Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველოში ანტირუსული განწყობა


მოსკოვმა საქართველოზე საინფორმაციო ზეწოლის გასაძლიერებლად კიდევ ერთი თემა გამოძებნა. ბოლო დღეების მანძილზე რუს პოლიტიკოსთა ნაწილი და, შესაბამისად,

რუსული საინფორმაციო საშუალებები საქართველოში დაწყებულ ანტირუსულ კამპანიაზე ალაპარაკდნენ. როგორც ჩანს, ეს რუსეთის მოსახლეობაში საქართველოს მტრის ხატის ჩამოსაყალიბებლად კეთდება, რადგან რეალობა სულ სხვაგვარია. მართალია, საქართველოში რუსეთის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა, და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ დამოკიდებულება თავად რუსების მიმართ კვლავინდებურად კეთილგანწყობილია.

საქართველოში ანტირუსული განწყობის გამწვავების შესახებ საინფორმაციო კამპანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იღებს სათავეს. ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებში, რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით, აღნიშნული იყო, რომ საქართველოში კრიმინალური ვითარება სულ უფრო უარესდება. ამის დასასაბუთებლად კი სახელდება უცხოელ მოქალაქეებზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებზე ბანდიტური თავდასხმები, მძევლებად გატაცება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით და სხვა მძიმე დანაშაულებანი. შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ან საქართველოში მიმავალ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მიიღონ პირადი უსაფრთხოების ზომები.

ამას მოჰყვა ინფორმაცია, თითქოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოსთვის განკუთვნილ სარესტავრაციო შენობას დაუდგენელმა პირებმა მელანი შეასხეს, ხოლო ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში სცემეს და გაძარცვეს რუსეთის საამშენებლო-სამრეწველო კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ ინცინდენტების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბორის მალახოვმა გააკეთა განცხადება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა დაიცვას რუსეთის დაწესებულებები და მათი თანამშრომლები.

მალახოვმა საქართველოს ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, თითქოს ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ანტირუსული კამპანია იყოს გაჩაღებული. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მთელი სერია არამეგობრული აქციებისა თბილისში რუსეთის დაწესებულებების წინააღმდეგო, - განაცხადა მალახოვმა.

23 სექტემბერს კი გავრცელდა რუსეთის დუმის წევრის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიხაილ მარგალოვის განცხადება, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება. განცხადების ბოლოს მარგალოვი ამბობს: რუსი პარლამენტარებისთვის მთავარი ამოცანაა, რუსი და ქართველი პოლიტიკოსების მკაცრმა ტონმა, რომელიც ამჟამად მიმდინარე დებატებში ჭარბობს, არ გამოიწვიოს ანტირუსული განწყობილების მატება საქართველოში და ანტიქართულისა რუსეთშიო.

ამ ურთიერთგანსხვავებულმა განცხადებებმა და ცნობებმა მაინც შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, საქართველოში, მართლაც, ანტირუსული კამპანია იყოს გაშლილი. მსგავსს ვერაფერს ამჩნევს თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოსახლეობა. ისინი ისეთსავე მოქალაქეებად გრძნობენ თავს, როგორც ქართველები ან კიდევ სხვები. ანუ მათთვისაც იგივე პრობლემები არსებობს, კორუფციის, უკანონობისა და სოციალური პრობლემების სახით, რაც უბრალო ქართველებსაც აწუხებთ.

ამასვე მოწმობს საქართველოში რუსეთის მთავარი მეგობარი, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე ვახტანგ რჩეულიშვილი.

[რჩეულიშვილის ხმა] „საერთოდ, ანტირუსული განწყობები საქართველოს მოსახლეობას არა აქვს და, მეტიც, საკმაოდ აქტიურად გამოხატა თავისი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის სწრაფვა საქართველოს მოსახლეობამ, როდესაც მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში ჩვენი ინიციატივით დაწყებულ აქციაში „რუსეთი ჩვენი მეზობელია“ მიიღო მონაწილეობა და მოაწერა ხელი რუსეთთან ცივი ომის დამთავრებას და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას. პოლიტიკური სპექტრია უფრო განწყობილი რუსეთთან ანტირუსულად, იმიტომ რომ, ეს გასაკვირიც არ არის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობის ტალღაზე. სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი რუსეთშიც და საქართველოშიც ჯერჯერობით, აი, ამ ძველი პოზიციებიდან ვუყურებთ ერთმანეთს.“[სტილი დაცულია]

ამ პოზიციების შეცვლას ვერც რჩეულიშვილის მიერ შეგროვებულმა მილიონმა ხელმოწერამ უშველა და ვერც რუსი მსახიობების საქართველოში ბოლო დროს გახშირებულმა ვიზიტებმა. ყველას კარგად ესმის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების მოგვარება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური შეთანხმების შედეგად თუ არის შესაძლებელი და სანამ ეს შეთანხმება არ არსებობს, მანამდე ეროვნულ გრძნობებზე თამაში პოლიტიკური ბრძოლის იარაღად რჩება.
XS
SM
MD
LG