Accessibility links

logo-print

ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს AES-ის საქართველოდან წასვლა


საქართველოს საგარეო კონფლიქტმა შიდაპოლიტიკური კონსოლიდაციაც კი გამოიწვია, მაგრამ ამავე ფაქტორმა ოდნავადაც ვერ შეანელა დაპირისპირება ქართულ ენერგეტიკაში.

მოახლოებული ზამთრის პირას და მზარდი საგარეო აგრესიის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას ჰაერივით ესაჭიროება ენერგეტიკული სტაბილურობა. არადა, ამ სტაბილურობის მთავარი გარანტი ამერიკის კომპანია AES-ი თავად განიცდის ისეთ სირთულეებს, რამაც შეიძლება საქართველოში საქმიანობაზე ხელი ააღებინოს. სწორედ ამას ისახავს მიზნად AES-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ ტრუბნიკოვმა საქართველოსთვის ენერგომატარებელთა მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობის კომენტირებისას აღნიშნა: ენერგეტიკული სანქციების გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებზე უარყოფითად აისახებაო. ამ, თითქოსდა, ჰუმანიტარული მიზეზის უკან ეკონომიკური ინტერესები იმალება: ენერგეტიკული ბლოკადის გამოცხადებით რუსეთი თავისი ხელით გაწყვეტს ყველა იმ ძაფს, რომლითაც საქართველოზე ენერგეტიკული ზემოქმედების ბერკეტებს მართავს. მოსკოვი ამას იმიტომაც არ გააკეთებს, რომ მას ლავირების კარგ საშუალებას აძლევს საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული დაპირისპირება.

ამ დაპირისპირების მიზეზთა ძებნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი წლების მანძილზე სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებისა და სხვადასხვა კომპანიების არასწორი საქმიანობის წყალობით ჩამოყალიბდა. ახლა ამერიკულ AES კორპორაციას მოუწესრიგებელი ენერგოსისტემის წინააღმდეგობების დაძლევა უხდება, თუმცა პრობლემები იმდენად რთულია, რომ AES-ი საქართველოში ბიზნესის შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე დგას.

„AES მტკვარის“ ენერგობლოკების მიმართ საქართველოს ენერგეტიკის საბითუმო ბაზრის დავალიანებამ AES-ის შვილობილ ამ კომპანიას ბიზნესგეგმის განხორციელების საშუალება არ მისცა. იგი გაკოტრების პირასაა მისული, რადგან ზამთარში თბოელექტრობლოკების ასამუშავებელი სახსრები ვერ მოიპოვა. ზამთარში კი AES-ის ენერგობლოკი საქართველოს ენერგოსისტემის ბაზისს წარმოადგენს და მის გარეშე მთელ საქართველოს ჩაბნელება ემუქრება.

ცხადია, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვის, რომელმაც საქართველოსთან კონფლიქტის მთავარ მიზნად დაისახა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ცვლის დაჩქარება. თუ ოფიციალურ თბილისზე მოსკოვის სამხედრო ზეწოლამ, ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უნდობლობის გაღრმავების ნაცვლად, უკუპროცესები გამოიწვია, ენერგეტიკული კრიზისი უცებ შეცვლის ამ დამოკიდებულებას და თან ეს „რაო ეესს“ ან „იტერას“ კი არ დაბრალდება, არამედ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კორპორაციას.

ძნელია ეს ყველაფერი მოსკოვში შექმნილ სცენარს მიაწერო, - უბრალოდ, ამ შემთხვევაში რუსეთისა და ადგილობრივი მაფიოზური კლანების თუ კორუმპირებული მოხელეების ინტერესები ერთმანეთს თანხვდება. სანამ AES-ი „თელასის“ მფლობელი გახდებოდა, მანამდე თბილისში აკრეფილი ელექტროენერგიის გადასახადის 30 პროცენტი, დაახლოებით 25 მილიონი ლარი, კერძო პირთა ჯიბეებში ილექებოდა. ახლა მათ ეს ფინანსური წყარო გადაეკეტათ. AES-ის სურვილმა მონაწილეობა მიეღო თბილგაზის რეაბილიტაციის პროექტში კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა მასსა და ხელისუფლებას შორის.

AES-ის მიერ მოთხოვნილი ტარიფის ზრდის პროცესის გაჭიანურებასთან ერთად, აქტიური მოძრაობა მიმდინარეობს ამერიკულ კორპორაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულების რევიზიისთვის.

ამჟამად AES-ის ხელმძღვანელობა თბილისში არ იმყოფება და ამ კომპანიის საქართველოში ყოფნა- არყოფნის კითხვებზე პასუხის გაცემა კომპანიის ლობისტს ირაკლი მელაშვილს უწევს.

[მელაშვილის ხმა] „ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას, მაგრამ მე არ ვიცი, ყველაფერს თავისი დასაწყისი და თავისი ბოლო აქვს. მე ვიცი, რომ ახლა მზადდება კიდევ რამდენიმე აქცია AES-ის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყებებიდან. არ ვიცი, ვნახოთ. გამორიცხული უკვე აღარაფერი აღარ არის, იმიტომ რომ პარანოიალური ხასიათი მიიღო ამ ეტაპზე AES-ის წინააღმდეგ ბრძოლამ.“

ამ ბრძოლაში გამარჯვება, AES-ის საქართველოში ყოფნა-არყოფნასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ბედსაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG