Accessibility links

კანონის დამრღვევთა შორის ქალები უმცირესობად რჩებიან


დამნაშავეობის პრობლემა უხსოვარი დროიდან იქცევს მედიის ყურადღებას.

მაგალითად გამოდგება ცნობილი ბიბლიური ეპიზოდი ედემის ბაღის შესახებ. გავიხსენოთ: უფალი ადამს – პირველ ადამიანს – აფრთხილებს, არ შეჭამოს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი, თორემ, დაუმირჩილებლობის შემთხვევაში, სიცოცხლეს გამოესალმება. ანუ, ბიბლიური ღმერთი ადამიანის მოქმედებას ჩარჩოებში აქცევს და კანონის დამრღვევს სიკვდილით დასჯით ემუქრება. მაგრამ სულ მალე მას შემდეგ, რაც უფალი ევას შექმნის, კანონი ირღვევა, რასაც თავის მხრივ, უმალვე მოჰყვება აკრძალვის ორივე უგულებელმყოფელის, როგორც ქალის, ისე მამაკაცის დასჯა: საინტერესოა, რომ არა სიკვდილით, არამედ ედემის ბაღიდან გაძევებით დასჯა! თუმცა განაჩენის ეს, მოულოდნელი შეცვლა, ალბათ, სამართლის ისტორიის ექსპერტების თუ თეოლოგების მიერ განსახილველი ასპექტია. რაც შეეხება გადაცემას ”ქალი და მსოფლიო”, მასში დამნაშავეობის გენდერულ თავისებურებებს შევეხებით: ამ თავისებურებებიდან ყველაზე თვალშისაცემი კი ის არის, რომ -ედემის ბაღისაგან განსხვავებით- ჩვენს რეალობაში კანონის დამრღვევებს შორის მამაკაცების რიცხვი გაცილებით აღემატება ქალთა რაოდენობას.

ქალები გაცილებით უფრო იშვიათად არღვევენ კანონს, ვიდრე მამაკაცები- ასეა მთელს მსოფლიოში, ანუ ქვეყნების სახელმწიფოებრივი თუ სოციალური მოწყობის მიუხედავად. ცხადია, ქვეყნებს შორის სხვაობა არსებობს: ქალები შეერთებულ შტატებში ძალადობის აქტის ჩადენის გამო გასამართლებულთა 14 პროცენტს, ხოლო გერმანიაში მკვლელობისათვის მსჯავრდებულთა 13 პროცენტს შეადგენენ. ასევე გერმანიაში ქალების რიცხვი, ზოგადად, პატიმართა 5 პროცენტს არ აღემატება. დადგენილია აგრეთვე, რომ ზარალი, რომელიც ქალთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება, გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს მოაქვს და რომ დანაშაულის რეციდივი ქალებს შორის, მამაკაცებთან შედარებით, იშვიათობად რჩება.

დამნაშავეობის გენდერული თავისებურებების შესახებ კიდევ არაერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, არსებობს ამ ფაქტებისა თუ მათი მიზეზების ახსნის სხვადასხვა მცდელობა, მაგალითად ასეთი: სოციალური და სიღრმითი ფსიქოლოგიის ჰამბურგელი ექსპერტი გერჰარდ კრებსი გაუმართლებლად მიიჩნევს ამჟამინდელ ტენდენციას, რომლის შესაბამისად ქალებისა და მამაკაცების მოქმედებას მათი მხოლოდდამხოლოდ საზოგადოებრივი როლების მიხედვით ხსნიან. გერმანელი მკვლევარი კი საჭიროდ მიიჩნევს სოციალურის გარდა ევოლუციური ფაქტორის გათვალისწინებას. მისი თქმით, ქალს ოდითგანვე დაცვა, მოპოვებულის შენარჩუნება ევალებოდა, მაშინ როცა მამაკაცი ახლის ძიებითა და ბრძოლით იყო დაკავებული და ამ ფუნქციების მიხედვით ჩამოყალიბდა სქესთა ჰორმონალური სისტემა.

გერმანელი ექსპერტის განმარტებას ეხმიანება საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ქალები, თავიანთი ბუნებით, მამაკაცებზე ნაკლებად აგრესიულები არიან. თუმცა, ზოგი ფიქრობს, რომ პოლიციელები თუ მოსამართლეები ქალებს შედარებით ლმობიერად ეპყრობიან და არც თუ იშვიათად თავს იკავებენ მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრასა თუ მათთვის მკაცრი განაჩენის გამოტანაზე. ყველა ამ თეორიაში, ალბათ სიმართლის მარცვლის დანახვა შეიძლება, მაგრამ მათი შეჯერება და მასშტაბური ანალიზის გაკეთება, როგორც გერმანიის ჟურნალი ”ცაიტცაიხენ” გვამცნობს, ჯერჯერობით, მომავლის საქმედ რჩება.

რაც შეეხება ვითარებას საქართველოში, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ქალთა კლუბის ”პეონი” თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ამირეჯიბს, რომლის ორგანიზაცია 1999 წლიდან მუშაობს საქართველოში პატიმარ ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. გთავაზობთ ელისო ამირეჯიბთან საუბრის ჩანაწერს:

იხ. აუდიო ვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG