Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა დაიცვან კალინინგრადის ოლქის მოქალაქეთა უფლებები


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში

მოხვედრილი ამჟამინდელი კალინინგრადის ოლქის, უწინდელი აღმოსავლეთ პრუსიის , ისტორია დაიწყო მეცამეტე საუკუნეში,როცა აქ გერმანელთა ორდენი დაფუძნდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, კიონიგსბერგად წოდებული ქალაქი გერმანული კულტურისა და სულიერების, ასევე, პრუსიული სახელმწიფოებრიობის ერთ- ერთი ცენტრი იყო. შეგახსენებთ, რომ იქ არსებული, ომის შემდგომ გაუქმებული, უნივერსიტეტი, განსაკუთრებით არის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ემანუილ კანტის გამო. ქალაქი კიონიგსბერგი 1945 წლის 9 აპრილს დანებდა საბჭოთა არმიას ბელორუსიის მესამე ფრონტის შეტევის დროს. გენერალმა ოტო ლაშმა დანებება ამჯობინა, თუმცა ამან ვერ უშველა: კიონიგსბერგი არნახული ძარცვისა და ძალადობის არენად იქცა. მოვიყვან ბრიტანელი ისტორიკოსის ალბერტ სიტონის სიტყვებს, რომელიც მან კიონიგსბერგში რუსეთის არმიის შეჭრასთან დაკავშირებით თქვა: ეს იყო მაგალითი ყველაზე უფრო დიდი ბარბაროსობისა და სისასტიკის. ოლქი 15 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. პოტსდამის კონფერენციაზე, ომში გამარჯვებული სახელმწიფოების შეკრებაზე, სადაც საბოლოოდ გადაწყდა გერმანიის ბედი, ის რუსეთს, მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რუსეთის ფედერაციას, არგუნეს. კიონიგსბერგის ოლქის მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომვე იქ ჩასახლებული რუსებისგან შედგება. ახლა ეს ხალხი უცნაურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან სულ მალე, მიმდებარე ქვეყნების - პოლონეთისა და ლიტვის - ევროპის კავშირში მოსალოდნელი გაერთიანების შემდეგ, ის საბოლოოდ მოწყვეტილი აღმოჩნდება თავისი ქვეყნის ძირითადი ტერიტორიისგან. ამგვარი გარემოცვის გამო პრინციპულად იცვლება რუსეთის ამ ნაწილის სტატუსი. ევროპის კავშირის წევრებს, მათ შორის დადებული შენგენის ხელშეკრულების თანახმად, ერთმანეთში უვიზო, თავისუფალი მიმოსვლა ექნებათ. კალინინგრადის მცხოვრებნი კი შენგენის ქვეყნების ვიზის გარეშე მოსკოვსა და პეტერბურგშიც ვერ წავლენ,. ისტორია რომ პარადოქსებითაა სავსე, კიდევ ერთხელ დასტურდება ახლა, როცა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმედი გაუჩნდა, რომ კანცლერი წაეშველება რუსეთს კალინინგრადელთა უფლებების დაცვის საქმეში. მათი უფლებები კი, ცხადია, დაირღვევა, რადგან არ ექნებათ საკუთარ სახელმწიფოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. შენგენის ქვეყნების ვიზა კი არც ისე იოლი მისაღებია და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძნელდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რუსეთის ამ მოქალაქეთათვის გამოსავლის მოძებნის გზები. რუსეთის წარმომადგენელმა იარიგინამ ეს საგანგებოდ აღნიშნა თავის გამოსვლაში.
[იარიგინას ხმა]:
“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ კალინინგრადი, მართლაც, საერთო საკითხია, საკითხია კომპრომისისა, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა უფლებების, ადამიანთა უფლებების და, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეთა უფლებების პატივისცემას”.

ევროპული რეალობის პარადოქსია, რომ ასეთი პრობლემა ჩნდება. მაგრამ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ადვილად შეუძლიათ კანონის დარღვევა, ახლაც პრობლემებს უქმნიან ლიტვასა თუ პოლონეთს. თავის მხრივ, ასეთსავე პრობლემას წარმოადგენენ დღევანდელი ევროპის კავშირისთვის როგორც პოლონელი, ასევე სხვა ყოფილი სოციალისტური ქვევნების, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, მოქალაქეები. და ამიტომაც ევროპის ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ გაართულონ მათი იქ ჩასვლა. რუსეთის პრეზიდენტი შემთხვევით არ ხარობდა სოციალ -დემოკრატების გამარჯვებით გერმანიის არჩევნებში. ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან- სოციალისტური პარტიის კავშირს ბევრად უფრო მკაცრი კანონის შემოღება სურდა გერმანიაში უცხოელთა შესვლისა თუ მათი იქ ყოფნის თაობაზე. კალინინგრადის პრობლემა მხოლოდ სამომავლო პრობლემა არ არის. ეს ითქვა ევროპის საბჭოს შეხვედრაზეც.შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მუქარის შესახებაც იმსჯელეს. რუსეთის დელეგაციას, საქართველოს საკითხთან ერთად, კალინინგრადის ოლქის გამოც უწევდა ბრძოლა და სულ მთლად წარმატებული არც ამ ფრონტზე ყოფილა. დელეგაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი რაგოზინმა ერთ-ერთ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა, კალინინგრადის თემის განხილვაზე დელეგაციის ხელმძღვანელს გამოსვლის საშუალება არ მისცესო. რაგოზინი, ლაპარაკობს რა ადამიანის უფლებების დაცვაზე, კალინინგრადის პრობლემას ჰუმანიტარულ პრობლემად მიიჩნევს. რუსეთი ცდილობს ამ ოლქს რამენაირად მიხედოს. ამასთან დაკავშირებით, მოსკოვი თავისი წინადადებებით გამოვიდა სტრასბურგში და ერთ-ერთმა მომხსენებლმა, ლიტვის პარლამენტის დეპუტატმა სიგიტა ბურბიენემ, კიდეც შეაქო რუსეთის პოზიცია:
[ბურბიენეს ხმა[
“რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული წინადადება სამხედრო მრეწველობის შეკვეცის ხარჯზე კალინინგრადის ოლქის გარდაქმნისა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მისი გადაქცევის შესახებ კიდევ ერთი მისასალმებელი ნაბიჯია”.

რუსეთი, პოლონეთი და ლიტვა ერთხმად მოუწოდებენ ევროპის თანამეგობრობას, დაეხმაროს რუსეთს კალინინგრადის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. რუსეთს დიდხანს ენანებოდა კალინინგრადის მძლავრი სამხედრო ინფრასტრუქტურის დაშლა, მაგრამ ახლა, ეტყობა, გადაწყვიტა, ცივი ომის დასრულების ნიშნად, შეელიოს მას.
ევროპის საბჭოს რეზოლუცია ამ თემაზე საინტერესო პასაჟს შეიცავს, კერძოდ, რომ კალინინგრადის ოლქის მოქალაქეთა გადაადგილების რეჟიმი ევროპის კავშირში პოლონეთისა და ლიტვის შესვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამასთან, წერია რეზოლუციაში, იოლი ვიზების რეჟიმი ხელს არ უნდა უწყობდეს საზღვრისპირა დამნაშავეობის ზრდას. ეს დამნაშავეობა კი გაიზრდება, თუკი მართლაც არაფერი ეშველა კალინინგრადელთა მატერიალურ მდგომარეობას. დაბოლოს, ისევ რაგოზინს მოვიშველიებ. მისი თქმით, რუსეთის მიმართ ევროპის კავშირის კრიტიკული რეზოლუციები ძალიან კონკრეტულია ხოლმე, კეთილგანწყობილი რეზოლუციები კი - აბსტრაქტული.
და კიდევ ერთი: ლიტვისავე წარმომადგენელმა, ამჟამად პარლამენტარმა, ამ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა, რომელსაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს მოსკოვთან ურთიერთობისა, ასეთი პოზიცია გამოხატა: რუსეთის მხარე ცდილობს მეზობლებს - ლიტვას და პოლონეთს- თავისი პირობები მოახვიოს თავს და სურს, რომ მომავლისთვისაც შეინარჩუნოს მათზე ზეწოლის შესაძლებლობები.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG