარა და ამასთან ერთად ეჭვი შეიტანა მინისტრის განცხადებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტერორისტებთან თანამშრომლობს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ივანოვმა ბევრი და, თითქოსდა, რეალური სამხილი წარუდგინა ამერიკულ მხარეს.

გაზეთი წერს: “სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო იძულებულნი ვართ, ეჭვი შევიტანოთ მინისტრის განცხადებაში. ჯერ ერთი, მთელი აღვირახსნილი ანტიქართული კამპანიის მსვლელობისას, რასაც კრემლს დაქვემდებარებულმა მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებამ გაუკეთა ორგანიზება, მოსკოვმა ვერ გამოაქვეყნა ვერც ერთი რეალური მტკიცებულება იმისა, რომ თბილისი საერთაშორისო ტეროროზმთან თანამშრომლობს. რასაკვირველია, თელიძის გვარით ცნობილი საოპერეტო მწყემსის სამხილებს თუ არ ჩავთვლით.
მეორეც, თავდაცვის მინისტრისა და მის ხმას ისტერიულად აყოლილი პუბლიკისგან განსხვავებით, ჩვენი გაზეთის ჟურნალისტთა ჯგუფი ჩასული იყო პანკისში და იქ ტერორისტთა საერთაშორისო ბანაკების ვერანაირი კვალიც კი ვერ აღმოაჩინა”.

“ნოვიე იზვესტიას” თქმით, “ყურებამდე ჩაეფლნენ რა ჩეჩნეთში და მთელ მსოფლიოს დაანახვეს თავისი უსუსურობა, გენერლებმა დამნაშავეების ძებნა დაიწყეს და ისინი პანკისში იპოვეს. შემდეგ კი, კრემლის მხარდაჭერით, ოფიციალური თბილისი მეისრის როლში გამოიყვანეს და მასობრივი პროპაგანდისტული შეტევა გაძლიერდა კიდეც”.
XS
SM
MD
LG