Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოაკლდება თუ არა დასავლეთის ყურადღება ავღანეთს ერაყზე იერიშის შემთხვევაში?


აშკარაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის გულისყური ახლა ერაყისკენ არის მიმართული. რამდენად რეალურია საშიშროება, რომ ამის შედეგად ყურადღება მოაკლდება სულ ცოტა ხნის წინათ

აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ავღანეთი და იქ მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანია? თავად ავღანეთში ეს კითხვა მეტად მწვავედ დგას. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანამ ერთხელ უკვე გამოსცადა, რას ნიშნავს საყოველთაო ყურადღების ცენტრიდან მის პერიფერიაში გადანაცვლება.

ათი წლის წინათ ავღანეთში დაახლოებით ისეთივე ვითარება სუფევდა, როგორიც დღეს არის: საბჭოთა კავშირის მიერ გაჩაღებული გამანადგურებელი ომი ახალი დამთავრებული იყო; ქვეყანაში აღდგენის პროცესი იწყებოდა; მოსახლეობაც თანდათან უბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებას.

სწორედ ამ დროს საბჭოთა დამპყრობლის დამმარცხებელმა მუჯაჰედინებმა თოფები ერთმანეთს მოუღერეს და ავღანეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც ქვეყანას ახალი ქაოსი და ნგრევა მოუტანა.

დასავლეთის ყურადღება იმ დროს იუგოსლავიაში მიმდინარე დაშლის პროცესისკენ და სომალიში მძვინვარე შიმშილობისკენ იყო მიმართული. მერე ბოსნიის ომიც დაიწყო და ავღანეთი დავიწყებას მიეცა.

თვითონ ავღანელებს დასავლეთისთვის დღემდე ვერ უპატიებიათ განწყობილების ასეთი მკვეთრი ცვლილება, როცა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში აქტიური დახმარება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სრულმა ინდიფერენტულობამ შეცვალა.

დღეს ქაბულში, როგორც რადიო “თავისუღლების” კორესპონდენტი მარკ ბეიკერი იუწყება, სიტუაციის გამეორების ეშინიათ. ქაბულის მერს ანვარ იეკდალეკს კარგად ახსოვს 90-იანი წლების დამდეგის ქაოსური დღეები და განუკითხაობის წლები, რომლებიც მათ მოჰყვა. სიმწარე, რომელიც გასაჭირში მიტოვებულმა ავღანელებმა მაშინ გამოსცადეს, იეკდალეკის ხმაშიც გამოსჭვივის.

[ანვარ იეკდალეკის ხმა] “კომუნიზმის დაცემის შემდეგ ჩვენ უმძიმეს პირობებში მიგვატოვეს, რადგან დასავლეთს თავისი მტერიც დამარცხებული ჰყავდა. იმ დროიდან მოყოლებული, დასავლეთი ყურადღებას აღარ აქცევდა ჩვენი ქვეყნის აღდგენასა და ჩვენი მთავრობის პოზიციის განმტკიცებას.”

შეშფოთებას გამოთქვამენ ავღანეთში მოქმედი ჰუმანიტარული და სხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი აზრით, თუ ავღანეთისადმი ინტერესმა და ყურადღებამ იკლო, დონორი სახელმწიფოები აღარ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს და ამ ქვეყანას შეუსუსტებენ ან სულაც შეუწყვეტენ ფინანსურ დახმარებას. მით უმეტეს, რომ ამ დახმარების გაღებისას დიდი ხალისი არ შეინიშნება. საკმარისია თუნდაც ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: რამდენიმე თვის წინათ, ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე, დონორები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის აღსადგენად ოთხნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფენ. დღეისთვის ავღანეთმა ამ თანხიდან მხოლოდ ნახევარი მილიარდი მიიღო.

ავღანეთის ხელისუფლება მაინც არ კარგავს იმედს, რომ დახმარების წყარო არ დაიშრიტება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს გასულ კვირაში, ვაშინგტონში ყოფნისას უთხრა, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები მას დაპირდნენ, რომ ანტიტერორისტული კამპანია იმ შემთხვევაშიც კი არ შესუსტდება, თუ ვაშინგტონმა ერაყზე მიიტანა იერიში.

აბდულას, ისევე, როგორც გარდამავალი მთავრობის სხვა წევრებს, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეთ. საიდუმლო არ არის, რომ კარზაის მთავრობის უფლებამოსილება მხოლოდ დედაქალაქ ქაბულსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება. ქვეყნის ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი პროვინციების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა რეგიონული საველე მეთაურების ხელშია.

ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება მიზანი, რომელიც ჰამიდ კარზაის ამოძრავებს. [ჰამიდ კარზაის ხმა] “ჩემი მთავარი მიზანია, მივაღწიო ქაბულში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ყოფნის გახანგრძლივებას და ამ ძალის განთავსებას სხვა პროვინციებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიო ზურგს აღარ შეაქცევს ავღანეთს, რომ მსოფლიო და საერთაშორისო თანამეგობრობა გასაჭირში არ მიგვატოვებენ.”

ჰამიდ კარზაის თქმით, შეერთებულ შტატებში მისმა ბოლო ვიზიტმა დაარწმუნა იგი, რომ უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალთა მოქმედების გაფართოებისადმი დასავლეთის დამოკიდებულება თანდათან იცვლება. “ვაშინგტონი გაფართოების წინააღმდეგი აღარ არისო”, ამტკიცებს ავღანეთის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG