Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საინვესტიციო გარემო უარესდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველომ, თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაკარგა ის საინვესტიციო მომხიბვლელობა, რაც ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის წინ ჰქონდა.

პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდებები ქვეყანაში სულ უფრო მცირდება, რაც, საერთოდ, ეკონომიკური პროცესების ყველაზე უტყუარი ინდიკატორია.

ისეთი ტიპის სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, ბუნებრივი რესურსების სიმცირიდან და სამრეწველო პოტენციალიდან გამომდინარე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პოლიტიკური ფორმაციის შეცვლის, დეზინტეგრაციული პროცესებისა და ათეული წლობით გაწელილი ეკონომიკური კრიზისის გამო, ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა თავისუფალი ფინანსური სახსრები. საქართველომ თითქმის ამოწურა შიდა საინვესტიციო პოტენციალი. ის კაპიტალი, რომელიც სხვადასხვა კანონიერი თუ უკანონო გზით დაგროვდა, ძირითადად, საქართველოს ფარგლებს გარეთ არის გატანილი, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ფულს აქვს ერთი უნიკალური თვისება - წარიმართოს იქით, სადაც დასაბანდებლად უკეთესი პირობები და მოგების მიღების მეტი გარანტია არსებობს.

კაპიტალს - მითუფრო, უცხოურ და ლეგალურ კაპიტალს - ყოველთვის აშინებს არასტაბილურობა და ნებისმიერი სერიოზული ინვესტორი მაღალმომგებიან, მაგრამ სარისკო პროექტებს უფრო ხშირად შედარებით ნაკლები დივიდენდის მომტან, მაგრამ სტაბილურ კაპიტალდაბანდებას ამჯობინებს. საქართველოში, ამ მხრივ, სიტუაცია გაცილებით უარესადაა: ჩვენ ვერც პოლიტიკური სტაბილურობით დავიკვეხნით და ვერც ეკონომიკური ან განსაკუთრებული საინვესტიციო მომხიბვლელობით გამოვიდებთ თავს. შედეგიც
თვალსაჩინოა - ბოლო 4 წლის განმავლობაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველში კლების ტენდენცია ახასიათებს.

ცოტა ხნის წინ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD) გამოაქვეყნა თავისი მოხსენება, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთგვარ რეიტინგს წარმოადგენს. ამ რეიტინგში გაეროს 140 წევრი ქვეყანა 1998-2000 წლების მთლიან შიდა პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილის შესაბამისად არის დალაგებული. საინვესტიციო კლიმატის გაუარესების მიუხედავად, 140 ქვეყანას შორის საქართველო 36-ე ადგილზე აღმოჩნდა. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ რეიტინგი 1998-2000 წლების მონაცემებზეა აგებული, ანუ მანამდე, სანამ სიტუაცია ჩვენთან უკიდურესად გაუარესდებოდა. ამასთან, პირდაპირი ინვესტიციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ წლებზე მოდის. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაქო-სუფსას მცირე ნავთობსადენის პროექტში ჩადებული ფული და ”თელასის” პრივატიზაცია, რაც სერიოზულ თანხებთან იყო დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით, საქართველოს ამ წლებშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები უსწრებენ. საინვესტიციო რეიტინგში მე-8 ადგილზეა აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი მე-15 ადგილით იწონებს თავს.

მსგავსი გამოკვლევა 2000 წლის შემდგომი პერიოდის მიხედვით რომ ჩატარდეს, ადვილი წარმოსადგენია, ინვესტიციების მიხედვით რამდენად დაშორდება საქართველო თავის უშუალო მეზობლებს. როგორც წესი, არამდგრად პოლიტიკურ, სოციალურად გაჭირვებულ, კორუფციულ და კრიმინოგენულ სახელმწიფოში სერიოზულ კაპიტალს არაფერი ესაქმება.
XS
SM
MD
LG