Accessibility links

საქართველო დიდ და პატარა თამაშებში. გენერალური პროკურატურა აგვისტოში დაკავებული ჩეჩენი მებრძოლების რუსეთში ექსტრადიციას დათანხმდა


3-4 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულ 13 ჩეჩენს უახლოეს დღეებში რუსეთის მხარეს გადასცემენ. რუსეთის მხარემ აიღო ვალდებულება,

რომ ექსტრადირებული ჩეჩნები სიკვდილით არ დაისჯებიან, თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთისთვის გადასაცემი ჩეჩნების ხვედრი მძიმე იქნება. იქ მათ ელოდებიან, როგორც გელაევის რაზმის წარმომადგენლებს. თავად გელაევი კი, თავისი დაჯგუფებით, ჩეჩნური წყაროების ცნობით, რუსეთში რუსი სამხედროების ხელშეწყობით გადასულა. ინგუშეთში გელაევის რაზმის გამოჩენას რუსული წყაროებიც ადასტურებენ და, კიდევ, თბილისში ადგენენ იმ 4 შეიარაღებული პირის ვინაობას, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე დააკავეს. დაკავებულები აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში შეღწევას ცდილობდნენ.


ჯერ კიდევ ქართველი სამართალდამცავების ხელში მყოფ ჩეჩნებს რუსეთის მხარე ბრალად უყენებს რუსი სამხედრო პირებისა და პოლიციელების მკვლელობას. მოსკოვსა და ვოლდოგონსკში განხორციელებულ ტერაქტებთან მათი კავშირი არ დასტურდება.

შეგახსენებთ: აგვისტოს დასაწყისში საქართველოს საზღვრის უკანონო დარღვევისთვის დაკავებული ცამეტი ჩეჩენის ექსტრადიციისთვის საქართველოში თავად რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი იმყოფებოდა. არადამაჯერებლად და არასაკმარისად მიიჩნიეს რა მის მიერ ჩამოტანილი დოკუმენტაცია, ჩეჩნების ექსტრადიციაზე უარი ითქვა და, აი, საკითხი გადაწყვეტილია. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან ოფიციალურ დასტურს რუსეთიდან, რომ საქართველოში დაკავებული ჩეჩნები უზრუნველყოფილნი იქნებიან დაცვის უფლებით და რუსეთში მათ წამებას ადგილი არ ექნება. გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი განყოფილების უფროსის პაატა მსხვილიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ექსტრადიციასთან დაკავშირებულ ტექნიკური ხასიათის საკითხებზე. საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოში დაკავებული 13 ჩეჩენის გადაცემაზე წერილობით თანხმობას რუსეთის გენერალურ პროკურატურას ხუთშაბათს გაუგზავნის. ეტაპირების თარიღს რუსეთის მხარე საქართველოს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურთან ერთად დაადგენს. დაკავებული ჩეჩნები კი თავს დამნაშავედ ცნობენ საქართველოს საზღვრის უკანონო დარღვევისა და საქართველოში იარაღის შემოტანის მცდელობის გამო და საქართველოში გასამართლებას ითხოვენ.

ასეა თუ ისე, გენერალურმა პროკურატურამ მათი ბედი უკვე გადაწყვიტა. ქართველი სამართალდამცავები ახლა უკვე საზღვრის სხვა დამრღვევების ვინაობას სწავლობენ.

ქართველი მესაზღვრეების მიერ ახლახან დაკავებული 4 შეირაღებული პიროვნება, რომელთა შორისაც, გავრცელებული ინფორმაციით, არაბებიც არიან, თბილისში გადმოიყვანეს. უშიშროების სამსახურში განმარტავენ, რომ დაკავებულებს თან არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი ვინაობა ანდა ეთნიკური წარმომავლობა დადგენის სტადიაშია. რუსეთის საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დაკავებულები რუსეთიდან საქართველოში შეღწევას ცდილობდნენ. ამ უკანასკნელებმა კი ქართველ სამართალდამცავებთან აღიარეს, რომ, პირიქით, საქართველოდან რუსეთში გადასვლას ლამობდნენ. 25 სექტემბერსვე გავრცელდა ცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ეუთოს დამკვირვებლები დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.
ამ ცნობას რუსეთის მედიაში სათანადო რეზონანსი მოჰყვა. ის, რაღა თქმა უნდა, საქართველოში ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის დამადასტურებელ ცნობად აღიქვეს. სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” კი, ჩეჩნურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსლან გელაევი, თავისი რაზმით, რუსეთში საიდუმლო ოპერაციის წყალობით გადავიდა, რისთვისაც 10 საჰაერო რეისი შესრულდა და თითოეული ამ რეისისთვის რუს სამხედროებს 30000 დოლარი გადაეცათ. მაგრამ, დავუბრუნდეთ ისევ 13 ჩეჩენის ექსტრადიციის საკითხს. არ არის გამორიცხული, ამან ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობა დაძაბოს. საქართველოში იჩქერიის წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი დარწმუნებულია, რომ ჩეჩნების ექსტრადიცია ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG