Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიაზე არასანქცირებული გადაადგილებები შეეზღუდათ?


საქართველოსა და რუსეთს შორის გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

თუმცა ანტიქართული ისტერიის ფონზე, დაპირისპირების თემა აქაც იოლად გამოინახა. რუსეთის ჯარების დაჯგუფების ხელმძღვანელობამ რუსეთის მედიის საშუალებით გაავრცელა ცნობა, თითქოს საქართველომ ცალმხრივად დააწესა სანქცია მათი კუთვნილი ავტოტრანსპორტის გადაადგილების თაობაზე და საშუალებას არ აძლევს რუსეთის შტაბის წარმომადგენლებს, მიიღონ ახალწვეულთა შევსება სომხეთის "გიუმრის" ბაზიდან.

2001 წლის გაზაფხულზე მოსკოვის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა როგორც რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში სახელშეკრულებო ბაზის არარსებობის გამო, ფაქტობრივად, სამართლებრივ ვაკუუმში მოექცნენ.

ამასობაში კი მოახლოვდა დრო, როდესაც, სტამბოლის ეუთოს შეთანხმების თანახმად, რუსეთს უნდა დაეწყო 137-ე ვაზიანის ბაზის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გაყვანა. ეს პროცესი რომ არ შეფერხებულიყო, ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსცა 47-ე ბრძანება, რომელიც რუსეთის ჯარების დაჯგუფების კუთვნილი ავტოტრანსპორტის გადაადგილების წესრიგს განსაზღვრავდა. ამ ბრძანების თანახმად, რუსეთის ჯარების დაჯგუფების ხელმძღვანელობა ვალდებული იყო ქართული მხარისთვის წინასწარ ეცნობებინა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების დრო, მარშრუტი და მასზე არსებული ტვირთის ზუსტი ჩამონათვალი.

როგორც რადიო “თავისუფლებასთან" საუბარში რუსეთის ჯარების დაჯგუფების პრესცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრ ლუცკევიჩმა განაცხადა, სწორედ ასე მოიქცა შტაბის ხელმძღვანელობა სომხეთის "გიუმრის" ბაზიდან 130 ახალწვეულის მიღებისას: გააფორმა ვიზები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და 12 სექტემბერს წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, რათა დაერთო ნება ჯარისკაცების სომხეთიდან ბათუმში ტრანსპორტით გადმოყვანის თაობაზე.

[ალექსანდრ ლუცკევიჩის ხმა] "17 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ლოგისტისკის მთავარი სამმართველოს უფროსის ლომსაძის პირით შემოგვითვალა, რომ უარს გვეუბნებიან ახალწვეულების გადმოყვანაზე და წერილში ასეთ მიზეზებს გვისახელებენ: საქართველოს მიმართ რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 11 სექტემბრის განცხადებაში გამოიხატა, გთხოვთ ახალწვეულთა ჩამოყვანაზე ნებართვის მისაღებად მიმართოთ საქართველოს უშიშროების საბჭოს."

პოლკოვნიკ ლუცკევიჩის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ისევ და ისევ პოლიტიკური მოტივის გამო, უარი განაცხადა რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვის გაცემაზე და გასცა ბრძანება მათი დაკავების შესახებ.

ამგვარი სანქციის შესახებ ინფორმაცია არ აღმოაჩნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გელა ბეჟუაშვილს. თუმცა, მისი თქმით, მსგავს პრობლემებს ყოველთვის რუსეთის ჯარების დაჯგუფების ხელმძღვანელობის თვითნებური მოქმედება იწვევს.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ეხლა ნებისმიერი გადაადგილება სამხედრო ტრანსპორტისა საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისის გარნიზონის იქით და შიგნით, ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნებართვის შესაბამისად. ეს სწორია და ასეთი პრაქტიკა იყო წლების განმავლობაში. თუ დოკუმენტები, როგორც წესი, არ არის სწორი, ან ტვირთი, რომელიც ნახსენები არის დოკუმენტებში, არ შეესაბამება იმას, რაც არის ბორტზე, მაშინ ხდება ამ ავტოტრანსპორტის დაკავება სამართლიანად."[სტილი დაცულია]

გელა ბეჟუაშვილი დარწმუნებულია, რომ ამგვარი გაუგებრობების თავიდან აცილება იოლად შეიძლება მოლაპარაკების გზით. თუმცა იგი ვერ იხსენებს ვერც ერთ შემთხვევას, რომ მისთვის რუსეთის ჯარების ხელმძღვანელობას ანალოგიური თხოვნით ერთხელ მაინც მიემართოს. როგორც გაირკვა, პრობლემის კონსტრუქციული მოლაპარაკების გზით გადაჭრას უჭერენ მხარს რუსეთის ჯარების დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ რუსეთის მედიისა და საზოგადოებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება სწორედ სიტუაციის განმუხტვას ისახავდა მიზნად და არა ახალი სკანდალის შექმნას. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მოხდა პირიქით. ასე რომ, მხარეები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ამის გამო მათ შემდგომში კიდევ არაერთი გაუგებრობის გადატანა მოუწევთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG