Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 20 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს 11 წევრმა დასავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების

დაწესებულებები მოინახულა. საბჭოს წევრების მოგზაურობას ორი მიზანი ჰქონდა – შეესწავლათ მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და გაეკონტროლებინათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან შექმნილი ადგილობრივი კომისიების მუშაობა.

თუკი საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს შექმნა იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადგილობრივი კომისიების შექმნა კანონმდებლობამ გაცილებით ადრე გაითვალისწინა, თუმცა ეს კომისიები, ფაქტობრივად, ან არ არსებობდნენ, ან პენიტენციარული სისტემის სრულიად უმოქმედო და უფუნქციო დანამატებს წარმოადგენდნენ. იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოსთან პირველივე შეხვედრაზე სწორედ ადგილობრივი კომისიების შექმნის საჭიროებაზე დაიწყო საუბარი: [როლანდ გილიგაშვილის ხმა] “მე ვთვლი, რომ აუცილებელია სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისია, სადაც სათანადო კვოტირების წესით შევლენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, სასულიერო ორგანიზაციების და სხვა პირები, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები. მე ვთვლი, რომ, ამასთან, იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობით, რომელიც მინისტრთან ერთად განახორციელებს კონტროლს ადგილზე არსებული ამ კომისიების მუშაობის შესახებ. მე ვფიქრობ, ეს ფორმა წაადგება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაკონტროლებას…” [სტილი დაცულია]

მინისტრის თქმით, კანონი ზუსტად განსაზღვრავს, რა უფლებები აქვთ ამგვარ კომისიებს: [როლანდ გილიგაშვილის ხმა] “ეს ამოცანებია: მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, მსჯავრდებულთა სოციალური მდგომარეობის შემოწმება, მსჯავრდებულთა კვების მდგომარეობა, მსჯავრდებულთა მკურნალობის საკითხები და სხვა და სხვა. ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ჩვენ ვართ რაღაც ისეთი შემმოწმებლები, რომლებსაც აქვთ რეჟიმისა თუ სხვადასხვა საკითხებში ჩარევის უფლება.” [სტილი დაცულია]

კომისიები შეიქმნა, თუმცა თავად სამინისტროს ხელმძღვანელობას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა, ფაქტობრივად, უმოქმედოდ იყო და ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს. ამ აზრს დამოუკიდებელი საბჭოს წევრებიც ეთანხმებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის თქმით, სამდღიანი მონიტორინგის შედეგად, გამოჩნდა, რომ კომისიების შემადგენლობა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. მართალია, მათი ზოგიერთი წევრი აცხადებს, თითქოს ისინი აქტიურად აკონტროლებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, მაგრამ მონიტორინგის შედეგი საქმეებში, ფაქტობრივად, არ არის ასახული: [ნანა კაკაბაძის ხმა] “რეზულტატი ამ სიარულისა, ფაქტობრივად, არც ერთ ორგანიზაციას არ ჰქონდა წარმოდგენილი და სიტყვიერადაც არავის უთქვამს, გარდა იმისა, რომ არის გაუსაძლისი პირობები ზოგადად, რომ არის რთული მდგომარეობა, რომ პატიმრების უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ლოზუნგები.” [სტილი დაცულია]

თბილისში დაბრუნების შემდეგ საბჭოს წევრებმა სამინისტროს სახელზე რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს, კერძოდ: განახლდეს კომისიების შემადგენლობა და მოხდეს მათგან ფორმალური წევრების გამოყვანა. ამასთან, რამდენადაც ადამიანური რესურსი საკმაოდ მწირია, უკეთესი იქნება, თუ შედარებით აქტიურ ადამიანებს ერთდროულად ორ ან სამ კომისიაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ.

სამდღიანი მონიტორინგის მეორე მიზანი თავად დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა იყო. ნანა კაკაბაძის თქმით, პოლიტიკა, რომელსაც სამინისტრო ატარებს, დრომოჭმულია, რეალური რეფორმები კი სისტემაში არ ტარდება. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ცენტრალიზებული წესით მომარაგება აორმაგებს ხარჯებს, მაშინ, როცა, სამინისტროს დაფინანსება ისედაც ხშირად ჩამოდის კრიტიკულ ზღვარზე დაბლა. თავად დაწესებულებების ხელმძღვანელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მომარაგების დეცენტრალიზაცია სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს, მეორე ნაწილი კი ამაშიც საფრთხეს ხედავს. მათი ლოგიკა ასეთია: [ნანა კაკაბაძის ხმა] “საფრთხე იმისა, რომ დროულად არ გადაურიცხონ ფული და შეუქმნან პრობლემები. როდესაც ეს ცენტრალიზებულია, მართალია, შეიძლება მოდიოდეს პროდუქტი, რომელიც უვარგისია და რომელსაც ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოდის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფულს არ გადმოგვირიცხავენ და არ მოგვცემენ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საერთოდ ვერაფერი ვერ შევიძინოთ. ყველას მიაჩნდა, რომ პური არ შეიძლება იყოს ცენტრალიზებულად მიწოდებული, იგივე პროდუქტები – თუნდაც კარტოფილი – რომელსაც დეპარტამენტი 60 თეთრად ყიდულობსო, ჩვენ აქ, იმაზე უკეთეს კარტოფილს 20 თეთრად ვიყიდითო. რა აზრი აქვს ამ წინ და უკან ტარებას ამ მანქანებისას? იგივე საწვავიო, მაგალითად, გამოგვიყვესო 400 ლიტრი საწვავი, საიდანაც 200 დაიხარჯაო გზაში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხნის წინ მივეცით რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი იუსტიციის სამინისტროს არ გადაუდგია. არის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო ამისთვის ემზადება.” [სტილი დაცულია]

საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ მომარაგების დეცენტრალიზაცია მონიტორინგსაც გააადვილებს, რადგან, თუკი საკვები უხარისხო იქნება, დამნაშავის მონახვა გაცილებით გაადვილდება, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას გაზრდის. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა კახიშვილის თქმით, სამინისტრო მომავალი წლის იანვრიდან უკვე იწყებს დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარებას.

საბჭოს წევრების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა საკადრო საკითხია. კადრებში არსებულ სიძნელეებზე თავად დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც ხშირად ლაპარაკობს, მაგრამ მათი შეხედულებები საბჭოს წევრების აზრებს ყოველთვის არ ემთხვევა. თუმცა გეგუთის დაწესებულებაში ნანახით ნანა კაკაბაძის აღშფოთებას დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც იზიარებს: [ნანა კაკაბაძის ხმა] “დეისაძე, რომელიც იყო არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში და სხვადასხვა ასეთი სახის დანაშაულებებში ეჭვმიტანილი, ეს ადამიანი დღემდე იქ მუშაობს უფროსის მოადგილედ. მან მოახერხა, რომ სასამართლოს გზით თავი აღიდგინა ძალიან დიდი ხნის წინ. ასევე გაუგებარია ჩემთვის იუსტიციის სამინისტროს და დეპარტამენტის ეს პოლიტიკა, თუ რატომ აჩერებენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორიც არის დეისაძე და, საერთოდ, რატომ წავიდა ასეთი საშინელი ტენდენცია იმ ადამიანების დაბრუნების ამ სისტემაში, რომლებიც ასეთ ოდიოზურ ფიგურებად ითვლებოდნენ და ითვლებიან ახლაც – საზოგადოებაში ცნობილი დამრღვევები და კორუმპირებული ადამიანები.” [სტილი დაცულია]

კახა კახიშვილის თქმით, დეპარტამენტის ხელმღძვანელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ზემოთ გამოთქმულ პოზიციას ეთანხმება, ცხადია, თავად დეპარტამენტისა და სამინისტროს მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამოკლებით: [კახა კახიშვილის ხმა] “დეისაძეს მარტო იმის გამო ვერ ვათავისუფლებთ, რომ ის არის ბიულეტენზე და, კანონით, მისი გათავისუფლების უფლება არა გვაქვს. მე ვიყავი გეგუთში – გახსოვს, რომ ჩავედი გეგუთში, ორჯერ ვიყავი ზედიზედ, 5-5 დღე – მაგის მიმართ ვიკვლევდით მასალებს. თათბირისთვის ყველაფერი მომზადდა, თათბირი ჩატარდა, არ მობრძანდა თათბირზე, მოიტანეს ბიულეტენი – ავად არისო. კანონით, არ გვქონდა საშუალება, მიგვეღო მის გარეშე გადაწყვეტილება, როცა ბიულეტენზეა პიროვნება. როგორც კი გამოვა სამსახურში, მაშინვე მის მიმართ მივიღებთ ზომებს – ეს ერთი. მეორეც, სამსახურში ჩვენ კი არ დაგვინიშნია, სამსახურში აღადგინა სასამართლომ.” [სტილი დაცულია]

ამჟამად საზოგადოებრივი საბჭო, ერთი მხრივ, საკუთარი მუშაობის 6 თვის ანგარიშს ამზადებს, მეორე მხრივ კი, პენიტენციარულ სისტემაში არსებული პრობლემების სახელმწიფო მინისტრთან განხილვისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG