Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი არჩევნებში წარმატების შემდეგ აშშ-თან დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიისწრაფვის


გერმანიას წლეულს საკმაოდ გაუძნელდა არჩევანის გაკეთება. 22 სექტემბერის საპარლამენტო არჩევნებში თანაბრად გაიყო ორი წამყვანი პარტიის: სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების

მომხრეთა ხმები - თითო პარტიას 38,5 პროცენტი ერგო! ასე რომ, რა გასაკვირია, ბევრ მიმომხილველს გაახსენდა 2000 წლის ნოემბერ-დეკემბერი, როცა ამერიკის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის ხმების თანაბრად გაყოფას საარჩევნო ბიულეტენების ნაწილის ხელახლა გადათვლა მოჰყვა. მაგრამ ეს სცენარი, რომელსაც არც გროტესკული ეპიზოდები აკლდა, გერმანიაში არ გამეორებულა: სოციალ-დემოკრატების საბედნიეროდ, მათმა მოკავშირე მწვანეთა პარტიამ ხმების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა საიმისოდ, რომ გერმანიის მმართველი სამთავრობო კოალიცია (სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიები კანცლერ გერჰარდ შრიოდერის მეთაურობით) კიდევ 4 წელი დარჩეს ხელისუფლების სათავეში. და მაინც, გერმანიაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში აშშ-ზე ძალიან ხშირად საუბრობენ...

უკვე რამდენიმე კვირაა, გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის უჩვეულო დაძაბულობა შეინიშნება, რომლის მიზეზი გახდა კანცლერ გერჰარდ შრიოდერის განცხადება, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შესაძლო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ. ეს განცხადება შრიოდერმა რამდენიმეჯერ გაიმეორა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგით: ერთი მხრივ, იმატა გერმანელ ამომრჩეველთა შორის მისი მომხრეების რიცხვმა, მაგრამ მეორე მხრივ – განაწყენებული დარჩა ვაშინგტონი, რომლის მოკავშირეებიდან არავის შეუფასებია ერაყზე თავდასხმის გეგმა ისე კრიტიკულად, როგორც გერმანიის ლიდერს.

თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე შრიოდერის თანაპარტიელი იუსტიციის მინისტრის ჰერტა დოიბლერ-გმელინის საჩოთირო განცხადებამ (მან ჯორჯ ბუშის გეგმები ერაყის თაობაზე ჰიტლერის ტაქტიკას შეადარა) ვაშინგტონიდან უკვე აღშფოთებული რეაქცია გამოიწვია.”გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მოიწამლაო,” დაასკვნა ეროვნული უშიშროების საკითხებში ბუშის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა გაზეთ ”ფაინანშლ თაიმსთან” ინტერვიუში.

ასე რომ, შრიოდერს ისღა დარჩენია, კანცლერობის მორიგი ოთხწლიანი ვადა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით დაიწყოს. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა: 23 სექტემბერს კანცლერმა იუსტიციის მინისტრის გადადგომა მიიღო. [გერჰარდ შრიოდერის ხმა] ”ქალბატონმა დოიბლერ-გმელინმა დღეს მომწერა წერილი, რომელშიც უარს ამბობს ახალ მთავრობაში დარჩენაზე. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება პატივსიცემას იმსახურებს და გარემოებებს შეესაბამება”, აღნიშნა შრიოდერმა. ხოლო 24 სექტემბერს ის გაემგზავრა ბრიტანეთში, რათა ერაყის პრობლემაზე მოელაპარაკოს ამ საკითხში ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირეს – პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს. იუწყებიან აგრეთვე, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი ტელეფონით დაუკავშირდა ამერიკელ კოლეგას, კოლინ პაუელს

რამდენად რთული ამოცანის წინაშე დგას გერმანიის ხელმძღვანელობა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის ბოლო განცხადებით მჟღავნდება: ვარშავაში, სადაც სამშაბათს ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი ფორუმი დაიწყო, რამსფელდმა უარი თქვა თავის გერმანელ კოლეგასთან, პეტერ შტრუკთან შეხვედრაზე. და კიდევ ერთი მრავლიმსეტყველი ფაქტი: პრეზიდენტ ბუშს დღემდე არ დაურეკია გერმანიის კანცლერისათვის არჩევნებში გამარჯვების მისალოცად.
XS
SM
MD
LG