Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავი სისტემის რეფორმა უშიშროების სამინისტროს აუქმებს


სოზარ სუბელიანი, თბილისი სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების რეფორმათა კომისიამ, რომელსაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ხელმძღვანელობს, რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა დაამთავრა.

25 სექტემბერს კომისიამ უშიშროების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა, რომლის თანახმადაც, სამინისტრო უქმდება და, მის ნაცვლად, იქმნება ახალი სტრუქტურა, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომელიც წინამორბედისგან მხოლოდ სახელით კი არა, ფუნქციებითა და სტრუქტურითაც თვისებრივად იქნება განსხვავებული.

კომისიის თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას თქმით, კომისიამ საკმაოდ მცირე დროის – 9 თვის განმავლობაში შექმნა კონცეფცია, რომელსაც სამი უმთავრესი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა: იგი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებთან; კონცეფცია უნდა ყოფილიყო მოწონებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მიერ, რათა კონცეფციის განხორციელების პროცესშიც იყოს მათი მხარდაჭერის იმედი; და ბოლოს, მესამე მოთხოვნა – კონცეფცია უნდა ყოფილიყო რეალისტური და განხორციელებადი. კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ, მთლიანობაში, ეს მიზნები მიღწეულ იქნა: [ლადო ჭანტურიას ხმა] “მე ვფიქრობ, რომ, მთლიანობაში, ჩვენ კარგი კონცეფცია შევიმუშავეთ და, პრაქტიკულად, ეს კონცეფცია არის საფუძველი სამართალდამცავი ორგანოების სისტემის საბჭოური მოდელის დემონტაჟისა. პრაქტიკულად, ამით ჩვენ საქართველოში დავნერგავთ იმ სისტემას და იმ პრინციპებს, რაც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია აპრობირებულია და არსებობს.”

რაც შეეხება კონკრეტულად უშიშროების სამინისტროს, რომლის რეფორმირების საკითხიც კომისიამ 25 სექტემბერს განიხილა, იგი სრულიად ახალ სტრუქტურად უნდა გადაკეთდეს: [ლადო ჭანტურიას ხმა] “ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უშიშროების სამინისტრო გაუქმდება და მის ნაცვლად შეიქმნება სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ეს არ არის მხოლოდ სიტყვების თამაში, იცვლება ფუნქციებიც, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი აღარ იქნება მთავრობის წევრი, მას პრეზიდენტის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ოღონდ, მინისტრებისაგან განსხვავებით, გარკვეული ვადით, და ეს ვადა არის დამოუკიდებლობის გარანტია.”

კანონპროექტის თანახმად, ეს ვადა 5 წლით არის განსაზღვრული. რაც შეეხება თავად უშიშროების სამსახურის მომავალ ფუნქციებსა და სტრუქტურას, უშიშროების მინისტრის მოადგილის დავით ბაზღაძის თქმით, პირველ რიგში, სამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: [დავით ბაზღაძის ხმა] “მარტივად რომ ვთქვათ, სამ საკითხზე უნდა გავცეთ პასუხი: რას ვიცავთ, რისგან ან ვისგან ვიცავთ და, შემდეგ უკვე – როგორ ვიცავთ. ეს არის ამის შინაარსი.”

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს, თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს უსაფრთხოების საერთო სისტემაში უშიშროების სამსახურმა. თავად კონცეფციის ავტორმა დავით ბაზღაძემ, მას შემდეგ, რაც საკუთარი ხედვა კონცეფციის სახით ჩამოაყალიბა, მას შესაბამისი კანონი და დებულებაც მოაყოლა. მათი განხორციელების შემთხვევაში, კარდინალურად უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ უშიშროების სამსახურის სტრუქტურა, არამედ თანამშრომელთა რაოდენობაც: [დავით ბაზღაძისა და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ეს უნდა იყოს მოქნილი, კომპაქტური, მცირერიცხოვანი, მაღალპროფესიონალური, კარგად აღჭურვილი და უზრუნველყოფილი სამსახური.”
-
“როცა მცირერიცხოვანს ამბობთ, დღეს, როგორც ვიცი, დაახლოებით 4500 თანამშრომელია, ხომ?”
-
“დაახლოებით ასეა.”
-
“რამდენი უნდა დარჩეს, თქვენი აზრით, ოპტიმალური რა იქნება, რომ ეს ამოცანები გადაჭრას?”
-
“ოპტიმალურზე საუბარი არის რთული. მე კიდევ ვიმეორებ, რიცხობრივადაც და სტრუქტურულადაც უნდა განსაზღვროს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის პრიორიტეტებმა.”

უშიშროების ახალი სამსახურის თანამშრომელთა შესაძლო რაოდენობას ვერც ლადო ჭანტურია აზუსტებს, თუმცა, მისი თქმით, ბევრი განვითარებული ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, 10 ათას მოსახლეზე, დაახლოებით, ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელი უნდა მოდიოდეს, რაც, საქართველოს შემთხვევაში, სპეცსამსახურის თანამშრომელთა რიცხვის, მინიმუმ, ათჯერ შემცირებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG