Accessibility links

logo-print

ჩეჩენმა მებრძოლებმა საქართველო დატოვეს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 სექტემბერს საომარმა მოქმედებებმა ჩეჩნეთიდან მეზობელ ინგუშეთში გადაინაცვლა, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკება ფედერალებსა და დაუდგენელ შეიარაღებულ პირებს შორის.

რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ჩეჩენი ბოევიკები რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიიდან გადმოვიდნენ და რომ ამაში ხელი მათ ოფიციალურმა თბილისმა შეუწყო.

86 მოკლული. მათგან 12 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 76 ჩეჩენი მებრძოლი – ასეთია ინგუშეთის სოფელ გალაშკასთან გამართული ორდღიანი შეტაკების შედეგი. რუსეთის მხარის ცნობით, მოკლულთა შორის არიან დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები. უკვე გაირკვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ვინაობა – ეს სკოტ გერვეის როდრიგ ჯონი აღმოჩნდა, ტელეკომპანია “ფრონტლაინის” ჟურნალისტი, რომელსაც პასპორტში საქართველოს ვიზა აღმოუჩინეს. ანუ მოკლული ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში და შემდეგ ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად გადავიდა ინგუშეთში. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მოქალაქის ვინაობა. რუსეთის მხარის მიერ გავრცელებული ცნობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მოკლული სტუდენტია.
რუსეთის მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თავად შეიარაღებული ჯგუფის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. ერთი ინფორმაციით, ეს ლეგენდარული საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმია და თავად მოუხელთებელი გელაევიც ალყაშია მოქცეული. მეორე ინფორმაციით, 300 კაციან რაზმს ვინმე აბდულ-მელიქი ხელმძღვანელობს. რუსეთის წყაროების ცნობით, აბდულ-მელიქი - რუსეთის მოქალაქე ვიტალი სმირნოვია, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მიიღო ისლამი და მას შემდეგ ხატაბის ერთ-ერთ დაახლოებულ პირად ითვლება. ამავე წყაროების ცნობით, სწორედ აბდულ-მელიქმა ჩამოაგდო 26 სექტემბერს ინგუშეთში სამხედრო ვერტმფრენი მი-28.
ერთში კი ყველა რუსული წყარო იდენტურია: ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან პანკისის ხეობის დატოვების შემდეგ გადავიდნენ. ამ ფაქტს, რომ ჩეჩენმა ბოევიკებმა საქართველო დატოვეს, არც საქართველოს მხარე უარყოფს. საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით:
[ლაშა ნაცვლიშვილის ხმა] “ ჩვენ მიზანმიმართულად ვიშორებთ დაუპატიჟებელ, არასასურველ შეიარაღებულ სტუმრებს, რუსეთიდან რომ გვესტუმრნენ. ბუნებრივია სურვილი, დაბრუნდე სამშობლოში და ამას ხელს არ ვუშლით. თუ ისინი სამშობლოში იმყოფებიან და თუ ამისთვის რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადალახეს, ეს, პირველ რიგში, რუსეთის პრობლემაა – და ჩვენ მზად ვართ, იმ საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის.”


სხვათა შორის, ზოგიერთი რუსი სამხედროს მტკიცებით, ინგუშეთში აღმოჩენილ ბოევიკთა რაზმებთან შეტაკება კარგ საბაბად შეიძლება იქცეს საქართველოზე თავდასხმის ოპერაციის დასაწყებად. მართალია, ის ადგილი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, საქართველოს საზღვრიდან უფრო შორსაა, იმავე ვლადიკავკაზთან შედარებითაც კი, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, ჩეჩენი მებრძოლების დევნის პროვოცირება რუსეთს არ გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG