Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის მხრიდან


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის გაზეთი “ტრიბუნა” დაინტერესდა საკითხით, თუ რატომ არ მიმართავს კრემლი ეკონომიკურ ზეწოლას საქართველოზე იმ ვითარებაში, როცა პანკისის პრობლემასთან დაკავშირებულმა რუსეთის

ცნობილმა მოთხოვნებმა უაღრესად გაამწვავა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. წერილის ერთი ნაწილი ეთმობა ენერგომატარებლების თემას, მათ შორის, ნავთობისა და გაზის კომპანია “იტერას” საკითხს.
გესაუბრებით ამ პუბლიკაციის ზოგიერთი ფრაგმენტის შესახებ. გაგაცნობთ, აგრეთვე, საქართველოში “იტერას” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თამაზ პატარიძის კომენტარებს წერილში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

წერილის მიხედვით, “რუსეთისადმი საქართველოს საერთო ვალი (1991 წლიდან მოყოლებული) დაახლოებით 220 მილიონ დოლარს შეადგენს. მაგრამ საქართველო უკვე დიდი ხანია არ უხდის რუსეთს არც საერთო, არც საკუთრების სახით რესტრუქტურიზებულსა და არც მიმდინარე ვალებს”. გარდა ამისა, “ტრიბუნა” წერს, რომ “გაზი საქართველოს მიეწოდება ათას კუბურ მეტრში დაახლოებით 60 დოლარის ფასად, რაც ევროპის ფასებზე ორჯერ იაფია. ელექტროენერგიის ფასი კი, ევროპასთან შედარებით, საშუალოდ ოთხჯერ ნაკლებია”.
შემდეგ გაზეთი შენიშნავს, რომ ჯერჯერობით რუსეთის მთავრობაში საუბარია არა სანქციებზე, არამედ ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებული შეღავათების მოხსნაზე. თუმცა, როგორც წერილშია ნათქვამი, “ორივე სააქციო კომპანიამ -
რაო ეეს-მა და “იტერამ” - უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკის მიღმა არიან და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საქართველოში მიწოდებას სახელშეკრულებო ურთიერთობებით აწარმოებენ.
სააქციო საზოგადოება ეეს-ში “ტრიბუნას” განუმარტეს, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონური მიწოდებები საქართველოში შეიძლება მხოლოდ იმ პირობით არ აღდგეს, თუ დაუფარავი აღმოჩნდება მიმდინარე გადასახადები, რაც ორ მილიონ დოლარს შეადგენს. მთავრობა კი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია”.

ახლა კი გაზის შესახებ. ამ მიმართულებით საქართველოზე შესაძლო “შეტევასთან” დაკავშირებით, უეცრად ირკვევა, რომ საქართველოს საერთოდ არ მიეწოდება რუსეთის გაზი. საერთაშორისო კომპანია “იტერას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნიკოლაი სემენეკომ დაადასტურა, რომ საქართველოში მიდის შუააზიური წარმომავლობის გაზი თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან ამ რესპუბლიკების ტერიტორიებზე გამავალი ტრანზიტული მილსადენით, რომლის მხოლოდ ბოლო ნაწილი გადის რუსეთზე და გაზპრომის მიერ კონტროლირდება. სემენენკოს თქმით, “მილსადენის გადაკეტვა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზარალი გაზპრომს და რუსეთს მიადგება. მით უფრო, რომ რუსეთის გაზი ტრანზიტით მიდის საქართველოდან სომხეთში და ეს უკვე პოლიტიკაა”.
გაზეთ “ტრიბუნას” ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოში “იტერას” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ პატარიძე ამბობს:[პატარიძის ხმა] “აბსოლუტურად სწორი განმარტება აქვს მიცემული “იტერას” პრესცენტრის წარმომადგენელს, რომელიც აღნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია არ არის პოლიტიზებული”.

კითხვაზე, რა პირობებში შეიძლება შეუწყდეს გაზის მიწოდება საქართველოს, თამაზ პატარიძემ მიპასუხა:[პატრაძის ხმა] “ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გადახდილი იმ გაზის საფასური, რასაც “იტერა” ჩვენს ქვეყანას მიაწვდის. ჩვენ, ქართველები, უწინ არ ვიყავით უმადურობით გამსჭვალული ჩვენი მეგობრების მიმართ, “იტერასა” და სხვა საწარმოების მიმართ, ვინც ნედლეულს გვაწვდიდა. არადა, ვალის ოდენობამ 90 მილიონი დოლარი შეადგინა და ხომ შეუძლია “იტერას” რომ დღესვე გადაკეტოს და აღარ მიაწოდოს გაზი საქართველოს ვალის გასტუმრებამდე. მე მტკიცედ მწამს, რომ საფასურის გადახდის შემთხვევაში “იტერა” არ შეწყვეტს გაზის მიწოდებას”.

რაც შეეხება გაზზე ფასის შესაძლო მომატებას, თამაზ პატარიძის განმარტებით, ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ საერთოდ გაიზრდება ტრანზიტის საფასური.
XS
SM
MD
LG