Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ არის საკმარისი ერაყის მიმართ შეკავების პოლიტიკის გატარება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოაქვეყნა დოსიე, რომელშიც ნათქვამია, რომ ერაყს 45 წუთის განმავლობაში შეუძლია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მზადყოფნაში მოყვანა.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, თუ სადამი მოახერხებს უცხო წყაროებიდან საჭირო კომპონენტების შეძენას, მის შესაქმნელად მას მხოლოდ ორი წელი დასჭირდება.

შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვს მკაცრი რეზოლუციის მიღებას, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ თუ ბაღდადი არ მისცემს განიარაღების ინსპექტორებს ნებისმიერი ობიექტის შემოწმების ნებას, ერაყის წინააღმდეგ ძალა იქნება გამოყენებული.

ბევრი არ ეთანხმება შეერთებულ შტატებს, და მიაჩნია, რომ საკმარისია ერაყის მიმართ შემაკავებელი პოლიტიკის გატარება და რომ ომი მის წინააღმდეგ ყველაზე უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ეს მეთოდი 45 წლის განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაშიო, ამბობენ შეერთებული შტატების პოზიციის კრიტიკოსები.

მაგრამ, როგორც აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შემსწავლელი სებანის ცენტრის დირექტორი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ანალიტიკოსი ერაყის საკითხებში კენეთ პოლაკი, ეს კრიტიკოსები გამოიდიან იქიდან, რომ სადამი არ გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ვინაიდან ეს მისი და მისი რეჟიმის აღსასრული იქნებაო.

ეს აზრი არ ითვალისწინებს იმას, რომ სადამის მოქმედებები ხშირად მოუფიქრებლი და საკუთარი თავის საზიანოა. ის ხშირად უგულებელყოფს გარეშე ფაქტორებს და ყურს უგდებს მხოლოდ იმ მრჩევლებს, რომელთა აზრი მისას ემთხვევა.

ევგენი პრიმაკოვი იხსენებს: 1991 წელს ის რუსეთის წარგზავნილის როლში შეხვდა ჰუსეინს და სცადა მისი დარწმუნება, რომ საჭიროა ქუვეითიდან უკანდახევა. პრიმაკოვი გააკვირვა, რამდენად შორს იყო ერაყის პრეზიდენტი რეალობისგან: “მე მივხვდი რომ ჰუსეინი არ ფლობს სრულ ინფორმაციას. ის პრიორიტეტს პოზიტიურ ცნობებს აძლევდა, ცუდი ამბის მომტანს კი ეს ძვირად უჯდებოდაო,” წერს პრიმაკოვი.

პოლაკს მოჰყავს სადამის დაუფიქრებელი ნაბიჯების მთელი სია.

1974 წელს ის დაესხა თავს ქურთებს, იმის გაუთვალიწინებლად, რომ ქურთებს ირანი დაუჭერდა მხარს. შედეგად, იმის შიშით, რომ ირანის ინტერვენცია ბოლოს მოუღებდა მის მმართველობას, სადამს მოუხდა ალჟირის დამამცირებელი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელიც ტერიტორიულ დათმობებსაც ითვალისწინებდა.

1980 წელს მან ჩათვალა, რომ ისლამური რესპუბლიკა იმდენად არაპოპულარულია ირანში, რომ მისი დამხობა ერთი დარტყმით შეიძლება, ჩაება ომში, რომელმაც კინაღამ მისი საკუთარი რეჟიმი დაამხო.

ბოლო მაგალითია 1991 წლის სპარსეთის ყურის ომი. თუმცა მაშინ სადამი ძლივს გადარჩა, ბაღდადი დღემდე არწმუნებს მოსახლეობას, რომ ომში გაიმარჯვა და გამარჯვების აღლუმებსაც მართავს.

პოლაკი დარწმუნებულია, რომ თუ სადამი ჩაიგდებს ხელში ბირთვულ იარაღს, გამოიყენებს მას თავისი სამი მთავარი მიზნის მისაღწევად: მოიპოვოს დომინანტური როლი არაბულ სამყაროში, გაანადგუროს ისრაელი და დასაჯოს ამერიკა.

ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებისთვის კიდევ ერთი არგუმენტი მოიყვანა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების სფეროში, კონდოლიზა რაისმა ამერიკის ტელეარხ PBS-ით გამოსვლისას თქვა, რომ აქვს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ არსებობს კავშირები “ალ ყაიდასა” და ბაღდადს შორის და პირობა დადო, რომ მოგვიანებით დეტალებს გამოაქვეყნებს.

უწინ გავრცელებული იყო აზრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ალ ყაიდა” და სადამი ორივე შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეა, მათი მოტივები განსხვავდება. მაშინ, როცა სადამი სეკულარული რეჟიმის მომხრეა, ბინ ლადენს ისლამური იდეები ამოძრავებს.

რაისის თქმით, ცნობები მათ შორის კონტაქტების შესახებ მიღებულ იქნა ალ ყაიდის დატყვევებული წევრებისგან.
XS
SM
MD
LG