Accessibility links

logo-print

წარსულის გააზრება პოსტკომუნისტურ და დასავლეთის ქვეყნებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გადაცემის დასასრულს გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ

პროგრამას “ათასწლეულთა მიჯნაზე”. ამ პროგრამის ბოლო რამდენიმე გამოშვება მისმა ავტორმა ელენე ლორთქიფანიძემ ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიერ საკუთარი წარსულის ბნელი ფურცლების გააზრებისა და აღიარების შესახებ საუბარს დაუთმო. ამ თემაზე მომზადებულ გადაცემათა ციკლში, სხვა ქვეყნებს შორის, საქართველოსაც შევეხეთ. მაგრამ საკუთარი წარსულის კრიტიკული გააზრების თვალსაზრისით პრობლემები მარტო აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოებისთვის როდია დამახასიათებელი.

როგორც ფრანგი ისტორიკოსი მარკ ფერო აღნიშნავს, ფრანგებისთვის მათი ისტორიის გააზრების პროცესი არასოდეს მთავრდება, და საფრანგეთის დღევანდელ ცხოვრებაში წარსული გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მაგალითად, ამბობს ფერო, გერმანიამ აღიარა თავისი დანაშაული და ამით დახურა თემა.

საფრანგეთში კი დღემდე გრძელდება დებატები 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის, პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და ალჟირის ომის შესახებ. ისტორია საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების აქტიური ელემენტია.

მაგრამ ფეროსა და სხვა ისტორიკოსების თქმით, მიუხედავად ამისა, წარსულის მრავალი საკითხი დიდხანს გადაუჭრელი რჩებოდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგაც ბევრს, თუ არა უმრავლესობას სჯეროდა მითისა, რომ საფრანგეთში ნაცისტების ოკუპაციის პერიოდში, წინააღმდეგობის მოძრაობა მეტად ძლიერი იყო.

წინააღმდეგობის მოძრაობა მართლაც არსებობდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოკავშირეების გამარჯვება სრულიად ნათელი გახდა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანელ დამპყრობლებთან თანამშრომლობაც ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო.

მითი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ, გარდა რიგითი მოქალაქეებისა, ბევრ ისეთ პოლიტიკოსსაც აძლევდა ხელს, რომელიც უმწიკვლო წარსულით ვერ დაიკვეხნიდა. მათ შორის აღსანიშნავია ფრანსუა მიტერანი, რომელიც, მას შემდეგ, რაც ვიშის კოლაბორაციული მთავრობის წევრი იყო, წინააღმდეგობის ლიდერი გახდა.

სერიოზული დებატები ვიშის მთავრობის დანაშაულის შესახებ მხოლოდ 1960-იან წლებში დაიწყო, როცა ამერიკელმა ისტორიკოსმა რობერტ პექსტონმა აღმოაჩინა ამის დამამტკიცებელი საბუთები არქივებში, რომლებიც ფრანგი ისტორიკოსებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო.

პექსტონის შრომამ და სატელევიზიო ეკრანებზე მარსელ ოფიულსის ფილმის “მწუხარებისა და სინანულის” გამოშვებამ, ფარდა ახადა ფრანგების საქციელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. საფრანგეთის ტელევიზიას მაშინ მთლიანად მთავრობა და ოფიულსის ფილმი მას არ უჩვენებია. ის მხოლოდ 10 წლის შემდეგ უჩვენეს კომერციული ტელეარხებით.

მაგრამ, როგორც ისტორიკოსი ბენჟამინ სტორა აღნიშნავს, ომის დანაშაულში საფრანგეთის მონაწილეობის სრული სურათი მხოლოდ 1970-იან და 80-იან წლებში დაიხატა. მისი აზრით, პექსტონასა და ოფიულსის ფილმზე მეტად ამას ხელი შეუწყო საფრანგეთის ებრაელთა ორგანიზაციებმა

[სტორას ხმა] “რამაც ეჭვი აღძრა და, საბოლოო ჯამში, გააქარწყლა მითი წინააღმდეგობის შესახებ, უბრალოდ, ებრაელთა მეხსიერება იყო. 1970-იანი წლების ნაცისტურ ბანაკებში დეპორტირებულთა შვილების მოძრაობამ თავდაყირა დააყენა ფრანგების ტრადიციული შეხედულება მათი ომისდროინდელი საქციელის შესახებ.”

სტორა ალჟირის ომისა და მისი შედეგების ყველაზე ცნობილი ფრანგი სპეციალისტია. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შეკითხვაზე, გადალახა თუ არა საფრანგეთმა ალჟირის კონფლიქტით მიღებული ტრავმა, მან თქვა:

[სტორას ხმა] “არა, ეს მთლიანად არ მომხდარა: ჩვენ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით. და ის მეტად მტკივნეულია საფრანგეთისთვის, რადგან მან თავისი ტერიტორიის ნაწილი დაკარგა. ალჟირი საფრანგეთის დეპარტამენტად ითვლებოდა. ასე რომ, მისი დაკარგვა აღიქმება, როგორც ეროვნული ჭრილობა, როგორც საფრანგეთის დამცირება”.

სტორას თქმით, დღესაც, ომის დამთავრებიდან 40 წლის შემდეგ, ალჟირის ჭრილობა მოუშუშებელია რჩება და მისი განკურნება ფრანგებისა და ალჟირელების ახალი თაობის მიერ მოხდება.

სტორასა და სხვა ფრანგი ისტორიკოსების აზრით, ქვეყანას ჯერაც ვერ გადაულახავს მე-20 საუკუნის ორი მსოფლიო ომის შედეგები.

მართალია, საფრანგეთი პირველ მსოფლიო ომში ნომინალურად ერთ-ერთი გამარჯვებული ქვეყანა იყო, მან ამ ომში თითქმის ერთი თაობა – მილიონნახევარი კაცი დაკარგა და ამ დემოგრაფიული შოკიდან დღემდე ვერ მობრუნებულა.

სანამ მოსახლეობის აღდგენა დაიწყებოდა, 1940 წლის გაზაფხულზე სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან თვენახევარზე ნაკლები დროის შემდეგ, საფრანგეთი გერმანიის არმიას დანებდა. ოთხი წლის მანძილზე ქვეყანა ოკუპირებული იყო.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა ოფიციალურად იმის აღიარება, რომ ვიშის მთავრობა თანამშრომლობდა ნაცისტებთან საფრანგეთის ებრაელთა განადგურების საქმეში.

ნაცისტების ბანაკებში დეპორტირებული 75 ათასი ებრაელიდან 5 ათასზე ნაკლები გადარჩა. არსებობს დოკუმენტები, რომ ვიშის მთავრობა ზოგჯერ აჭარბებდა კიდეც ნაცისტების მოთხოვნებს დეპორტაციის საკითხებში. მაგალითად ნაცისტები გარკვევით მხოლოდ მოზრდილების დეპორტაციას მოითხოვდნენ, ვიშის მთავრობა ბავშვებსაც კი აგზავნიდა ბანაკებში.

1995 წლამდე, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტად კონსერვატორ ჟაკ შირაკს აირჩევდნენ, არც ერთ ფრანგ ოფიციალურ პირს არ აღუმაღლებია ხმა ამის თაობაზე. შირაკი პირველი იყო, ვინც საჯაროდ მოიხადა ბოდიში საფრანგეთის დანაშაულისთვის.

დღეს საფრანგეთის სკოლების მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილია ვიშის რეჟიმის თემა, უარყოფით კონტექსტში, რაც ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინათ წარმოუდგენელი იქნებოდა. წიგნში დაბეჭდილია ფრანგი ებრაელი გოგონას პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია მისი ებრაელობა. დოკუმენტი დათარიღებულია 1940 წლის დეკემბრით, ე.ი. იქამდე, სანამ ნაცისტები ებრაელების თაობაზე რაიმე მოთხოვნებს წარუდგენდენ ვიშის რეჟიმს.

რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას, სახელმძღვანელოში გატარებულია ზღვარი შიგა და გარე წინააღმდეგობას შორის. ამ უკანასკნელს, ცნობილს “თავისუფალი საფრანგეთის” სახელით, ხელმძღვანელობდა გენერალი ჩარლზ დე გოლი, შიგა წინააღმდეგობა კი დანაწევრებული იყო რამდენიმე მოქიშპე ჯგუფად, რომელთა უმრავლესობას კომუნისტები ხელმძღვანელობდენ. ნათქვამია აგრეთვე, რომ საფრანგეთი მოკავშირეებმა გაანთავისუფლეს.

სახელმძღვანელოში უფრო ვრცლად არის გაშუქებული ალჟირის ომი. იმართება დისკუსიები ისეთი მტკივნეული თემის გარშემო, როგორიცაა ფრანგების მიერ ალჟირელი მეამბოხეების სისტმემატური წამება. არცერთი წინა მთავრობა არც კი აღიარებდა, რომ წამებას საერთოდ ჰქონდა ადგილი.
XS
SM
MD
LG